"ასე ნავალნისაც არ ექცევიან დიქტატორულ რუსეთში - გაუგებარია ის დუმილი, რომელიც დასავლეთიდან მოდის, რა ვერ დაინახეს, რა ვერ აღმოაჩინეს ისეთი?!"
"ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილი სიკვდილისთვის გაწირა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვანო მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ტყვეა.
"დღეს რა მდგომარეობაში არის მიხეილ სააკაშვილი, ინტოქსკაცია, რომელიც მას დაეწყო, ყოველდღე შეიძლება ფატალური შედეგის მოწმეები გავხდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ეს ნამდვილად არ ადარდებს",-განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, როგორც ექცევა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციას, ამით "ქართული ოცნება" გაშიშვლდა.
"არ გადაჰყავთ სააკაშვილი საავადმყოფოში. რატომ ეშინიათ ასე ცოცხალი სააკაშვილის? იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაასრულეს. ეს ხომ კატასტროფაა ქვეყნისთვის",-განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი განმარტებით, "ქართულ ოცნებას" დღეს მხოლოდ ერთი დღის წესრიგი აქვს - ხელისუფლებაში დარჩეს.
"აირჩია მტერი ოპოზიცია. ადრე თუ "ნაციონალური მოძრაობა" იყო, ახლა მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ მათი მხარდამჭერებიც იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გარკვეული სეგრეგაცია ხდება "ქოცების" და არაქოცების". ფაქტობრივად, ცალკე კასტა ყალიბდება",- განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლებას ნამდვილად დემოკრატიული სტანდარტი აქვს, მიხეილ სააკაშვილი სხვა კლინიკაში უნდა გადაიყვანოს და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება მისცეს.
"მიხეილ სააკშვილის ჩამოსვლა ლაკმუსის ტესტივით აღმოჩნდა, რომელმაც "ქართული ოცნების" დემოკრატიულობის ხარისხის არარსებობა აჩვენა. თუ როგორ ეპყრობა ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ საუბრობენ, რომ არის არაადამიანური მოპყრობა. ჩვენი ომბუდსმენი საუბრობს, რომ არის არაადამიანური მოპყრობა, პირადი და პოლიტიკური შურისძიება. ყველას ეკუთვნის შეჯიბრებითობის პრინციპით მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, მას ამის საშუალებას არ აძლევენ, რაც თავისთავად პრობლემაა. მისი შიმშილობა არის პოლიტიკური აქტი, რომელიც მუდმივი პოლიტიკური ქილიკის საგანი გახდა. არ აძლევენ საშუალებას, რომ უმკურნალონ. ზღაპარია ის, რომ თურმე გლდანის საავადმყოფო აღჭურვილია სათანადოდ, ეს ყველამ იცის. თვითონ ქალბატონმა წულუკიანმა გააუქმა ეს საავადმყოფო, რადგან ვერანაირ პირობას ვერ აკმაყოფილებდა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ექცევიან მას. მე ვარ შეურაცხყოფილი, როგორ დაჭრილი ტახივით, არადამიანურად, ღირსების შემლახავად დაათრევენ მას. ასე ნავალნისაც კი არ ექცევიან დიქტატორულ რუსეთში", - განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც ის განმარტავს, დასავლეთში საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ სრული გულგრილობაა და არც ქართული ოპოზიციაა ერთიანი. ვანო მაჭავარიანის შეფასებით, გაუგებარია ოპოზიციის ქმედებები და მათი რეალური მოთხოვნები.
ვანო მაჭავარიანის თქმით, საქართველო დიქტატორულ რეჟიმს ემსგავსება, რის გამოც დასავლეთი ინტერესს კარგავს.
"სრულიად გაუგებარია ის დუმილი, რომელიც დასავლეთიდან და აშშ-დან მოდის. რა ვერ დაინახეს, რა ვერ აღმოაჩინეს ისეთი?! თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლამდე იყო მტერი, რომელსაც ყველაფერს აბრალებდნენ და სასამართლოში წარდგენის საშუალებას არ ძლევდნენ, "პიჯაკების საქმეზე" თუ 7 ნოემბრის, ახლა ის ნელ-ნელა ემსგავსება ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად ჩაგრულია. ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ტყვეა",-განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს იმის საჩვენებლად, რომ "ოპოზიცია არის ქვეყანაში ყველაფრის ამრევი და ისინი არიან სტაბილურობის გარანტი".
"ოპოზიციაში ერთიანი პოზიცია არ არის, ამას ხედავენ მათ შორის ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით, აშშ-ში. ვინ არის ლიდერი? ვის გარშემო ხდება კოორდინირება? სააკაშვილი ფაქტობრივად, საფრთხობელა გახადეს ზოგჯერ, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ",-განაცხადა მაჭავარიანმა.
"ინტერპრესნიუსი"