ამერიკული "მცურავი შტაბის" ვიზიტი: ვისთვის - საამაყო, ვისთვის - შეუმჩნეველი და ვისთვის - გამაღიზიანებელი... - კვირის პალიტრა

ამერიკული "მცურავი შტაბის" ვიზიტი: ვისთვის - საამაყო, ვისთვის - შეუმჩნეველი და ვისთვის - გამაღიზიანებელი...

USS Mount Whitney (LlCC 20) - ეს დასახელება ქართველ მკითხველს შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ 193 მ სიგრძის ამერიკული ხომალდი ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი "მცურავი შტაბი" და საზღვაო-საჰაერო-სახმელეთო ოპერაციების მართვის ცენტრია.

უფრო დაკვირვებულმა მკითხველმა შეიძლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი მძიმე დღეებიც გაიხსენოს, როცა საქართველო დასავლეთისგან, უპირველესად კი - აშშ-ისგან "შეშფოთება-აღშფოთებაზე" მეტს ელოდა და სწორედ ამ უზარმაზარმა, 17 000 ტონა წყალწყვის "მაუნთ უიტნიმ" 17 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის... წყალი ჩამოგვიტანა, თუმცა მაშინ იმ ჰუმანიტარულ წყალზე მნიშვნელოვანი თავად ამერიკული სამხედრო ხომალდის, თანაც აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სასწრაფო სტუმრობის პოლიტიკური სარჩული გახლდათ, რითაც ვაშინგტონი მოსკოვს აფრთხილებდა, რომ საქართველო ბოლომდე არ მიუტოვებია...

და ამ ისტორიული ვიზიტიდან 13 წლის შემდეგ "მაუნთ უიტნი" კვლავ უშვებს ღუზას ქართულ ნავსადგურში, თანაც თავის მრისხანე მცველ სარაკეტო საესკადრო ნაღმოსან USS Porter (DDG 78)-თან ერთად, რომლის ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტები, "ტომაჰავკები", მოსკოვს ბათუმიდანაც მისწვდება.

მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ამერიკული "მცურავი შტაბის", ასევე - ბირთვულქობინიანი "ტომაჰავკების" მატარებელი სარაკეტო ხომალდის ქართველებთან სტუმრობამ კიდევ ერთხელ გააღიზიანა მეზობელი რუსეთი, რადგან შავ ზღვაში ნატოს წევრი არაშავიზღვისპირა ქვეყნების და განსაკუთრებით - ამერიკული სამხედრო ხომალდების ყოველი შემოსვლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მზადყოფნას ნიშნავს. ასე იყო ამჯერადაც. ბოსფორის სრუტის გავლისთანავე ამერიკული ხომალდების წყვილი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციის სადაზვერვო თვითმფრინავებმა სამიზნეში მოაქციეს და საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე "მოაცილეს".

კრემლის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ქართულ პორტში მორიგ ამერიკულ ვიზიტზე მოსალოდნელი გახლდათ, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების ქმედება, როცა ოფიციალურმა თბილისმა ეს ვიზიტი ქართულ-ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯად შეაფასა.

თბილისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ამასწინანდელი ოფიციალური ვიზიტი, ისევე, როგორც ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდების ღუზის ჩაშვება საქართველოს ხელისუფლებამ, ბუნებრივია, გამოიყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ იმის საჩვენებლად, რომ საქართველო განაგრძობს დასავლეთისკენ სწრაფვას და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, როგორ ღია თუ ფარულ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან დასავლეთს ოპოზიციის ლიდერები საქართველოს ხელისუფლების შესახებ.

თუკი რუსეთი გააღიზიანა, საქართველოს ხელისუფლება კი გულმხურვალედ მიესალმა ამერიკულ საზღვაო ვიზიტს, ოპოზიციის ლიდერებმა საერთაშორისო ასპარეზზე (იგულისხმება შავ ზღვაში ნატოს გაძლიერების ეტაპის დაწყება და ამ პროცესში საქართველოს ინტენსიურად ჩართვის დიდი მნიშვნელობა) საქართველოს დღევანდელი რთული რეალობისთვის ეს არცთუ უმნიშვნელო მოვლენა არც კი შეიმჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება, წესით, არა მარტო ხელისუფლების, არამედ იმ ოპოზიციის სტრატეგიული ინტერესიც უნდა იყოს, რომელიც პროდასავლურობაზე დებს თავს.