"მიხეილ სააკაშვილს მემორიალებზე გვირგვინის მიტანის გამო ასამართლებენ" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს მემორიალებზე გვირგვინის მიტანის გამო ასამართლებენ"

პიარული თვალსაზრისით ხელისუფლებას სჭირდებოდა რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს სამარცხვინო "პიჯაკების საქმე" წამოიწყეს,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს მემორიალებზე გვირგვინის მიტანის გამო ასამართლებენ.

"ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინის შემკობის გამო, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანის გამო. როდესაც სენატორი ჯო ბაიდენი იყო, მისი გამასპინძლების გამო, ვიქტორ იუშენკოს საქართველოში გამასპინძლების ხარჯის გამო. ბრონირებული ავტომობილების დაქირავების და ყველა იმ საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახორციელების გამო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, 2013 წელს ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იყო. 2013 წელს გაწეული არც ერთ ხარჯი არ განსხვავდება 2009-2012წწ-ში გაწეული ხარჯისგან, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო კანონიერი ხარჯები. უბრალოდ, პიარული თვალსაზრისით ხელისუფლებას სჭირდებოდა რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს სამარცხვინო "პიჯაკების საქმე" წამოიწყეს", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

"დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია - მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს", - მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს.

"ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთას ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და მას უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა - პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, რომ კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო. შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს მათ უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ. უნდა დავაფიქსიროთ, რომ სასამართლო სხდომა, ეს პროცესი არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. პირადად ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეყვანა პენიტენციურ სამსახურს, რომ მისი გადმოყვანა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუქმნიდა საფრთხეს, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი. ჩვენ გვახსოვს 10 ნოემბერს შეეძლო ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს და ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ. ყველას კარგად ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, ვინც ამ პროცესებში ჩართულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.

"ინტერპრესნიუსი"