სიხარულის მატარებელი - საქართველო-შვედეთი: 2:0 - ჩვენს მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია! - კვირის პალიტრა

სიხარულის მატარებელი - საქართველო-შვედეთი: 2:0 - ჩვენს მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია!

შვედებთან სათამაშოდ საქართველოს ნაკრები მატარებლით ჩავიდა ბათუმში. ჩვენი გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ ორსართულიან ვაგონში გატარებულმა რამდენიმე საათმა ფეხბურთელების კიდევ უფრო დაახლოებას, გუნდის უფრო შეკვრას" შეუწყო ხელი. წლებია, ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ერთად თამაშობს. ძნელი წარმოსადგენია, თვითმფრინავში ან ავტობუსში გაუჭირდეთ საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თბილისი-ბათუმის რეისი იღბლიანი გამოდგა - სიხარულის, მონატრებული გამარჯვების მატარებელი და ჩვენამდე მომტანი. მოიტანა კიდეც: ის ყველაფერი, რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს, რასაც ამდენი ხანია ველით! საქართველოს ნაკრების გარშემო "ორსართულიანი" მხოლოდ გინება გვესმოდა ხოლმე, ახლა ორსართულიანი მხოლოდ მატარებელია, რომელმაც იღბალი მოუტანა ჩვენს გუნდს. ცხადია, ზლატანის და კომპანიის დამარცხებას მხოლოდ რკინიგზის დადებით გავლენას არ ვაბრალებთ. სანაკრებო მატჩზე ფეხითაც რომ ჩახვიდე, მაინც ბოლომდე უნდა დაიხარჯო, მაგრამ სკანდინავიელებთან მატჩი ის შემთხვევაა, როცა ამ მხრივ სასაყვედურო არაფერი გვაქვს. პირიქით, მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა თავდაუზოგავად იომა და შედეგი... ტაბლოზეც არის!

მესამე და სამართალი

ჩვენმა ნაკრებმა მესამედ ითამაშა ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველად - მაყურებლის თანხლებით და პირველად გაიმარჯვა. გაიმარჯვა ქვეჯგუფის ლიდერ (იმ მომენტისთვის) შვედეთის ნაკრებთან, რომელიც მატჩის ფავორიტიც იყო და ზომიერზე მეტად ცხვირაწეულიც. აგერ, მერამდენედ დამტკიცდა, რომ საქართველოს ნაკრები მაყურებელთან ერთად და მათ გარეშე რადიკალურად განსხვავებული გუნდია. სავსე (თუნდაც ნაწილობრივ შევსებული) ტრიბუნების წინ მაყურებლისთვის თამაშობენ, მყისიერად რეაგირებენ მათ შეძახილებზე, ამიტომ... როცა გასულ კვირას "აჭარაბეთ არენის" ერთი მესამედით შევსებული ტრიბუნების გუგუნი მახსენდება, ორმაგად მწყდება გული იმ სიჩუმისა და ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე წაგებული მატჩის გამო, რომელიც ერთი წლის წინ, 2020 წლის 12 ნოემბერს ვნახეთ: ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, "საუკუნის იმედგაცრუებად" გვექცა. მას შემდეგ წელიწადი გავიდა და ბევრი არაფერი შეცვლილა: ყოველდღიურობად ქცეული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე რეგულაციების დაცვა მხოლოდ საფეხბურთო მატჩების წინ ახსენდებათ.

რის ხარჯზე მოვიგეთ?

საბედნიეროდ, რამდენიმე ათასი მაყურებელი ბათუმში სამი ქულისთვის ჩამოსულ "ვიკინგებს" მაინც დავახვედრეთ. ულამაზეს "აჭარაბეთ არენას" აკუსტიკაც საუცხოო აქვს, მაგრამ შვედები მხოლოდ ქომაგის გულიანი შეძახილებით არ დაგვიმარცხებია: სწორად შერჩეული შემადგენლობა, თავდაუზოგავი ბრძოლა და იღბალი - 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებში ყველაფერი იყო. თამაშის მსვლელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, თავადაც ნახეთ, რომ სამმცველიანმა ტაქტიკამ გაამართლა. მით უმეტეს, რომ ძალიან საიმედოდ ითამაშა კაშია-ხოჭოლავას წყვილმა - შეთანხმებული მოქმედებით სტუმართა ფორვარდები არაერთხელ დატოვეს თამაშგარე მდგომარეობაში და ინდივიდუალური ორთაბრძოლებისას, აშკარად არც ტანმაღალ შვედ შემტევებთან (მათ შორის არც ზლატანთან) დაჩაგრულან. უშეცდომოდ ითამაშა გიორგი ლორიამ - საქართველოს ნაკრების მეკარემ რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია. ტრადიციულად აქტიურები იყვნენ წიტაიშვილი და აზაროვი, ბევრი იშრომა ოქრიაშვილმაც, დუბლის ავტორ კვარაცხელიაზე კი ცალკე ვიტყვით. რადგან ზლატანი ვახსენეთ, ისიც გავიხსენოთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ცხვირი და ამბიცია ერთნაირად დიდი აქვს. დიდი ფეხბურთელია, მაგრამ დიდი კაცი ვერ არის. გასაგებია, რომ მოულოდნელმა მარცხმა შვედებს გეგმებიც აურია და ხასიათიც, გვესმის, რომ კორონავირუსსაც უფრთხის, მაგრამ ჩახუტების მსურველი ბავშვისთვის ხელის კვრა, ზლატანისგან ნამდვილად უღირსი საქციელია!

კარგია, რომ საქართველოს ნაკრებმა გვაჩვენა ყველაზე მთავარი, რასაც მისგან ვითხოვთ - თავდაუზოგავი ბრძოლა! ჰიმნის ემოციური შესრულებით მიღებული მუხტი ქართველ ფეხბურთელებს მოედანზეც გაჰყვათ, შიშის, მეტოქისადმი ზედმეტი მოურიდებლობის გარეშე ითამაშეს და იღბალიც ხომ გამბედავებს სწყალობს? როცა მუხლები არ გიკანკალებს და ბურთს ყველა ჯერზე უმისამართოდ არ იგერიებ, შანსი ნებისმიერ მეტოქესთან გაქვს, ოღონდ საკითხავია, ჩვენი ფეხბურთელები აქამდე რას ელოდნენ?!

ბალასტის გარეშე

სწორად შერჩეული შემადგენლობა შემთხვევით არ მიხსენებია. რთულია გაიხსენო მატჩი, როცა მინიმუმ 2-3 მოთამაშე "ზედმეტის" შთაბეჭდილებას არ ტოვებდა მოედანზე. შვედეთთან მსგავსი არაფერი გვინახავს - არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ "მოუცდენია" ადგილი მინდორზე, მინიმუმამდე იყო დაყვანილი ჩვენი მთავარი სენი - შეტევის შენელება, დაცვაში დროულად არჩასვლა და სხვ.

დანამდვილებით რთულია თქმა, რომ ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ ვილი სანიოლმა იდეალურ ტაქტიკასა და შემადგენლობას მიაგნო (მით უმეტეს, არ უთამაშიათ კიტეიშვილს, კანკავას, ჩაკვეტაძეს და სხვ.) - ეს მომდევნო თამაშებში გამოჩნდება. მით უმეტეს, არა მგონია, ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები უშეცდომოდ ათამაშდეს, ყველა მომდევნო მეტოქეს ჰანდიკაპით დაამარცხებს და ნაკრების ყველა წევრი მომენტალურად დაიმსახურებს ადგილს კლუბის ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ... თუ მეტ-ნაკლები სტაბილურობით მაინც შევძლებთ ამ დონეზე თამაშს, შედეგი აუცილებლად იქნება. ფაქტია, რომ წელიწადში ერთი ასეთი "გამონათება" არ კმარა. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ შვედეთთან მატჩი მხოლოდ მორიგი "კარის გაჯახუნება" იყო. მანამდე კი საქართველოს ნაკრებმა აქამადე განცდილი ყველა მარცხი და იმედგაცრუება დაგვავიწყა! ქართველ გულშემატკივარს ცოტაც ჰყოფნის ბედნიერებისთვის და მონატრებულმა გამარჯვებამ ცოტა ხნით მაინც დაგვავიწყა ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემო ხდება - ქართულ ფეხბურთში, პოლიტიკაში, მთლიანად ქვეყანაში...

"ოპერა-ცია ხიზანიშვილი"

თუ სანიოლი "შორიდან" უკეთ ხედავს შემადგენლობასა და თამაშის მსვლელობას, დავტოვოთ ტრიბუნაზე! სათადარიგოთა სკამი და ოპერა კი ხიზანიშვილს დავუთმოთ. სახუმაროდ კი გვაქვს საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი მწვრთნელის დისკვალიფიკაციას გამარჯვება მოჰყვა. სანიოლი ტრიბუნაზე იყო, მოედნის კიდესთან კი მისი თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი იდგა და ყურსასმენებში უსმენდა... საოპერო მუსიკას! მატჩის შემდეგ, როცა ფრანგ მწვრთნელს თანაშემწესთან კომუნიკაციის სირთულეებზე ჰკითხეს, ხუმრობის ხასიათზე მყოფმა ფრანგმა "არ დაგვიმალა" - იმხელა ხმა მაქვს, ფეხბურთელებს ტრიბუნიდანაც გავაგონებდი, ხიზანა მე კი არა, მატჩის დროს ოპერას უსმენდაო! როგორც ჩანს, საკმაოდ დინამიკურს, რადგან თამაშის ტემპი 90 წუთის განმავლობაში არ შენელებულა.

ხვიჩა - ესპანეთის საუკეთესო მეგობარი

ხვიჩა ესპანეთის საუკეთესო მეგობარი გახდაო, ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს საქართველო-შვედეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ. ქვეჯგუფში პირველი ადგილის დასაბრუნებლად ესპანელები შვედეთის წაფორხილებას ელოდნენ. ბათუმური ფრეც პირინეულ წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა... წყალი კი არა, აჭარის ულამაზეს სტადიონზე ჩანჩქერი ვნახეთ, თავსხმა - სიხარულის, ემოციის ასერიგ მონატრებული ნიაღვარი!

ხვიჩა ესპანეთის მეგობარი გახდა. ჩვენი ისედაც იყო - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი. საქართველოს ძალიან სჭირდებოდა მისი გოლ(ებ)ი, ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ ნაკრების მწვრთნელს, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს... მაგრამ ძალიან სჭირდებოდა თავად ხვიჩასაც! მართალია, არ აღიარებს, მაგრამ ხომ ყველა ვხედავთ, როგორ დამთრგუნველად იმოქმედა ახალგაზრდა მოთამაშეზე მის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, ჩაშლილმა "პერეგავორებმა", არშემდგარმა ტრანსფერმა?! ხვიჩა დაბრუნდა, დაბრუნდა ტრავმის და კრიტიკის შემდეგ, რათა დაედუმებინა რუსი კრიტიკოსებიც, ცხვირაწეული შვედებიცა და ყველა სხვაც, ვინც 20 წლის ბიჭის თითოეულ წაბორძიკებას ნიშნის მოსაგებად იყენებს. ხვიჩა კვარაცხელია გმირი არ არის. ჯერ არც ვარსკვლავია და არც იმდენი დაუმსახურებია, რამდენსაც მასზე ლაპარაკობენ, მაგრამ გამარჯვებებს დანატრებული ქართველი ქომაგისთვის იმედი ნამდვილად არის. დღეს-ხვალ თუ არა, "თავის დროზე ის IIაუცილებლად ითამაშებს იმ ყბადაღებულ "გრანდში", რომელიც ჯერ მხოლოდ ჰორიზონტზე მოჩანს. მანამდე კი ვილი სანიოლს დავუჯეროთ: "გთხოვთ, ნაკლები ილაპარაკოთ კვარაცხელიაზე. აცალეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში".

ჩვენს მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია

ბათუმში მეც მატარებლით ჩავედი: გასვლითი შეხვედრებისას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ჩინებულ მასპინძლობას გვიწევს ხოლმე და ასე იყო ამჯერადაც. "შტადლერის" მეორე სართულიდან ქართული ფეხბურთის მომავალი ჯერ არც ისე მკაფიოდ ჩანს, ბევრ რამეს უზბეკეთთან მატჩიც დაგვანახვებს, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბრძოლას ყოველთვის და ყველასთან აქვს აზრი. საქართველოს ნაკრებს და მის გულშემატკივარს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა! ბიჭებო, მადლობა ამ სიხარულისთვის! როცა მოინდომებთ, ხომ შეგიძლიათ?!

დიახ, მატარებელი იღბლიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. თუმცა, ეიფორიაში ჩასავარდნი ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. პრობლემაც ბევრია და სამუშაოც, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების დამარცხებამ აჩვენა, რომ ჩვენს გუნდს პერსპექტივა აქვს.

ქართული ფეხბურთის მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია, ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც, თუ საჭიროა, ფეხითაც ჩახვალ!