"არცერთი ჩვენთაგანი შიმშილობის მანძილზე პარლამენტის შენობას არ დატოვებს" - კვირის პალიტრა

"არცერთი ჩვენთაგანი შიმშილობის მანძილზე პარლამენტის შენობას არ დატოვებს"

დღეს უნდა გამართულიყო სხვადასხვა ტიპის აქცია, მაგრამ მივიღეთ უფრო მწვავე პროტესტის გადაწყვეტილება - გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

დავით კირკიტაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შესაბამისი ფართის გამოყოფის მოთხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავენ. მისივე თქმით, არცერთი მოშიმშილე დეპუტატი პარლამენტის შენობის დატოვებას და აქციებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.

"შიმშილობის აქტი იქნება საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე შესაბამის სამსახურებს და მოვითხოვთ ადგილს რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ჟურნალისტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჩვენი შიმშილობის საკითხი დააინტერესებს. არცერთი ჩვენგანი შიმშილობის მანძილზე არ დატოვებს პარლამენტის შენობას. ჩვენი მეგობრები განაგრძობენ უწყვეტ პროტესტს კიდევ რამდენიმე მოთხოვნებით, პირადად ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში. დრო უკვე აღარ ითმენს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საათობით მძიმდება, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შუადღეს რამდენიმე აქცია გადაიდო, თუმცა აქცია 19:00 საათზე მაინც ჩატარდება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან არცერთი არ დავტოვებთ პარლამენტის შენობას“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"