"ძალისმიერი დიეტა ორგანიზმის დამანგრეველია" - კვირის პალიტრა

"ძალისმიერი დიეტა ორგანიზმის დამანგრეველია"

"სიტყვა "დიეტამ", ბოლო წლებია, ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს ის ძალისმიერ მეთოდებთან ასოცირდება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი და ჩვენს ინტერვიუში დიეტის მნიშვნელობასა და არსს განგვიმარტავს, მიგვითითებს კვებისას დაშვებულ შეცდომებზეც.

- დიეტა არის სწორი, ცოდნაზე დაფუძნებული, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს კვების ისეთ რეჟიმს, რომელიც შეესაბამება ადამიანის ჯანმრთელობას, სქესს, ასაკს, საკვების ქიმიურ თავსებადობას, სეზონურობას, კულინარული დამუშავების წესებს და ა.შ. მაგრამ სიტყვა "დიეტამ", ბოლო წლებია, ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს ის ძალისმიერ მეთოდებთან ასოცირდება.

- როგორ ვიკვებოთ სწორად? - ეს არის ინდივიდუალურად შესარჩევი კვების რაციონი იმის გათვალისწინებით, რამ გამოიწვია ჭარბი წონა. ალბათ, ხშირად გაგიგონიათ: როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას, სიმსუქნეს, ან ნებისმიერ სხვა დაავადებას. არცერთ დაავადებასთან ბრძოლა მიზანშეწონილი არ არის. ნებისმიერ დაავადებას სჭირდება მკურნალობა, მკურნალობას კი განსაზღვრავს დაავადების გამომწვევი მიზეზი. უნდა განვსაზღვროთ გენეტიკური ფაქტორიც, ოჯახური კვებითი ტრადიციაც, საკვების მომზადების წესიც. დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტების ქიმიურ თავსებადობას. შეიძლება ცალკე ერთი პროდუქტი სასარგებლო იყოს, მაგრამ სხვებთან ერთ ჭურჭელში მოთავსების შემდეგ მათმა არათავსებადობამ სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.

სიტყვა "დიეტა" რატომღაც ასოცირდება შიმშილობასთან. ეს იმ დიეტოლოგების ბრალია, ვინც ადამიანებს აშიმშილებს, ვინც მათ ეუბნება, რომ უნდა მიირთვან 150 გრამი, ან კალორიები ითვალონ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ, რომ როგორი მომთმენი, მოწესრიგებულიც უნდა იყოს ადამიანი, ორგანიზმი არ მოგცემს მთელი ცხოვრება შიმშილის უფლებას. უჯრედები დაიწყებს შიმშილს, გადაგვარებას და ამას სხვა დაავადებები მოჰყვება.

\არ შემიძლია არ შევეხო იმ ე.წ. დიეტებს, რომლებიც პირდაპირ ძალისმიერია, მაგალითად, დუკანის დიეტა, კეტოდიეტა და კიდევ ათასი. ეს არის მხოლოდ ორგანიზმის დამანგრეველი, დროებით ეფექტებზე გათვლილი და კომერციული შეთავაზება. ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა ეს, დიდი თანხაც დახარჯეს და ორგანიზმიც დაიზიანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი არა მარტო პირვანდელ წონას დაუბრუნდნენ, არამედ მეტიც მოიმატეს, თანაც იმუნიტეტი დაიქვეითეს. დიდი რაოდენობით ცილების მიღებას და ნახშირწყლების სულ ამოღებას რომელმა ექიმმა შეიძლება ხელი მოაწეროს? ორგანიზმს ცილებიც სჭირდება, ნახშირწყლებიც, ცხიმებიც. წონის დაკლების მილიონი საშუალება არსებობს. მთავარია, ამით იჯანმრთელებ ორგანიზმს თუ იზიანებ და ეს სამუდამოა თუ დროებითი.

- ძალიან პოპულარულია ე.წ. 18-საათიანი დიეტა. ამ დიეტას როგორ შეაფასებთ? - მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზეა გათვლილი. როგორ შეიძლება საღამოს 6 საათიდან მეორე დილის 12 საათამდე არაფერი მიიღო?! წარმოგიდგენიათ, ამ დროს ნაღვლის ბუშტი რა მდგომარეობაშია?! იწყება ნაღვლის შეგუბება, შეგუბებული ნაღვლის შედეგად კი უამრავი დაავადება ჩნდება. დღეს და ხვალ არა, მაგრამ თუ ეს სისტემატურ ხასიათს მიიღებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ორგანიზმს კარგი დღე არ დაადგება. თუ გარკვეული პერიოდი დაიცავთ ამ დიეტას და მერე ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდებით, ორგანიზმი წონის მატებას დაიწყებს, ამიტომ ასეთი რადიკალური მიდგომა საჭირო არ არის. უნდა მიირთვათ დილის 9-ზე, მერე - 12-ზე, მერე - 3-ზე, მერე - 6-ზე, საღამოს 9-ზე კი სასურველია კომპოტი, კეფირი ან მაწონი, მოთუშული ვაშლი, ან მოხარშული გოგრა.

- არსებობს მადის დამაქვეითებელი პროდუქტები? - ყველაზე კარგი მადის დამაქვეითებელი არის სწორი კვება. როდესაც მომმართავს ჭარბწონიანი პაციენტი, ის ელოდება, რომ ვეტყვი, ორი ლუკმა შეჭამე, ან ამდენი აწონე-მეთქი, მაგრამ მე ვუნიშნავ კონკრეტულ რეჟიმს, კონკრეტულ საკვებს და თან ვასწავლი, ის როგორ უნდა მოამზადოს. ეს საკვები არის ძალიან გემრიელი. დიეტის დროს გემოვნების არცერთი რეცეპტორი არ უნდა იყოს დარღვეული. თუ დაირღვა გემოვნების რეცეპტორები, ახალი დაავადებები აიღებს სათავეს. ამიტომ ვეკითხები: მიირთმევ ტოლმას? მაშინ მე გასწავლი, ის სწორად როგორ უნდა მოამზადო, მაგრამ გთხოვ, იმდენი ჭამე, რომ არათუ დანაყრდე, არამედ გაძღე. ამ სიტყვისთვის ბოდიშს ვუხდი ხოლმე, მაგრამ ამით მინდა გავაგებინო, რომ პირველივე დღეებში მხოლოდ დანაყრება სწორი არ არის. უკვირთ, ამდენი თუ შევჭამე, ხომ უფრო გავსუქდებიო, მაგრამ ჩემი პასუხია: არა!"იმ რაოდენობის საკვებს იღებენ, ისეთი ქიმიური თავსებადობით სწორად მომზადებულს, რომ დამშეული უჯრედები ნელ-ნელა კმაყოფილდება და ბევრის ჭამის სურვილი უქრებათ. როდესაც ორგანიზმი დაკმაყოფილებულია, ის თავის ტვინს გადასცემს სიგნალს, რომ არის მაძღარი, მაგრამ როდესაც კომუნიკაცია მყარდება მხოლოდ ტვინსა და კუჭს შორის, კუჭი უცებ ინელებს საკვებს და ტვინს აწვდის სიგნალს, რომ ორგანიზმს ისევ შია.

- ჩვენ გვასწავლით ტოლმის სწორად მომზადებას? - როგორ არა. გავთუთქოთ კომბოსტოს ფოთლები. ხორცთან ერთად გავატაროთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი (უმი), ხახვი, ნიორი, მწვანილები და სუნელები გემოვნებით. მთავარი ის არის, რომ ფარშს არ ვუმატებთ ბრინჯს. მას ბოსტნეულით ვანაცვლებთ. ყაბაყი ხორცს არბილებს. თუ ყაბაყი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბადრიჯანი. ეს ყველაფერი შევაზავოთ, მოვხარშოთ და მივირთათ, რა თქმა უნდა, უპუროდ. ხორცთან ერთად პური არ შეიძლება - ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ პური შედის ჩვენს დღის რაციონში. მას მივირთმევთ მხოლოდ ბოსტნეულის კერძთან.

რატომ იქმნიან დისკომფორტს, რატომ შიმშილობენ, არ მესმის, როცა სწორი კვების რეჟიმით, საკუთარ ჯანმრთელობაზე მორგებული საკვებით არც შიმშილობა მოგვიწევს და შედეგსაც მივიღებთ.