"ოპოზიციონერთა "ფიქრნი მტკვრის პირას" და გლდანის ციხე: "თვითონ მეფენიც უძლეველნი" - რას წერს ცნობილი გერმანული მედია
გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) მოამზადა და ვებგვერდზე გამოაქვეყნა რეპორტაჟი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, სათაურით - "როგორ აპროტესტებს ქართული ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ახალ სასამართლო პროცესს". პუბლიკაციაში გადმოცემული და განხილულია პროტესტის ის ფორმები და მეთოდები, რომლებსაც ქართული ოპოზიციური ძალები იყენებენ ხელისუფლების მოქმედების წინააღმდეგ და რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება. მასში ყურადღება ეთმობა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობას, ადვოკატების შეხვედრებს ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ მოწყობილ პერფომანსებს და ა.შ.
ოპოზიციონერთა "ფიქრნი მტკვრის პირას"
რეპორტაჟში განსაკუთრებით ვრცლად არის ასახული 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ თბილისის ქუჩების გადაკეტვა, რომელმაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. "იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი მთებს შორის არის მოქცეული და მდინარე მტკვრის გასწვრივ არის გაშენებული, ქალაქის მთავარი ქუჩებისა და მაგისტრალების გადაკეტვა არავითარ სიძნელეს არ წრმოადგენს. მეტროპოლიტენის სადგურ "ავლაბართან" შეკრებილი ოპოზიციონერების კოლონა მდინარის სანაპიროსკენ დაიძრა და მარცხენა ნაპირზე არსებული მთავარი მაგისტრალი გადაკეტა... თუმცა პოლიციამ საკმაოდ სწრაფად შეძლო ტრანსპორტის ნაკადის გადამისამართება სხვა ქუჩებზე.
ოპოზიციონერთა კოლონამ გაიარა ბარათაშვილის ხიდი და თბილისის ძველ უბანში შევიდა, სადაც გაიმეორა მანევრი - ამჯერად გადაკეტა მდინარის მარჯვენა ნაპირზე არსებული ავტომაგისტრალი, ბოლოს კი სვლა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაასრულა. სხვათა შორის, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ვერ იტანენ - იმიტომ, რომ მან უარი განაცხადა პატიმარი სააკაშვილის შეწყალებაზე. არადა, სახელმწიფოს მეთაურს ამის უფლება სრულიად აქვს", - ნათქვამია რეპორტაჟში.
"თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის დროს უამრავი პოლიციელი და სპეციალური დანიშნულების რაზმელი იყო თავმოყრილი, იდგა სპეცტექნიკაც, თუმცა დემონსტრანტებმა ყოველგვარი ინციდენტების გარეშე გაიარეს. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ ამგვარი აქციები, ქუჩების გადაკეტვით, პერმანენტულად ჩატარდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი", - ნათქვამია რეპორტაჟში.
გლდანის ციხე: "თვითონ მეფენიც უძლეველნი"
"გლდანი - ეს თბილისის ყველაზე შორეული საგარეუბნო მიკრორაიონია, სადაც საქართველოს პენიტენციალური სისტემის ცნობილი №8 დაწესებულება მდებარეობს - ქვეყნის ყველაზე დიდი საპყრობილე, რომელიც ოთხი ათას პატიმარზეა გათვლილი. შენობის ეზოში, კორპუსებს შორის, განლაგებულია №18 სამედიცინო დაწესებულებაც - ბრალდებულებისა და დაპატიმრებულებისათვის. ამ მომენტისათვის სწორედ იქ იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის, გლდანის საპყრობილე სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს აშენდა, იქ ისეთი დამნაშავეები სხედან, რომლებიც 2012 წლამდე დაიჭირეს და გაასამართლეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ანუ გლდანის ციხეში საკმაოდ ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი იხდის სასჯელს, რომელთა მიმართ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას ატარებდა. ბუნებრივია, მათ სძულთ ქვეყნის ყოფილი მეთაური. ამიტომაც, როცა იქ მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს, საკნებიდან ექსპრეზიდენტის მისამართით ლანძღვა-გინება ისმოდა.
მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები და თანამოაზრეები თვლიან, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ექსპრეზიდენტის ყოფნა ხელისუფლების შურისძიებას წრმოადგენს. მათი აზრით, მიხეილ სააკაშვილი წინასწარ განზრახულად გადაიყვანეს იქ, სადაც თავის დროზე თვითონაც გზავნიდა დამნაშავეებს. გარდა ამისა, ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გლდანის ციხე [თავისი პირობებით] ძალიან განსხვავდება რუსთავის საპყრობილისაგან, სადაც ექსპრეზიდენტი თავდაპირველად იმყოფებოდა. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ