"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოგა ონიანმა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, კლინიკა დატოვა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოგა ონიანმა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, კლინიკა დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გოგა ონიანმა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, კლინიკა დატოვა.

დაკავების შემდეგ, 13 ნოემბერს, სამართალდამცავებს ონიანი გორის პოლიციის იზოლატორში გადაჰყავდათ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. იზოლატორიდან მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო და ონიანი გორში, კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

"ჩემი დაკავება და კლინიკაში მოთავსება არის მეასეხარისხოვანი, როცა საქართველოს ევროპული მომავალი არის საფრთხის ქვეშ და ხელიდან გვეცლება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% მაქსიმუმს გაიღებს და არავის მისცემს უფლებას, რუსული, პუტინის ოცნება სრულდებოდეს ქვეყანაში როგორც პრეზიდენტის მიმართ, ასევე ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც არ უნდა რუსეთში დაბრუნება და ვისაც არ უნდა ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე უარის თქმა.

რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ეს პრობლემა გულთან დაკავშირეებით არის ბავშვობიდან, მაგრამ მდგომრეობის გაუარესება დაემთხვა იმ უსამართლობას, რასაც ჰქონდა ადგილი იგივე მოსამართლის მხრიდან და შემდეგ უკვე მოწმის მხრიდან, რომელმაც უტიფრად განაცხადა თეთრზე შავი და როდესაც მოსამართლეს ვერ ეუბნები იმას, რასაც იმსახურებს, ისევ შენი მორალიდან და ზნეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს შენზე მოქმედებს.

კლინიკის დატოვების შემდეგ, თავს ნორმალურად ვგრძნობ, ვარ ბრძოლის განწყობაზე და მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ აქციაში, რომელიც გაიმართება დღესაც, ხვალაც და შემდგომშიც", - განაცხადა გოგა ონიანმა.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გოგა ონიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან 10 ნოემბერს გამართულ აქციაზე დააკავეს და მას ადმინისტრაციული წესით შეეფარდა პატიმრობა. ონიანის გარდა, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.

"ინტერპრესნიუსი"