ლანჩხუთელი ჰაჩიკო - კვირის პალიტრა

ლანჩხუთელი ჰაჩიკო

მსოფლიო იცნობს ჰაჩიკოს, იაპონურ აკიტას, რომელიც გარდაცვლილ პატრონს წლობით, სიცოცხლის ბოლომდე, რკინიგზის სადგურზე, ლიანდაგთან ახლოს ელოდა. ძაღლის ეს ჯიში პატრონის უსაზღვრო სიყვარულის გამო ერთგულების სიმბოლოდ იქცა და იაპონიამ ეროვნულ სიმდიდრედ აღიარა, რომელსაც უფრთხილდებიან და ხელს უწყობენ ჯიშის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად. ეროვნულ სიმდიდრეს არამხოლოდ სამშობლოში, ქვეყნის გარეთაც უფრთხილდებიან და იცავენ, რისთვისაც არაერთი ორგანიზაციაა შექმნილი, თუმცა ასეთი დაცვა ჯერ ვერ შეეხო საქართველოში მცხოვრებ აკიტებს, რომელთა ბედი თანდათან ემსგავსება ჩვენთან მცხოვრები სხვა ჯიშიანი ძაღლების ყოფას. უკვე გამოჩნდა ქუჩაში გამოგდებული, მიტოვებული და შიმშილით სიკვდილის პირას მისული აკიტა.

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებელმა სოსო ლომინაშვილმა გურიაში, ლანჩხუთთან ახლოს, ისევე, როგორც ცნობილ ფილმშია, ლიანდაგთან მობინადრე იაპონური აკიტას ფოტო გაავრცელა. სოსო იხვეწებოდა, უპატრონობისა და მძიმე გარემოში ცხოვრებისგან გაუბედურებული, მაგრამ მაინც უზომოდ ლამაზი ძაღლი ვინმეს შეეფარებინა, რადგან მას შინ ჩემსავით ჰყავს ხვადი აკიტა და ორი ერთი სქესის ზრდასრული ძაღლის ერთად ყოფნა გამორიცხულია. მოსვენება დავკარგე. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - ლანჩხუთელი აკიტა სასწრაფოდ თბილისში ჩამომეყვანა, მიმეხედა და გამეჩუქებინა. ძუ აკიტას პატრონმა გიორგი ლომსაძემ შემომთავაზა, ძაღლს შევიფარებ და თუ ჩემი იუკი მიიღებს, ჩემთანვე დავიტოვებო. რადგან ლანჩხუთელის ხასიათი არ ვიცოდით, ძნელი იყო, წინასწარ განგვესაზღვრა, როგორ მოიქცეოდა სხვა ძაღლთან, თუნდაც ძუსთან.

ლანჩხუთელი ჰაჩიკოს ჩამოსაყვანად მე და სოსო ლომინაშვილის მეუღლე ანა ავსაჯანიშვილი წავედით. მანამდე ძაღლის მოძებნასა და ერთ ადგილზე გაჩერებაში დახმარება ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს ვთხოვეთ, რომელმაც ძაღლი მალევე იპოვა და დროებით შემფარებელთან დატოვა... ჰაჩიკო ძალიან ჭკვიანი და ალერსიანი ცუგა აღმოჩნდა.

რა მოხდა შემდეგ? ამაზე თვითონ გიამბობთ.

ოთხი თათის დოსიე

სახელი - ლანჩხუთელი ჰაჩიკო. ასე მეძახიან, ერთი კვირაა. მანამდე ჩემს დანახვაზე ამბობდნენ, გადი, ძაღლო. რა იყო უფრო ადრე? არ მახსოვს. ქუჩაში დავივიწყე, რა მერქვა, რა ერქვათ ჩემს პატრონებს, სად ვცხოვრობდი. ძალიან ძნელია მოგონებებთან ერთად იცხოვრო ქუჩაში, მით უფრო, თუ შენი სახლში ყოფნა აღარ ისურვეს, ან დაიკარგე და არავის უძებნიხარ. ასეთ დროს თუ მოგონებებით იცხოვრებ, ვერ მოასწრებ აიცილო ალიყური, რომელსაც ცხოვრება წარამარა გითავაზებს.

წარმოშობა - იაპონური აკიტა. დავიბადე საქართველოში. ჩემს ისტორიულ სამშობლოში ძაღლებს ძეგლებს უდგამენ. ადამიანს ძაღლის ყოლის უფლებას არ აძლევენ, თუ მის შესანახავად პირობები არ აქვს. გათვლილია, ძაღლს რამხელა ფართობი სჭირდება, თუმცა ძაღლის ბედნიერებისთვის ფართობი მნიშვნელოვანია არა სახლსა და ეზოში, არამედ პატრონის გულში. ზოგიერთ ძაღლს უმართლებს, ისინი პატრონის მთელ გულს ეპატრონებიან. მე არ გამიმართლა. საქართველოში თუ უყვარხარ, ცუგას გეძახიან, თუ ეზედმეტები - ძაღლს, ყველაზე ცუდი ცხოვრების სინონიმი კი ძაღლური ყოფაა, რომელიც კარგად გამოვცადე.

ასაკი - ვეტერინარები და კინოლოგები ვარაუდობენ, რომ სამიდან ხუთ წლამდე ვარ. რომ გენახეთ, რას ვგავდი, როდესაც კეთილმა ადამიანებმა შემამჩნიეს და თბილისში ჩამომიყვანეს, ალბათ, მეტსაც მომცემდით. არ მახსოვს, რამდენი წლის ვარ. მე ხომ ყველაფერი დავივიწყე. მეტიც - როდესაც ჩემი ახალი მეგობარი იუკი სათამაშოს მომიტანს, გაოცებული ვუყურებ. არც მახსოვს, მქონდა კი სათამაშო? მე ხომ, ძირითადად, საჭმელზე ვფიქრობდი, რადგან სულ მშიოდა. ჩემი დაბადების დღე 6 ნოემბერია, დღე, როცა თბილისში ჩამომიყვანეს. დიახ, ჯერ თვისაც არ ვარ და უზომოდ ბედნიერი ვარ.

წონა - ჩემი სიმაღლის ძაღლი 40 კილომდე უნდა იყოს, მე 26 კილოს ვიწონი. როგორც ჩემი ახალი მეგობარი ადამიანები ამბობენ, ძვალზე გადაკრული ტყავი ვარ, რომელსაც გრძელი, აფუებული ბეწვი ფარავს. ხო, ბეწვიც ახლა მაქვს აფუებული, როცა საგანგებოდ დამბანეს და დამვარცხნეს, თორემ ლანჩხუთში, ლიანდაგთან, საშინლად გამოვიყურებოდი. ჩემი სამშრიანი ბეწვის შიდა ფენა, თივთიკი, ვერ გამცვივდა, რადგან მოძველებული ბეწვი ბალახმა, ეკლებმა და ბირკებმა სულ ღილებივით შემიბნია მთელ სხეულზე. აღარც ჩემი ნამდვილი ფერი ჩანდა და ჩახურებულ პალტოში ტილები და რწყილები სისხლს მიშრობდნენ. ჯერ დიეტაზე ვარ, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემა მოშლილი მაქვს. სიცივეში და უმძიმეს პირობებში ყოფნის გამო მაწუხებს შარდის ბუშტი. სახსრებიც. საბედნიეროდ, ტილები და რწყილები გაქრნენ და მშვიდად მძინავს. ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ჩემი ადამიანების პოვნის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვარ, ტკივილებზე აღარ ვფიქრობ, წამლებს მასმევენ და ვიცი, რომ მალე ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდება. მე კი წარსულს არ ვიხსენებ. ძაღლები მხოლოდ აწმყოთი და მომავლით ვცხოვრობთ.

პატრონი - მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების ვარსკვლავი გავხდი, სულ მესმის: "ნეტავ, ვინ იყო მისი პატრონი?" იცით, რატომ ვიწექი ლიანდაგებთან? წარმოვიდგინე, რომ პატრონი სადღაც, ძალიან შორს, მატარებლით გავაცილე და ოდესღაც დაბრუნდებოდა. ადამიანები ამბობენ, თუ შენი ოცნებების და ფიქრების წარმოდგენას შეძლებ, ოცნებები აგიხდებაო. ჰოდა, ახდა ჩემი ოცნებაც. ჯერ სოსომ და ანიმ შემამჩნიეს, სწორედ ლიანდაგთან, მერე საქმეში ეკა ჩაერთო და ბოლოს ჩემს ახალ პატრონთან, გიორგისთან მიმიყვანეს. როდესაც თბილისში ჩამოვედით, სანამ გიორგის დავინახავდი, უკვე ვგრძნობდი, რომ ჩემს სახლში მივდიოდი, იქ, საიდანაც არასდროს არავინ გამაგდებს და ვერაფერს ვიგრძნობ სიყვარულისა და ბედნიერების გარდა. გიორგისთან შესახვედრად მოუთმენლობა რომ დამეტყო, ეკა გაოცებული ამბობდა, ნახე, როგორც დიდი ხნის ნაცნობისკენ, ისე გაიწიაო. დაავიწყდა, რომ ჩვენ, ძაღლებს, მეექვსე გრძნობა გვაქვს, რომლითაც უთქმელადაც ბევრ რამეს ვხვდებით. მე ვიგრძენი ჩემი ნამდვილი პატრონი.

თუ თქვენ ძაღლი გყავთ და აღმოაჩინეთ, რომ მისი მოვლა გიმძიმთ ან ფიქრობთ, რომ ძაღლის ყოლა სულაც არ ყოფილა თქვენი ცხოვრების სტილი, ნუ გააგდებთ ქუჩაში უპატრონოდ. გააჩუქეთ. შინ გაზრდილი ცუგას გარეთ გაგდება ნიშნავს, მაწანწალობისთვის გაიმეტო ნაფერები შვილი, რომელსაც აუცილებლად დაჩაგრავენ ისინი, ვინც, მისგან განსხვავებით, ქუჩაში დაიბადა და გაიზარდა. ამ დროს ისეთი უბედური ხარ, რომ ნატრობ, ნეტავ პატრონს მოეკალი.

ადამიანი - თბილისში სულ ბევრ ხალხში ვტრიალებ. დამატარებენ ვეტერინარულ კლინიკაში, გრუმინგ სალონში, ტელევიზიებში. მეფერება ვეტერინარი მარიკა ჩხიკვიშვილი, რომელიც თბილისში ჩამოსვლისთანავე სახლში მეახლა და დაუყოვნებლივ ამიღო ანალიზები. ხალხი ჩემთან ერთად ფოტოებს იღებს. თავს სუსტად ვგრძნობ და ზოგჯერ დგომაც მიჭირს, მაგრამ ყველას ხელებს ვულოკავ, ვეფერები მადლიერების ნიშნად, რომ ისინი ასეთები არიან. მჯერა, რომ განსაცდელში მყოფ ძაღლს არ მიატოვებენ და მით უფრო, თავიანთ გაზრდილს არ გაწირავენ. როგორი თბილიაო, ამბობენ ჩემზე. მე გამოვიარე ქვების სროლა, მუქარა, რომ მომკლავდნენ, ლანძღვა, უმიზეზო აგრესია. ყველა საშინელება გამოვიარე და ვნახე ადამიანის ცუდი სახე, მაგრამ როგორ შეიძლება გავბოროტებულიყავი და ნებისმიერისთვის შემეღრინა, ან ზურგი მექცია მათთვის, ვინც თავს მევლება, მეფერება, ჩემ გვერდით დგომით ამაყობს. მე ხომ ცოტა ხნის წინ ვერც კი მამჩნევდნენ... ადამიანი ყველაზე სუსტი ცხოველი მგონია. ის ორ ფეხზე დადის და ჩვენგან განსხვავებით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მეტიც, ის მეტყველებს და შეუძლია ფიქრი გაგიმხილოს, ტკივილი ან სიხარული გაგიზიაროს, მაგრამ მან (საბედნიეროდ, მხოლოდ ნაწილმა) ჯერ კიდევ არ იცის ერთგულების და სიყვარულის ფასი.

ლაპარაკი რომ შემეძლოს? - გეტყოდით, სასწრაფოდ მიიღოთ კანონი, რომელიც ცხოველებს დაიცავს და თქვენში ადამიანს გადაარჩენს. აკრძალეთ ძაღლების უკონტროლო გამრავლება. ყველას არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება. არც ძაღლის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეს ყველას. ეს უფლება უნდა იყიდონ და კანონი ავალდებულებდეთ, რომ თუ საკუთარ ძაღლს მიატოვებენ, დაჯარიმდნენ. ადამიანები ხომ მაშინ სწავლობენ გაფრთხილებას, როცა ბევრ ფულს ახდევინებ. ასე ხდება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ასე მოევლება ქუჩაში ძაღლების უკონტროლოდ მომრავლების პრობლემას. იმის თქმაც მინდა, რომ ქუჩაში ძაღლი თუ აგედევნებათ, მას სიყვარული, თავზე ხელის გადასმა, მოფერება უნდა. ალბათ, უკვე გეცოდინებათ, რა თქვეს მეცნიერებმა - რომ ყველაზე განვითარებული ძაღლის ინტელექტი 4.5 წლის ბავშვის ინტელექტს არ აღემატება. ჩვენ მარადიული ბავშვები ვართ და არაფერი გვინდა სიყვარულზე მეტად. ამიტომაც თუ არ შეგიძლიათ ადევნებულ ძაღლს ლუკმა მიაწოდოთ, მოეფერეთ. ღამე, როცა ვიძინებთ, გვახსენდება ადამიანის კეთილი სახე, სიყვარულით გაბრწყინებული თვალები და ხელი, რომელიც გვეფერებოდა და რომელსაც რაღაცნაირი, თბილი სუნი ასდის. ასეთი მოგონებები აუმჯობესებს ჩვენს სისხლის მიმოქცევას, ჯანმრთელობას და გვაბედნიერებს. თქვენთვის კი რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბედნიერების მინიჭება ცოცხალი არსებისთვის?!

რა იფიქრეთ, რომ ძაღლი თუ ყეფით მოგდევთ, ვერ მოეფერებით? ალბათ, არ იცით, რომ ძაღლები ახლომხედველები არიან, ვერც სიბნელეში ხედავენ კარგად. ამიტომაც ყეფენ, ვიდრე წინ მოძრავი არსების მხოლოდ კონტურებს არჩევენ. სიბნელეში ვერაფერსაც ვერ ამჩნევენ და მხოლოდ გრძნობენ სულიერის არსებობას, ყეფით კი საკუთარ შიშს აფრთხობენ, თან თქვენ გაშინებენ, სანამ მოგიახლოვდებიან და მიხვდებიან, რომ სახიფათო არ ხართ. ძაღლისთვის ნებისმიერი სულიერი და მათ შორის - ადამიანიც ცხოველია. მან იცის, როდესაც ცხოველს ეშინია, თავდაცვის მიზნით აგრესიული ხდება, ამიტომაც მისი ყეფა მოსალოდნელი აგრესიისგან თავდაცვაა. გაიხსენეთ წმინდა ბერები, რომელთა გული სავსე იყო სიყვარულით, მღვიმეებსადა გამოქვაბულებში ცხოვრებისას ხშირად აწყდებოდნენ მტაცებელ ცხოველებს: დათვებს, ლომებს, მგლებს, პითონს. ცხოველები თავიდან შეშინებული გამოხატავდნენ აგრესიას, მაგრამ როგორც კი ბერი ეტყოდა, რომ მღვიმეში თუ გამოქვაბულში ადგილი ორივესთვის იყო, მტაცებლები მშვიდდებოდნენ და ერთად განაგრძობდნენ ცხოვრებას. მეტიც - მეგობრობდნენ. თუ თქვენ მშვიდი და მოსიყვარულე იქნებით, ყველა ძაღლი თქვენი მსახური გახდება, ამიტომაც სანამ ქვას დაავლებთ ხელს, ან სხვა მძიმე საგანს მოძებნით ჩვენთვის სასროლად, გახსოვდეთ, რომ საუკეთესო იარაღი, რითაც ნებისმიერი აგრესიის გაუვნებლება შეგიძლიათ, თქვენს გულშია და სიყვარული ჰქვია. უბრალოდ, გამოუშვით ის და თქვენ გარშემო არამხოლოდ მყეფარი ძაღლი, ყველაფერი შეიცვლება. ჩვენც ხომ ღმერთმა შეგვქმნა და როცა მიხვდა, რომ პატრონის გარეშე ვერ ვიარსებებდით, შექმნა ადამიანი, რომელმაც, დროა, სამყაროს სწორად პატრონობა ისწავლოს.

სიყვარულით, თქვენი ლანჩხუთელი ჰაჩიკო.