"ერთი მხრივ ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილი მორალურად გაანადგურონ, დაამცირონ, მეორე მხრივ, ოპოზიცია გამოიწვიონ ფიზიკურ დაპირისპირებაზე"
პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან ბუნდოვანი ვითარებაა, ძალიან ბუნდოვანი განვითარებით. ამ ბუნდოვანებაში რა წვლილი აქვს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, რაც უპირველესად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება და როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის რეაქცია, ამ თემაზე გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:
- მდგომარეობა ძალიან სავალალოა, რადგან ყველა პრობლემაზე ხელისუფლება ხელს იბანს და საერთოდ არ მართავს. ფაქტობრივად, სახელმწიფო გაჩერებულია და დაკავებულია ამ იწილო-ბიწილოთი. დღეს სააკაშვილი ქმნის დღის წესრიგს და ხელისუფლებაც მიჰყვება, ნაცვლად იმისა, გადაწყვიტოს სახელმწიფოს პრობლემები...
საზოგადოება გაყოფილია არა ორ, არამედ სამ ნაწილად: ორი ნაწილი ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეა, რომლებიც პოლიტიკურ ტატამზე არიან და მესამე, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს და მოლოდინის რეჟიმშია. სანამ ქვეყანაში არ გაჩნდება სამართლიანობის, ხელისუფლების პატივისცემის განცდა, სულ ასეთი მდგომარეობა იქნება. დღეს რა გვაქვს? ვინც მათ არ ეთანხმება, შეურაცხყოფენ და მტრად თვლიან. სანამ არ გაჩნდება განცდა, რომ მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებებისა ხელისუფლება არა რიტორიკულად, არამედ რეალურად ზრუნავს მოქალაქეებზე, სულ ასე ვიქნებით. ხელისუფლება კი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მისთვის მთავარი ფასეულობა ძალაუფლებაა და მის შესანარჩუნებლად მზად არის, ყველაფერზე წავიდეს.
- ის, რაც ბოლო დღეებში გააკეთეს, რამდენად შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდეს?
- ხელისუფლება პარაზიტირებს ე.წ. ანტიმიშაზე. თვლის, თუკი პროცესი განვითარდება მიშას ირგვლივ, ეს მას ბონუსებს აძლევს. ურჩევნია მუდმივად მასზე ილაპარაკოს, ხელი გაიშვიროს ოპოზიციისკენ - ისინი არ ჩერდებიან, თორემ ივერიას აქამდე გავაბრწყინებდითო... მათი ამოცანაა, ერთი მხრივ, სააკაშვილი მორალურად გაანადგურონ, დაამცირონ, მეორე მხრივ, ოპოზიცია გამოიწვიონ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, წითელი ხაზი გადააკვეთინონ. შექმნან იმის ფორმალური საფუძველი, რომ მერე ყველა გალახონ, დაიჭირონ და დააშინონ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სააკაშვილის გლდანის ციხეში ეტაპირების დროს. მისი გადაყვანის მომენტი ისე შეარჩიეს, ამის შემდეგ ორ-სამ საათში დიდი აქცია იყო დაანონსებული და ხელისუფლებას ჰქონდა გათვლა, რომ ემოციის ფონზე ეს ხალხი სადღაც შეიჭრებოდა, ამით კი შეიქმნებოდა ფორმალური საფუძველი, რომ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი საქმე აღეძრათ და ვიღაცები დაეჭირათ. კარგია, რომ ოპოზიცია ამაზე არ წამოეგო. თუმცა ამის შემდეგაც ხელისუფლების ყველა ნაბიჯი მიმართულია იქით, რომ როგორმე წყობიდან გამოიყვანოს ოპოზიცია. სუს-თან განვითარებულ მოვლენებს თუ ავიღებთ, განსაკუთრებული არც არაფერი ხდებოდა, მაგრამ 46 კაცი მაინც დაიჭირეს. ამით გამოჩნდა ხელისუფლების ტაქტიკა, სტრატეგიას ვერ დავარქმევ. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დაახლოებით 15 წლის წინ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. იყო პერიოდი, როდესაც ოპოზიცია საკმაოდ მოძლიერდა და ჰქონდა ისეთი გათვლა, რომ პერმანენტული მასობრივი აქციებით დაღლიდნენ ხელისუფლებას, მაგრამ ასე არ მოხდა. ხელისუფალს მეტი რესურსი აღმოაჩნდა და საბოლოოდ ვიღაც დაიჭირეს, ვიღაც შეაშინეს, ვიღაც გარეკეს და რეჟიმი ჩააბეტონეს. ფაქტობრივად, ამ რუსული ალგორითმით აპირებს დღეს ჩვენი ხელისუფლებაც შედეგის მიღებას. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერები ჰყავს. პლუს ის კატეგორია, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს. ამას ემატება ის, რომ ქვეყანაში არ არის რევოლუციური სიტუაცია, რომელიც მაშინ ყალიბდება, როდესაც ხელისუფლება აბსოლუტურად სტერილური რჩება, საზოგადოება ცალკეა. დღეს ასეთი რეალობა არ არის.
- ოპოზიციას რისი იმედი აქვს?
- ოპოზიციის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ასეთ პერმანენტულ მოქმედებებს დიდი რესურსი სჭირდება. თუ ხალხი შედეგს ვერ ხედავს, იღლება და ნიჰილისტური განწყობა ეუფლება. ასეთი აქტიური მოქმედებები ყოველთვის სწრაფ შედეგზეა გათვლილი. ინდოეთი ხომ არა ვართ, რომ განდის მოძრაობა დავიწყოთ. ამიტომ ძალიან ბუნდოვანი ვითარებაა ძალიან ბუნდოვანი განვითარებით. უფსკრული ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის სულ უფრო ღრმავდება და ეს ვითარებას უფრო არაპროგნოზირებადს ხდის.
- ბოლო პროცესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოებრიობა უფრო გააქტიურდა. ეს ხელისუფლებაზე იმოქმედებს თუ მაინცდამაინც სანქციების დაწესებაა საჭირო? - ხელისუფლებამ კარგა ხანია კანი გაისქელა. ერთხანს ნებისმიერ განცხადებაზე რეაგირებდნენ, ახლა კანი გაისქელეს - ერთხელ გაუვიდათ, ორჯერ გაუვიდათ და დაუსჯელობის განცდა გაუჩნდათ, რომ ამასაც გადააგორებენ. ვფიქრობ, თუ დასავლეთს სურს ხელისუფლება მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ, ცივილიზებულ ჩარჩოში ჩასვას, უკვე კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება უნდა დაიწყოს. განცხადებები აღარ არის საკმარისი, რეალურად უნდა ეტკინოთ, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგან.
- არის დასავლეთი ამისთვის მზად? - დასავლეთი ცარიელ ადგილზე თვითონ ხომ არ დაიწყებს დალაგებას? ერთი მცდელობა ჰქონდათ, მიშელის შეთანხმებას ვგულისხმობ, და უცნაურად დასრულდა. ამიტომ სკეპტიკურად უყურებენ აქ მიმდინარე პროცესებს, ანუ გარკვეულწილად მათაც გაისქელეს კანი. ბუნებრივია, მათ აქვთ თავიანთი ინტერესები, მაგრამ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა ორ მთავარ საყრდენზე დგას: ერთია მათი ინტერესები და მეორე ჩვენი შესაბამისობა მათ ფასეულობებთან იმისთვის, რომ თავისიანად გვაღიარონ და როცა იქნება, რეალური ინტეგრაცია დავიწყოთ. მეორე - ვფიქრობ, დასავლეთში უკვე გაჩნდა სკეპტიკური განწყობა და უცხო სხეულად აღგვიქვამენ, თავისიანად აღარ გვთვლიან. თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.
რუსა მაჩაიძე