"ქვეყანაში არ დარჩა ინსტიტუტი და პიროვნება, რომელსაც შეიძლება ნდობა გამოუცხადო. ასეთი სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ცდილობს პოლიტიკურ ლავირებას"
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, არჩევნების შემდეგ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემად რჩება მესამე პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები. სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.
ასევე ის, რომ მასთან ვერ შედიან ის ექიმები, რომელსაც ის ენდობა, აქციები, რომელსაც აწყობს "ნაცმოძრაობა" ქუჩაში. პარლამენტში და დიდი ქალაქების საკრებულოებში დაწყებულია აქციები.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს უკავშირდება?
- ვითარება არის ძალიან რთული, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, ის რაც ახლა ხდება, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილია.
ჩვენში პოლიტიკური პროცესი ქუჩაში აქტიურობის ტრადიციით, მინიმუმ 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული მიმდინარეობს. ქუჩაში დაპირისპირებები 2019 დაიწყო და 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაგრძელდა და დღემდე გრძელდება.
ადგილობრივ არჩევნებს, რომელზეც მიბმული იყო რეფერენდუმი და რიგგარეშე არჩევნების თემა სიტუაცია მეტ-ნაკლებად უნდა დაემშვიდებინა. მაგრამ, ასე არ მოხდა. ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების თემა ოპოზიციის მხრიდან არ მოხსნილა და დაპირისპირების ძირითადი საგანი სააკაშვილის თემასთან ერთად არის ეს საკითხი. სააკაშვილის ჩამოსვლამ არჩევნების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო რთული გახადა. ოპოზიცია აქტიურობს და შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ ბრძოლაში მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს.
შედეგად მივიღეთ ის, რასაც ვხედავთ. ახლა სამსჯელო ისაა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას, ან სანამდე გაგრძელდება დაპირისპირების ეს პროცესი.
- "ნაცმოძრაობა" და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას. ვხედავთ, რომ სააკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ არა მხოლოდ იმ ექიმებს, რომელსაც სააკაშვილი ენდობა, არამედ მასთან შესახვედრად ევროპიდან ჩამოსულ ევროპარლამენტარებს.
ხელისუფლების მტკიცებით სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მისი მდგომარეობა ყოველ დღე მძიმდება. ეს ისეთი თემაა, რომელზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ხელისუფლებისაგან პასუხი. არადა, ვხედავთ, რომ ხელისუფლების პასუხი, როგორც მინიმუმ, არც დამაჯერებელია და არც მთლად გასაგები...
- სამწუხარო რეალობა ისაა, რომ იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელშიც ვართ, ნდობას არც ერთი არ იმსახურებს და არც ერთ მხარეს არ დაეჯერება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პირადი შეხედულება ესაა. იმას, რასაც ვადევნებთ თვალს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ტელევიზიით იქნება ეს თუ პრესის საშუალებით, სხვა დასკვნის საფუძველი პირადად მე, არა მაქვს.
საზიზღრობა იყო ის კადრები, რომელიც აჩვენეს, ვგულისხმობ სააკაშვილის ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადაყვანის კადრებს. ძალადობა არავის არ მოსწონს, თუმცა, აქ არის მეორე საკითხი - თუ პატიმარი ბადრაგს არ ემორჩილება, ასეთ შემთხვევაში ბადრაგმა რა უნდა ქნას? ამაზეა პასუხი გასაცემი. და მეორე - 40 დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ახლა სერიოზულად მსჯელობენ თუ რაა შიმშილობა. სანამ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებდა, მე ვიცოდი რა იყო შიმშილობა, ახლა უკვე აღარ ვიცი.
1988 წლის შემოდგომიდან მოყოლებული ჩვენთან არა ერთი შიმშილობის აქცია გამართულა. მას შემდეგ თუ ყოველ წელს არა, ყოველ ორ წელიწადში ვიღაც შიმშილობდა. ან ერთი, არ რამდენიმე კაცი. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ახლა გაუგებარია რა ხდება. შიმშილობს არ შიმშილობს? კარგად არის, ცუდად არის?
როცა სასამართლოში მიყვანაზეა საუბარი, ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილი შიმშილობს და მძიმე მდგომარეობაშია, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მას სასამართლოში მისვლა შეუძლია. სხვა დღეებში, ოპოზიცია აცხადებს, რომ იგი ცუდადაა, ხელისუფლება კი ამტკიცებს რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ასეთი ვითარებიდან ჩვენ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?
- ფაქტია, რომ თუნდაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. როდესაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის ცნობადი სახეები ითხოვენ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ხელისუფლების პასუხი ასეთია - სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში იმყოფება. არადა, ყველა ამბობს, რომ ის, ჩვეულებრივი ამბულატორიაა.
თუ ხელისუფლებამ ჩვეულებრივი ამბულატორია მულტიფუნქციურ კლინიკად გადააკეთა, მათ შეუძლიათ აჩვენონ, რომ ის, სადაც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეტანილია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, იქ არიან მაღალკვალიფიციური მედიკოსები.
ჯერ ერთი კომისია იყო, მერე მეორე, ახლა იმათ არ უშვებენ, ვისაც სააკაშვილი ენდობა. აშკარად გაუგებარი ვითარება...
- სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური აქტი იყო. ახლა რაც ხდება, პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელებაა. არც ერთი მხრიდან არსად არ ჩანს სააკაშვილზე, როგორც ადამიანზე ზრუნვა. ყველა მხარის ნებისმიერი ნაბიჯის უკან ჩანს მხოლოდ პოლიტიკა.
ეს ეხება მულტიფუნქციურ კლინიკასთან დაკავშირებით განცხადებებსაც. დიახ, მეც მოვისმინე ხელისუფლების განცხადებები, რომ ახლა სადაცა სააკაშვილი, მისი მკურნალობისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს. რადგან ორივე მხარე პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეა, ამ თემაზე მათი განცხადებების დაჯერება ჭირს.
სამწუხაროდ, ქვეყანაში არ დარჩა არც ინსტიტუტი და არც პიროვნება, რომელსაც შეიძლება ნდობა გამოუცხადო. ასეთი სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ცდილობს პოლიტიკურ ლავირებას.
სამწუხაროდ, ქვეყანაში არ დარჩა არც ინსტიტუტი და არც პიროვნება, რომელსაც შეიძლება ნდობა გამოუცხადო. ასეთი სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ცდილობს პოლიტიკურ ლავირებას
სახალხო დამცველზე ხელისუფლების განცხადებები ნამდვილად გასაოცარი იყო. ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რომლითაც სახალხო დამცველი თურმე ოპოზიციას იცავს.
სახალხო დამცველმა ხელისუფლება უნდა დაიცვას? სახალხო დამცველი იმის სახალხო დამცველია, რომ ხელისუფლების გადამეტებული ზეწოლისაგან დაიცვას მოსახლეობა და საზოგადოება.
რადგან სახალხო დამცველზე ვსაუბრობ, უნდა გავიხსენო ისიც, რომ უგულავას კატასტროფულ განცხადებაზე მისი კომენტარი არ იყო არც პირდაპირი და არც სამართლიანი. რეალობა არის მძიმე და გამოსავალი - რაღაც შუაში უნდა ვეძებოთ რამე.
რაც შეეხება სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ისევ ვხედავთ, რომ სააკაშვილზე როგორც პოლიტიკოსზეა საუბარი და არა როგორც ადამიანზე.
- ექიმები ახლა ხშირად საუბრობენ, რომ სააკაშვილმა დღესვე რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ამ პროცესის მართვა ციხის საავადმყოფოს პირობებში საკმაოდ რთული იქნება...
- სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს. ასე უნდა იყოს მიუხედავად იმისა, ვისზე ვსაუბრობთ პოლიტიკოს სააკაშვილზე, თუ მოშიმშილე პაციენტ სააკაშვილზე.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ამ ფონზე სააკაშვილის, როგორ მოშიმშილის პერსონა იკარგება და საუბარია პოლიტიკოს სააკაშვილზე.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმაზე ფიქრობს, რომ გადაიყვანოს საავადმყოფოში, ეს სამედიცინო თვალსაზრისით კარგი იქნება, მაგრამ პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შეექმნება მას პრობლემა.
- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას რევოლუცია-გადატრიალებების ორგანიზების მუხლით ოპოზიციის წინააღმდეგ 6 საქმე აქვს აღძრული, მაგრამ არც ერთი არ აქვს ბოლომდე მიყვანილიო. მათივე თქმით, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამგვარი რამ ბუნებაში არ ყოფილა...
რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილთან საკანში არ შეუშვა ევროპელი პარლამენტარები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროსტრუქტურებში საქართველოს მხარდამჭერები არიან? თუ კარგადაა ანახონ, თუ ცუდადაა, ისიც ანახონ...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ვთქვი და გავიმეორებ, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროცესი ბევრად გამჭვირვალე უნდა იყოს.
ხელისუფლება მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს იმას, ევროპარლამენტარი ევროპარლამენტში რომელი პოლიტიკური ჯგუფის წევრია და ვისი ლობისტია. ლობიზმი დასავლეთში ხომ თამაშის მიღებული წესია.
ევროპარლამენტარებისთვის სააკაშვილთან შესვლაზე უარის თქმა იყო კატასტროფა. ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და ამ თემაზე გასაოცარი კომენტარები აკეთა. განაგრძეთ კითხვა