"ქართული ოცნება" გარსში ჩაიკეტა. პროტესტი უფრო გაიზრდება, თუ..." - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" გარსში ჩაიკეტა. პროტესტი უფრო გაიზრდება, თუ..."

"პროტესტი უფრო გაიზრდება, თუ ამ ვითარებაში ცვლილებები არ მოხდა - "ქართული ოცნება" თავდაცვის რეჟიმშია გადასული, აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს, ეს ყველაფერი განპირობებულია საზოგადოების წნეხით", - ამის შესახებ ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

მისი თქმით, საზოგადოების წნეხი მხოლოდ ხელისუფლების მიერ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში შემცირდება.

"ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად მოქმედებდა და მოქმედებს, ამიტომაც მივიღეთ ეს კრიზისი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის არის მებრძოლი ადამიანი და მან განაცხადა, რომ შიმშილობას გააგრძელებს, ვიდრე არ გადაწყდება წმინდა ჰუმანიტარული საკითხი. ჰუმანურობის პრინციპიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა მულტიფუნქციურ საავადმყოფოში. ელენე ხოშტარიას პროტესტის ფორმა არის გამორჩეული, ის არის ასევე ღია კრიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის, შესაბამისად, მისი შიმშილობა ეძღვნება იმას, რომ მესამე პრეზიდენტი გადაარჩინოს, მან პირდაპირ თქვა, რომ თუ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იქნება საუბარი, ის იქნება ოპოზიციონერი, ამით არის გამორჩეული სწორედ მისი პროტესტი, რაზეც არანაირი ადეკვატური ნაბიჯი მათი მხრიდან არ ყოფილა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი უფრო გაიზრდება, თუ ამ ვითარებაში ცვლილებები არ მოხდა. ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნება" თავდაცვის რეჟიმშია გადასული, ჩაიკეტა რაღაც გარსში, აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს, როგორც ჩანს ეს ყველაფერი განპირობებულია იმ წნეხიდან, რაც საზოგადოების მხრიდან არის შექმნილი, მაგრამ ეს წნეხი რომ შემსუბუქდეს "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადადგას ნაბიჯი, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ არსებული საფრთხეების შემცირება მისი გადაყვანით მულტიფუნცქციურ საავადმყოფოში",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეპრესიული ზომებით პროტესტს ვერ გააჩერებ.

"ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული ნაბიჯები კიდევ უფრო გაამწვავებს მუხტს, კიდევ უფრო გაზრდის, რაც უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. ამიტომ გამოსავალი არ არის რეპრესიების გაზრდა, გამოსავალია იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, ადამიანის სიცოცხლის მიმართ არსებული რისკების შემცირებაზე, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაც არ უზრუნველყოფს რისკების მოხსნას, აქ საუბარია შემცირებაზე. რეპრესიული ზომებით ამ პროტესტს ვერ გააჩერებ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"