ლეჩხუმური მოსავალი სათაფლიის მარანში ძმარდება - კვირის პალიტრა

ლეჩხუმური მოსავალი სათაფლიის მარანში ძმარდება

"ვაშლი გადამუშავების პროცესში მაინც სკდება. მას საცეხველში ვხეთქავთ. მანამდე კი ვბერტყავთ, რადგან ძალიან მაღლაა და ვერ ვწვდებით. მერე ვაშრობთ, სათაფლიაში მოგვაქვს და იწყება მისი დამუშავება. კარგი ძმარი რომ დადგეს, სამიდან შვიდ თვემდეა საჭირო"

ლექსო ჩარკვიანი წარმოშობით ლეჩხუმელია, აქვს მამული სოფელ აღვში, მაგრამ მეწყერმა მისი სახლი დააზიანა. მართალია, საცხოვრებლად აღარ ვარგა, მაგრამ მიწის ნაკვეთს დაუმუშავებელს არ ტოვებს. მოჰყავს სიმინდი, ლობიო და უვლის ხეხილის ბაღს.

ლექსო პროფესიით ინჟინერია, მაგრამ ტუროპერატორად მუშაობს - ჯგუფები დაჰყავს იმერეთის, ლეჩხუმის და სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით. ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს. იმის გამო, რომ ლეჩხუმისკენ გზები სახარბიელო არ არის და იქ სახლიც აღარ ვარგა, უმეტესად სათაფლიაში საქმიანობს. ლეჩხუმში მოწეულ მოსავალს იქ ახარისხებს და აბინავებს. იქვე აქვს ფრინველების ფერმაც. ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რომ ლეჩხუმში მოწეული ვაშლით სათაფლიის მარანში ვაშლის ძმარს ამზადებს.

- ლეჩხუმში ცხოვრება სახიფათოა. მეწყერმა სახლი დააზიანა, მაგრამ იქაურ მამულს უყურადღებოდ არ ვტოვებ. იქაური მოსავალი სათაფლიაში მომაქვს და ვაშლისგან ძმარსაც ვაყენებ. ლეჩხუმში, ციტრუსის გარდა, ყველანაირი ხილი მოდის, ვაშლი და მსხალი კი თავზე საყრელია. მისი გაყიდვაც შეიძლება, მაგრამ შვიდი წლის წინ ძმრის კეთება დავიწყე. მოსწონთ და ერთგული კლიენტებიც მყავს. სიმინდი და ლობიო კი მხოლოდ ოჯახისთვის მომყავს.

- ძმარს რომელი ჯიშის ვაშლისგან ამზადებთ? - ვაშლის ძმარს მხოლოდ სინაფისგან ვაყენებ. ეს ჯიში წვნიანი და არომატულია, მისგან გამორჩეული ძმარი მზადდება.

- ძმრის დასამზადებლად საღი ვაშლი უნდა იყოს თუ დაჟეჟილიც შეიძლება? - ვაშლი გადამუშავების პროცესში მაინც სკდება. მას საცეხველში ვხეთქავთ. მანამდე კი ვბერტყავთ, რადგან ძალიან მაღლაა და ვერ ვწვდებით. მერე ვაშრობთ, სათაფლიაში მოგვაქვს და იწყება მისი დამუშავება. კარგი ძმარი რომ დადგეს, სამიდან შვიდ თვემდეა საჭირო.

- ძმრის მომზადებას როგორ იწყებთ? - ვაშლს ჯერ ვრეცხავთ, მერე კარგად უნდა გაშრეს. გამშრალს ქვის ლოდების საცეხველში ვაპობთ და ასე დაქუცმაცებულს კასრებში ნახევრამდე ვათავსებთ, რომელსაც ნახევარზე წყალს ვამატებთ. ასე უნდა დავტოვოთ ერთი დღის განმავლობაში, მეორე დღეს კი კასრს წყლით ვავსებთ და ვაჩერებთ. სამ დღეში დუღილს იწყებს.

ორი სახეობის ძმარს ვამზადებ. ერთია, როცა მასას თაფლს ვუმატებ, მეორე ვარიანტი კი უთაფლოა. ვამატებ აკაციის თაფლს (4 კგ ერთ კასრზე). წაბლის თაფლი არ შეიძლება. ეს მასა 10-12 დღეში დადუღდება. მერე ვაშლის მასა უნდა ამოვიღოთ. რაც კასრში დარჩება, ის სითხე, ანუ ვაშლის ღვინო, დუღილს კიდევ 20-25 დღე გააგრძელებს. მერე პატარ-პატარა ჭურჭელში გადავიღებთ, სადაც ასევე უნდა დადუღდეს. გადაღება კიდევ 3-4-ჯერ სჭირდება. ეს ეტაპები უთაფლო მასასაც უნდა, ოღონდ პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან მას სიტკბო არა აქვს და მეშვიდე-მერვე გადაღებისას უკვე კარგია. ამ საქმისკენ სინაფმა მიბიძგა. ვჭამდით, მოსაკითხადაც გავცემდით, მაგრამ მაინც გვრჩებოდა. სად წამეღო, არ ვიცოდი და ეს მოვიფიქრე... ბოლო ეტაპი მასის გაფილტვრაა, მერე კი ქარხნულად ბოთლებში ვბეჭდავ და დამკვეთებს ვაწვდი. ერთი კასრიდან 100 ლიტრი ძმარი გამოდის. 200-ლიტრიან კასრში 90 კილოგრამი ვაშლი თავსდება. ეს დაახლოებით ერთი-ერთზე გამოდის. შეიძლება ერთი სამზეც გავაკეთოთ, მაგრამ ნაკლები ხარისხის იქნება...

- ეს ყველაფერი ხდება იმ მარანში, რომელიც სათაფლიაში გაქვთ... - დიახ, და რომელსაც ნელ-ნელა ვაშენებ და ვაკეთებ... იქვე მეფრინველეობასაც მივდევ. 150 ფრთა ფრინველი მყავს. ფრინველის ხორცსა და კვერცხს არ ვყიდულობთ. კვერცხი იმდენია, მეგობრებსაც ვაწვდი და ერთ ბებოს, რომელიც ბაზარში ვაჭრობს, დაბალ ფასად ვატან. სათაფლიაშიც ვთესავ ლობიოს და სიმინდს - მიწას არც აქ ვაცდენ.

- თქვენი საქმე მხოლოდ ეს ხომ არ არის? - დიახ, ტუროპერატორი ვარ. ამასთან, ამ საქმეში რამდენიმე ადამიანი დავაკვალიანე. დამიჯერეს, სცადეს და კარგადაც გამოუვიდათ.

- ბოლო დროს ლეჩხუმში 89 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ეს თქვენი კამპანიის დამსახურებაა, რომელსაც "დაკარგული სამოთხე" უწოდეთ... - დიახ, ჩემს კუთხეში, ლეჩხუმში, უკვე 89-ე კარმიდამო "გათბა". ეს პროექტი 2018 წლის ივნისში დავიწყე და უამრავ მიტოვებულ სახლს ახალი პატრონიც გამოუჩნდა. როცა სოფელში მივდივარ, გზად სოფლებში შევივლი ხოლმე და თუ მიტოვებულ სახლს ვნახავ, მის პატრონს ვუკავშირდები, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ვტვირთავ, დანარჩენს კი პატრონი და მყიდველი თავად აგვარებენ. რაც შეეხება იდეას, ეს მაშინ გამიჩნდა, როცა ერთ სოფელში სტუმრობისას ჩემ თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოიშალა. ამ მიტოვებული სახლებით, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები და ახალგაზრდები ინტერესდებიან.

- მეურნეობას რომ დავუბრუნდეთ, რას ურჩევდით სხვებს? - ახალგაზრდებისაც მესმის - სოფლებში გზა არ არის, სხვა პრობლემაც ბევრია, მაგრამ მაინც არ უნდა დაგვეზაროს იქაურობის მიხედვა.

ამ პანდემიის დროს ლეჩხუმში ისეთი ეზოები ვნახე დახნული და დათესილი, წლებია, არავინ რომ არ გაჰკარებია...

ლეჩხუმში მესაქონლეობას მოვკიდებდი ხელს, მაგრამ იქ პირობები არ არის, სათაფლიაში კი ამ საქმეს ვერ წამოვიწყებ - ქალაქიდან სულ ორი კილომეტრია. მიუხედავად სიძნელეებისა, არ ვჩერდები და მეფრინველეობის გაფართოება მინდა. მთავარია, საქმის კეთების სურვილი გვქონდეს და არასდროს გავჩერდეთ.

ლალი ფაცია