"ჩვენებაზე მისული, თვითონ ვხდები უამრავი ფოტოგრაფის ინტერესის ობიექტი - მაჩერებენ და პოზირებას მთხოვენ"
მილანის, პარიზის, ნიუ-იორკის მოდის კვირეულების ხშირი სტუმარი მატა ცერცვაძე ქართული ბრენდის, Matassi-ის, დამფუძნებელია, თუმცა მოდის კვირეულებს ის, დიზაინერის გარდა, ფოტოხელოვანის რანგშიც სტუმრობს. 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა "სთრით სთაილი", იგივე ქუჩის სტილი, მატას ფოტოობიექტივის სამიზნეა. მოდის კვირეულებზე ჩვენების წინ არაერთი ცნობილი სახე აღმოჩენილა ქართველი ფოტოხელოვანის ობიექტივში. როგორია ცხოვრება მოდის კვირეულებზე და რატომ არის მნიშვნელოვანი "სთრით სთაილი", ამ კითხვებზე მატა ცერცვაძე გვპასუხობს.
- ბავშვობიდან ვხატავდი, მოდის ჟურნალების თვალიერება პატარაობისას ჩემთვის ყველაზე კარგი გასართობი იყო, მერე კი თოჯინებისთვის სამოსის შეკერვა დავიწყე. დედა და დეიდა კარგად ხატავდნენ, ასე რომ, ბავშვობიდან გამიტაცა ამ სფერომ. ისე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.

- თქვენს ბრენდზე, Matassi-ზე გვიამბეთ.
- აკადემიის მაგისტრატურაში სწავლისას დავაარსე ჩემი ბრენდი და სწავლის პარალელურად ვმონაწილეობდი მოდის კონკურსებში. ერთ-ერთ მათგანში - Be-Next-ის კონკურსში გავიმარჯვე და მოვიპოვე მილანის ცნობილ აკადემიაში სწავლის გრანტი. სწორედ იქ ვისწავლე მოდის მარკეტინგი. მილანში სწავლის შემდეგ სისტემატურად ვამზადებ კოლექციებს. ჩვენებები მქონდა Mercedes-Benz Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში და ბრენდი უკვე იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთაც. "მატასი" გამოირჩევა ფერადოვნებით, ასიმეტრიული ფორმებით, მიყვარს განსხვავებული ფაქტურების შეხამება.
- ფოტოგრაფიამაც გაგიტაცათ. როგორც ვიცი, 2015 წლიდან იღებთ "სთრით სთაილს".
- 2010 წელს გავიმარჯვე ფოტოკონკურსში "ინტერნაციონალური მემკვიდრეობა" და ჩემი ფოტო მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებთან ერთად დაიბეჭდა. ამის შემდეგ თავდაჯერება მომემატა... იმავე წელს მოდის კვირეულზე დასწრებისას თავად აღმოვჩნდი "სთრით სთაილის" ფოტოობიექტივში და ჟურნალმა "სითიმ" ეს ფოტო დაბეჭდა კიდეც. 2015 წელს მილანში fashion week-ზე დასწრებისას საბოლოოდ მოვექეცი მოდის ფოტოგრაფიის გავლენის ქვეშ - სტილის მრავალფეროვნება, ინდივიდუალიზმი, მოდის სიახლეები, წარმოუდგენელი მასშტაბურობა და საზეიმო განწყობა ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისა და დიზაინერისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

- "სთრით სთაილის" გადაღებებიდან რომელს გამოარჩევდით? - ამ სეზონზე მომეცა საშუალება ჩვენების წინ პირადად გამეცნო ამერიკელი დიზაინერი რიკ ოუენსი და ფოტოებიც გადავუღე. ყოველთვის საოცარ პერფორმანსებს აწყობს და მისმა ჩვენებამ ამჯერადაც აღაფრთოვანა სტუმრები. ყოველთვის საინტერესოა ქუჩის მოდის გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლეგენდარული ბრენდების ჩვენებები იმართება, რადგან უამრავი სტუმარი ჩამოდის: ჰოლივუდის ვარსკვლავები, მსახიობები, მუსიკოსები, ინფლუენსერები თუ მოდის სფეროს სხვა წარმომადგენლები და თუ ადგილიც ხელს გვიწყობს, "სთრით სთაილის" გადაღება ძალიან საინტერესო გამოდის. უკვე ხშირად ხდება და მივეჩვიე, რომ ჩვენებაზე მისული როდესაც გადაღებას ვაპირებ, თვითონ ვხდები უამრავი ფოტოგრაფის ინტერესის ობიექტი - მაჩერებენ და პოზირებას მთხოვენ. ვაღიარებ, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა. შევხვედრივარ ჩემთვის საყვარელ და გემოვნებიან მოდელებსა თუ ბლოგერებს: გალა გონზალესს, ჯეან დემას, ალესანდრა დადარიოს, ნატაშა პოლის. ასევე გამოვარჩევდი მოდის კრიტიკოს სუზი მენკესს, ვისი კომპლიმენტებიც ყველაზე მეტად მახარებს.

- როგორია "სთრით სთაილის" გავლენა მოდის ინდუსტრიაზე? - "სთრით სთაილი" ერთ-ერთი გზაა მოდის ტენდენციების დასამკვიდრებლად. შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენების პრელუდიაა. ახალ კოლექციებს საზოგადოება არა მარტო კოლექციის წარდგენისას ეცნობა, არამედ ჩვენებაზე მისული სტუმრებისგანაც. მაგალითად, წელს ბრენდ "მიუ-მიუს" ჩვენებაზე სტუმრების დიდი ნაწილი უკვე ახალი კოლექციით იყო შემოსილი, არადა, ჩვეულებრივ, სტუმრები წინა წლის კოლექციებით იწონებენ ხოლმე თავს.
- რა არის საჭირო, რომ დიზაინერმა მუდმივად შეძლოს საინტერესო კოლექციის შექმნა? - მუდმივი მუშაობა! მუშაობა საკუთარ თავზე, კონცეფციაზე, დეტალებზე, ორგანიზებაზე, იდეის განხორციელებაზე! მოდის სფეროში გაჩერება აკრძალულია - ეს გამუდმებით ინსპირაციის ძიებისა და სულიერი განვითარების პროცესია. შთაგონების წყაროს მოგზაურობისას პოულობ ან რომელიმე ისტორიული მოვლენა ეპოქის გაღვიძებისკენ გიბიძგებს, წიგნის კითხვისას მიღებული შთაბეჭდილება ემოციებს აღძრავს და სულიერ საზრდოს გმატებს. ეს ყველაფერი გეხმარება, იყო საინტერესო!

- რომელია თქვენი საყვარელი ბრენდი? - მომწონს სხვადასხვა კონცეფციისა და სტილის დიზაინერები: ენნ დემაულმესტერი თავისი ბოჰემური კოლექციებით, სიმონ როქა და სესილი ბეჰანსონი ბრენდისათვის დამახასიათებელი ფორმებითა და ფაქტურებით შექმნილი ინდივიდუალური კოლექციებით, ჯილ სანდერის მინიმალიზმი, ლოევის განუმეორებელი აქსესუარები და, რა თქმა უნდა, ირის ვან ჰარპენის ჰაეროვნება.

- ქართული მოდის ინდუსტრიაში რას შეცვლიდით ან რას ისურვებდით? - ვისურვებდი, მეტი ხელშეწყობა და ყურადღება ჰქონდეს სახელმწიფოსგან, რადგან ქართულ მოდას კარგი პოტენციალი აქვს. გვყავს ბევრი საინტერესო და ნიჭიერი დიზაინერი, რომელთა მიმართ ინტერესი დიდია.
ნინო წიფურია