"პუტინი ხედავს, რომ მსოფლიოს რეაქცია მის ქმედებებზე ბევრად რბილია და მოქმედებაზე გადადის" - კვირის პალიტრა

"პუტინი ხედავს, რომ მსოფლიოს რეაქცია მის ქმედებებზე ბევრად რბილია და მოქმედებაზე გადადის"

"მსოფლიოს ბოლო წლებია აქვს კითხვა: რამდენად შორს წავა პუტინის რუსეთი როგორც შიდა ავტორიტარიზმით, ასევე მის გარეთ, სამეზობლოსა და იმ ქვეყნებში, სადაც მისი ინტერესის ხაზი გადის? პასუხი მარტივია - სანამდეც გაუვა", - ამბობს ამერიკელი ანალიტიკოსი პოლ გობლე. მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოებრიობა მსჯელობს, რა შედეგი მოიტანა რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები და კრემლის ექსპერტები განიხილავენ, გახდება თუ არა ყაზახეთი "შემდეგი უკრაინა" და არგუმენტად მოჰყავთ მოსკოვისადმი ვითომ მტრული დამოკიდებულება, რამაც შესაძლოა აზიაში რუსული გავლენა შეასუსტოს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენები დაკავშირებულია ენობრივ პრობლემასთან, რომელსაც კრემლი ასე ხსნის: "ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ყაზახურ ენაზე მომსახურება არ სიამოვნებს და სეპარატიზმის საფუძვლად მიიჩნევს, რასაც დროულად სჭირდება მოგვარება, რადგან შესაძლოა რუსები ყაზახეთში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები გახდნენ. რუსები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს და ცხადია, რუსეთი არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების შევიწროებას". ბევრისთვის ნათელი მაგალითია "ნაციონალისტ" კუატ ახმეტოვის ამბავი, რომელსაც რუსეთში შესვლა აუკრძალეს იმ მოტივით, რომ ის ყაზახეთში "ეთნიკურ სიძულვილს აღვივებს". ყაზახეთში საქმეც აღძრეს და ახმეტოვი საქართველოში წავიდა. ახლა კრემლი იმაზე ბრაზობს, რომ ყაზახეთიდან განდევნილი "ნაციონალისტების" ნაწილი საქართველოსა და უკრაინაში მოქმედებენ... რუსეთი არსად თმობს პოზიციას, პირიქით, თუ სადმე ხედავს საფრთხეს, რომ მისი გავლენა სუსტდება, მაშინვე ხისტ მოქმედებაზე გადადის.

- რუსეთი შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს, რომ მისთვის არასასურველი პოლიტიკური რეალობა დაუსჯელი არ დატოვოს, მაშინ, როცა თავად თითქმის ყოველთვის დაუსჯელია. ხშირად მისი განცხადებები მოსალოდნელ აგრესიულ ქმედებებზე ვიღაცისთვის იმდენად გაუგებარია, მიაჩნიათ, რომ რუსეთის ლიდერი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ ასე არ არის, სინამდვილეში ის ვითარებას აკვირდება, რათა გამოიცნოს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა ისე, რომ თავისი გეგმა დაუსჯელად შეასრულოს. პუტინი აკვირდება, როგორ რეაგირებენ მის აგრესიაზე დასავლური ქვეყნების მმართველობები და საერთაშორისო საზოგადოებრიობა და შემდეგ მოქმედებს. ასე იქცეოდა რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე და ახლაც ასეა. როცა ხედავს, რომ მსოფლიოს რეაქცია მის ქმედებებზე ბევრად რბილია, მოქმედებაზე გადადის. ამის ნათელი მაგალითი იყო საქართველო, რომელსაც მალე მიჰყვა უკრაინა. რუსეთი ევროპაში პოლიტიკურ იარაღად იყენებს გაზს, თუმცა ნაცვლად იმისა, დასავლეთმა უფრო ეფექტიანი სანქციები მოიფიქროს, ზოგიერთი ევროპის ლიდერი რუსეთთან დაპირისპირებას გაურბის და ცდილობს შეთანხმებას მიაღწიოს. პუტინი და მისი გარემოცვა ამ ყველაფერს ხედავენ, შესაბამისად, არც არავის უნდა გაუკვირდეს, რომ "რეაგირების შესაბამისად" იქცევა. ასე რომ, პუტინი კი არა, ისინი ცხოვრობენ პარალელურ რეალობაში, ვინც მას მისი გეგმების ხორცშესხმის უფლებას აძლევს, თუნდაც ბელარუსში. თუ ასე გაგრძელდება, პუტინის რუსეთის მსგავს მმართველობებს მივიღებთ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთის გავლენა ძლიერდება. ზოგის აზრით, მოსკოვი ცდილობს ბელარუსი ისე შეცვალოს, რომ ის შეესაბამებოდეს რუსეთის ხედვას გაერთიანებულ სახელმწიფოზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თავად რუსეთი ძალიან ხშირად ცვლის პოლიტიკას. ეს მუდმივად უნდა ახსოვდეს საქართველოსაც და უკრაინასაც.

- უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ნაწილების თავმოყრის გამო დასავლეთმა გააფრთხილა რუსეთის მთავრობა, რომ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას "სერიოზული პასუხი" მოჰყვება. როგორც ჩანს, ეს არ კმარა, არა? - კმარა თუ არა, რუსეთის შემდგომ მოქმედებიდან გამოჩნდება. დიდად ოპტიმისტურად არა ვარ განწყობილი.

- როგორ იკითხება ეს დასავლეთიდან? - ქართველებმა უნდა ისწავლონ შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შემუშავება და იმის განსაზღვრა, თუ რა ჯობია საქართველოსთვის მაშინ, როცა გასათვალისწინებელია სახიფათო საგარეო ფაქტორები. ვფიქრობ, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ არის მისაღები. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის დაკავებას, ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ სჩვევიათ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: კითხვის ნიშნებია თავად ექსპრეზიდენტის უჩვეულო ქცევაზე, რაც მისი მხარდამჭერების სტაბილურობაზე ნამდვილად აისახება. ვგულისხმობ ჯერ ქვეყნიდან წასვლას, შემდეგ კი დაბრუნებასა და სხვა ქმედებებსაც. ამასთან, საქართველოს მთავრობას მტკიცედ სჯერა, რომ ის დამნაშავეა, და კიდევ, ამერიკისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორია იმ ქვეყანაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების დამოკიდებულება მის მიმართ. მთავარია, თავად ქართველებმა განსაზღვრონ, რა ჯობია მათი ქვეყნისთვის.

ლალი პაპასკირი