"თუ ასე გავაგრძელებთ, შესაძლოა ასოცირების შეთანხმების გარეშე დავრჩეთ" - კვირის პალიტრა

"თუ ასე გავაგრძელებთ, შესაძლოა ასოცირების შეთანხმების გარეშე დავრჩეთ"

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე უფრო გამწვავდა სასამართლო სისტემის პრობლემები, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი განცხადებები მოჰყვა. რა გავლენას ახდენს სასამართლოს მიკერძოებულობა პოლიტიკურ პროცესებზე, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი გვესაუბრა:

- არის საქმეები, სადაც სასამართლო შესაძლოა მართლაც იყოს სტანდარტებთან მიახლოებული, მაგრამ საზოგადოებრივად მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისას ძალიან პრობლემურია. ამას ადასტურებს ქვეყნის გარეთ ჩამოყალიბებული აზრიც, რომ საქართველოს სასამართლო უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიას, რადგან სასამართლო ერთადერთი არაპოლიტიკური ინსტრუმენტია მოქალაქეების ხელში, რათა ჩვენი უფლებები დავიცვათ, მათ შორის პოლიტიკური ინსტიტუტებისა და მათი გადაწყვეტილებებისგან. რა თქმა უნდა, აქ მოიაზრება სისხლისსამართლებრივი დევნაც, სადაც სახელმწიფო პირდაპირი მხარეა.

- სასამართლო სტანდარტებთან მიახლოებული რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა ამ დაძაბულობის თავიდან აცილება? - სასამართლო რომ დამოუკიდებელი და ნეიტრალური იყოს, საზოგადოების ქიშპის განმუხტვას შეძლებდა. სამწუხაროდ, არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია ამაზე. მათ პოლიტიკურად ლოიალური სასამართლო ურჩევნიათ და ეს არის მთავარი პრობლემა, რაც გავლენას ახდენს ჩვენს საგარეო ურთიერთობებზეც - ევროპიდან და ამერიკიდან უკვე ისმის კრიტიკა და მოთხოვნა, რომ სასამართლო სისტემა გადაუდებელ რეფორმას საჭიროებს. სავარაუდოა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას უფრო მკვახე საუბრებიც იყოს. ჯერჯერობით ჩვენი მედიის ყურადღების ცენტრში ჯეროვნად ვერ მოექცა ის საკითხი, რაც ახლა ევროკავშირში მიდის. კერძოდ, დაკავშირებული პოლონეთსა და უნგრეთთან. ევროკავშირი საკუთარ წევრებსვე არ პატიობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. პოლონეთს ევროკომისიამ დღეში მილიონი ევრო დაუწესა სანქციად, ევროპარლამენტმა ეს არ მიიჩნია საკმარისად და თქვა, რომ პოლონეთს ევროფონდებიდან დაფინანსება სრულად უნდა შეუწყდეს, და ამისთვის ევროსასამართლოს მიმართა. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო თავისივე წევრს სანქციას უწესებს სტანდარტის დარღვევის გამო და ჩვენ, ასოცირების პროცესში მყოფ, გარდამავალი დემოკრატიის სახელმწიფოს რამეს გვაპატიებს? 2024 წელს განაცხადის შეტანა კი არა, თუკი ასე გავაგრძელებთ, შესაძლოა ასოცირების შეთანხმების გარეშე დავრჩეთ და ეს უპატიებელი შეცდომა იქნება. ჩვენს პოლიტიკოსებს შევახსენებ, რომ დასავლურ დემოკრატიულ მეგობრობაში დამკვიდრება საქართველოს მოქალაქეების საჯაროდ გამოხატული ნებაა და ამას პოლიტიკური ფასი ექნება, შესაძლოა ძალიან დიდიც თავად ქვეყანაში.

- წარმოვიდგინოთ, რომ არ ვიცით, სასამართლოსთან რა პრეტენზიები არსებობს და სააკაშვილის ბოლო პროცესი შევაფასოთ... - გულწრფელად გითხრათ, მე მექნებოდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ პროცესების არათუ საჯაროობას უზრუნველყოფდა, არამედ იმ საქმეებზეც კი, რომლებზეც უკვე განაჩენია გამოტანილი, მისცემდა პროცესში მონაწილეობის უფლებას. ეს ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობას ასმაგად გაზრდიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამის საპირისპიროს ვხედავთ.

- სააკაშვილის საქმეში სასამართლო იმიტომ მოიქცა ასე, რომ დავალება ჰქონდა, თუ ესეც ინერციით წარიმართა? - ჩვენ გვახსოვს მმართველი ძალის ლიდერების არაერთი განცხადება, პრაქტიკულად, სააკაშვილის განაჩენი მისი დაბრუნებისთანავე გამოაცხადეს. იმის პოლიტიკური მჭვრეტელობაც კი არა აქვთ, რომ ასეთ საკითხებზე ასეთი განცხადებები არ უნდა აკეთონ, რომ ჩვენმა მეგობრებმა თუ სტრასბურგის სასამართლომ ზუსტად ამ განცხადებებზე მითითებით თქვან, აი, კიდევ ერთი დასტური თქვენი სასამართლოს პოლიტიკური მიკერძოებულობისაო. სამწუხაროდ, მმართველი ძალის პოლიტიკოსების განაჩენი უკვე გამოცხადებულია და ვერ ვიტყვით, რომ ის, რაც მოხდა, სისტემური პრობლემის შედეგია და არა კონკრეტული დავალების თუ მითითების. რაც გინდათ, ის დაარქვით. ნამდვილად არ ველოდი ამ საქმის დასაწყისშივე კანონის ასეთ უგულებელყოფას, განსაკუთრებით კი იმას, თუ ბოლო დღეებში როგორც ვითარდება მოვლენები - აშკარად უგულებელყოფილია ევროპული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, პირადი ღირსება, პირადი ინფორმაციის დაცულობა... ამაზე ჩვენი მეგობრების მკაცრი განცხადებებიც მოვისმინეთ.

- სადამდე შეიძლება ეს მივიდეს? - ორი განზომილება უნდა წარმოვიდგინოთ: პირველი - რატომ იქცევა ასე მმართველი პოლიტიკური ძალა და მეორე - რა შეიძლება იყოს საზოგადოებრივად ფართოდ დანახული. ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი ძალა ამ ყველაფერს სახელმწიფოებრივად არ უყურებს და მხოლოდ პოლიტიკურად მარგინალური ინტერესი აქვს - ანუ სააკაშვილის შესახებ ამ ჩანაწერის გავრცელებით გული მოიფხანონ და მოახდინონ საკუთარი მხარდამჭერების კრისტალიზაცია. მმართველ ძალას 2016 წლის შემდეგ სულ უფრო უჭირს თავისი მომხრეების ელექტორალურად გაზრდა და შესაბამისად, ადამიანის უფლებების გათელვის ხარჯზე ცდილობს საკუთარი პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება იმას, სადამდე შეიძლება მივიდეთ, - თუკი სანქციებამდე მივიდა საქმე, ეს შეიძლება იყოს მძიმე სოციალური და სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველი, რომლითაც რუსეთი ისარგებლებს, და რომელიც შეიძლება სახელმწიფოებრიობად დაგვიჯდეს.

რუსა მაჩაიძე