მიგრანტების შესევა ევროპას - ლუკაშენკო-პუტინის "ჰიბრიდული ომი" - კვირის პალიტრა

მიგრანტების შესევა ევროპას - ლუკაშენკო-პუტინის "ჰიბრიდული ომი"

რატომ უნდა მიაყენო ტანკები ნატოს საზღვარს, თუკი შეიძლება იმავე საზღვართან ტაქსებით ათასობით აგრესიული მიგრანტი მიიყვანო, რომლებიც შიშველი ხელებით დაშლიან სასაზღვრო მავთულხლართებს, ოღონდ ევროკავშირის ქვეყნებში შეაღწიონ და ლტოლვილის სტატუსი მიიღონ?

ალბათ, სწორედ ასეთი საიდუმლო ჩანაფიქრი ჰქონდა ლუკაშენკო-პუტინის დუეტს. სხვანაირად ვერ აიხსნება ის, რომ ძალზე გაჭირვებული სირიელი თუ ერაყელი ქურთი 4-5 ათას დოლარს აგროვებს, რათა ერაყიდან სამგზავრო თვითმფრინავით ოფიციალურად ჩაფრინდეს ბელარუსში, ვიზა აიღოს, ტაქსიში ჩაჯდეს და პოლონეთის საზღვარს მიადგეს, შემდგომ კი არალეგალურად გადალახოს ეს საზღვარი და პოლონეთის გავლით გერმანისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ლტოლვილად შეაღწიოს.

სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება - პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ამ შემთხვევაში ნატოს წევრ ქვეყნებს, შეუქმნა დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები მათთვის მიგრანტების შესევით, თანაც ისე, რომ შენ არ ჩანხარ სამხედრო აგრესორად, რადგან ტანკებსა და ბომბდამშენებს არ იყენებ.

ბოლო რამდენიმე დღეა, ათასობით სირიელი და ერაყელი ქურთი ოჯახებთან ერთად ამ სიცივეში სასაზღვრო მავთულხლართთან ათენ-აღამებს, შიგადაშიგ კი იქვე მოჭრილი მორებით იერიში მიაქვს მის გასარღვევად და არც საზღვრის მეორე მხარეს მდგარი პოლონელი მესაზღვრეებისა და პოლიციელებისთვის ქვების სროლა ეზარება.

ამ სასაზღვრო სეირს კულუარებიდან მშვიდად აკვირდებიან ავტომატებით შეიარაღებული ბელარუსი სამართალდამცავები და მზად არიან, თუკი რომელიმე პოლონელი პოლიციელი ძალას გამოიყენებს საზღვრის დამრღვევი მიგრანტის შესაჩერებლად, ეს ვიდეოკამერებით გადაიღონ, რათა მერე მსოფლიოს მოჰფინონ, ნახეთ, როგორ უსწორდება დემოკრატიის მქადაგებელი ევროპა გაჭირვებულ ლტოლვილებსო...

რუსეთის ოფიციალური პროპაგანდა ყველაფერში ბრალს სწორედ ევროპის ქვეყნებს სდებს და შეახსენებს, რომ სწორედ მათმა "სამშვიდობო ოპერაციებმა" და დაბომბვებმა გააჩინა ამდენი მიგრანტი, თუმცა მოსკოვს ავიწყდება, რომ 2015 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, მისი ავიაციის მიერ სირიის ქალაქების უმოწყალო დაბომბვის გამოც ასიათასობით სირიელიც გახდა დევნილი და თავი თურქეთს შეაფარა, საიდანაც ისინიც ევროკავშირში შეღწევას ცდილობენ.

დასავლეთში პარალელს ავლებენ თურქეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების ტაქტიკას შორის და აღნიშნავენ, რომ ერდოღანიც და ლუკაშენკოც მიგრანტების თემით ევროკავშირის დაშანტაჟებას ცდილობენ, თუმცა აქაც არის განსხვავება. თურქეთში სამ მილიონზე მეტი დევნილი ჯერ - ერაყის, შემდეგ კი სირიისა და ავღანეთის ომების შემდეგ მოხვდა და მათმა უმეტესობამ ფეხით გაიარა ასობით კილომეტრი, რომ ომისთვის თავი დაეღწია. ბელარუსში მიგრანტები, ფაქტობრივად, როგორც ტურისტები, ისე კომფორტულად ჩადიან, რაც ძირითადი მიზეზია იმისა, რომ პოლონეთის ხელისუფლება მათ საზღვრის გადალახვაზე ოფიციალურად ეუბნება უარს - ტურისტი დევნილი არ არისო...

დღეს, ფაქტობრივად, პოლონეთი ერთგვარი წინა ბარიერის როლს თამაშობს გერმანიისთვის და მას მიგრანტთა ახალი ნაკადისგან იცავს.

ამ ფონზე უკრაინამ სასწრაფოდ დაიწყო ბელარუსთან საზღვრის გამაგრება, რადგან კიევში შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ ეჭვობენ, რომ ბოლო დროს პუტინთან "ჩახუტებულმა" ლუკაშენკომ სირიელი და ერაყელი ქურთების ტალღა პოლონეთის საზღვრიდან შეიძლება უკრაინის საზღვრისკენ შეაბრუნოს, რაც უკრაინას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

მიგრანტების მართული ნაკადების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არახალია, თუმცა ამას ადრე "ჰიბრიდულ ომს" არ უწოდებდნენ. გავიხსენოთ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, მოსკოვი როგორ ააქტიურებდა თურქი-მესხების ყაზახეთიდან (სადაც ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა გაასახლა) საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაბრუნების თემას. კარგია, რომ ეს არ მოხდა, თორემ შეიძლებოდა საქართველოში ახალი კონფლიქტის ზონა გაჩენილიყო და უკან დაბრუნებულ თურქ-მესხებსა და ამ რეგიონში მჭიდროდ დასახლებულ სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიარაღებული შეტაკებების მომსწრენიც გავმხდარიყავით.

P.S. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ირანთან რამდენიმე ასეული კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო კედელი ააგო და საზღვრის პატრულირება გააძლიერა, ავღანელი ლტოლვილები ირანიდან კვლავ აღწევენ თურქეთის ტერიტორიაზე და არ არის გამორიცხული, ვინმემ ავღანელი და სირიელი ლტოლვილების ნაკადი მიზანმიმართულად თურქეთიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრისკენაც მოაბრუნოს იმ მოტივით, რომ მათ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეღწევა უფრო გაუადვილდებათ.