პუტინმა დედამიწელებს "კოსმოსური ნაგავი" დაგვიმატა...
მკითხველი იტყვის, რა დროს კოსმოსია, ქვეყანა ისედაც თავზე გვექცევა ამ მარაზმის თეატრის დროსო და არ იქნება მართალი, რადგან ის, რაც გუშინ, 15 ნოემბერს მოხდა ჩვენი დედამიწის კოსმოსურ ორბიტაზე, შეიძლება მალე თითოეული ჩვენგანის - დედამიწელის ცხოვრებაზეც უარყოფითად აისახოს.
და რა მოხდა ასეთი?
რუსეთმა მორიგი რაკეტა გაუშვა, რასაც ისედაც აკეთებს თვეში რამდენჯერმე, მაგრამ ეს რაკეტა სადმე, სამხედრო პოლიგონზე კი არ აფეთქდა და არც სირიაში დაანგრია კიდევ სახლები, არამედ - დედამიწის კოსმოსურ ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრს მოხვდა...
მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა, რუსეთმა თავისი ახალი თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტით ახლო კოსმოსში თავისივე თანამგზავრი "ჩამოაგდო" და არა - ამერიკული.
უფრო სწორად კი, რუსული თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტის გამოცდის მიზნით არჩეული იქნა ჯერ კიდევ 1982 წლის 16 სექტემბერს გაშვებული "ცელინას" სერიის საბჭოთა სადაზვერვო თანამგზავრი - "კოსმოს-1408", რომელიც დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებდა.
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალი რუსული შეირაღების სახეობების შექმნას და უცილობლად ამ ახალი თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტის (სავარაუდოდ, "ნუდოლის" ტიპის) წარმატებითი გამოცდაც მისი უშუალო დაკვირვების ფონზე ხდებოდა.
კრემლმა თავისას მიაღწია და დედამიწის, დაახლოებით, 490 კმ-მდე სიმაღლის ორბიტაზე მიწიდან გაშვებული რაკეტით თანამგზავრის "ჩამოგდებით" ამერიკელებს დაანახვა, რა შეუძლია, მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ, დედამიწელებმა, რომ რუსეთის პრეზიდენტის საამებლად განხორციელებული კოსმოსური აფეთქების შედეგად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე რამდენიმე წამში დამატებით 1 500 ახალი ფრაგმენტი წარმოიქმნა, რომელთა დაფიქსირება შეიძლება მძლავრი რადიოლოკატორებითა და ტელესკოპებით, ხოლო ათასობით უწვრილესი ფრაგმენტი ისე გაიფანტა ორბიტაზე, რომ არავინ იცის, მალე რომელ თანამგზავრს დაეჯახება...
მას შემდეგ, რაც 1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში დედამიწის პირველი თანამგზავრი გაუშვა, 64 წლის განმავლობაში კოსმოსისკენ სტარტი ათასობით რაკეტა-მატარებელმა აიღო, რომლებმაც დედამიწის ორბიტაზე და შორეულ კოსმოსში ათი ათასობით თანამგზავრი გაიყვანეს.
შორეულ კოსმოსში გაშვებულ თანამგზავრებთან შეჯახების საშიშროებაზე უცხოპლანეტელებმა იტკიონ თავი (რა თქმა უნდა, სხეულის ეს ნაწილი თუკი აქვთ, ჩვენი გაგებით), მაგრამ დედამიწის ორბიტის სხვადასხვა ეშელონზე წრიულად მოძრავი 300 ათასზე მეტი "კოსმოსური ნაგავია", რომლებიც ფუნქციაშეწყვეტილი დაშლილი თანამგზავრების ფრაგმენტებს წარმოადგეს და მათგან მხოლოდ 17 ათასი, შედარებით მოზრდილი ფრაგმენტის მონიტორინგი თუ მიმდინარეობს, რადგან სხვა მცირეზომიანი ფრაგმენტების დაფიქსირება დედამიწიდან, უბრალოდ, შეუძლებელია, თუმცა ერთსანტიმეტრიან "კოსმოსურ ნაგავსაც" კი შეუძლია დიდი ტრაგედიის დატრიალება ორბიტაზე, მაგალითად - "საერთაშორისო კოსმოსური სადგურის" სერიოზულად დაზიანება. ამიტომაცაა, რომ პილოტირებადი და უპილოტო თანამგზავრების ფრენის ორბიტის კორექცია ხშირად ხდება, რათა "კოსმოსური ნაგვის" დაჯახებას თავი აარიდონ.
პუტინმა კი დაგვიმატა დედამიწელებს "კოსმოსური ნაგავი", მაგრამ არ იფიქროთ, რომ ასე მხოლოდ რუსები ცოდავენ.
2007 წლის 11 იანვარს ჩინეთმა დედამიწის ორბიტის 865 კმ სიმაღლეზე თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტის გამოცდის დროს თავისივე ძველი თანამგზავრი გაანადგურა, რის შედეგადაც ორბიტა 2,8 ათასი ახალი "კოსმოსური ნაგვით" "გამდიდრდა".
2008 წლის 20 თებერვალს კი სარაკეტო კრეისერიდან გაშვებული "სტანდარდის" თანამგზავრსაწინააღმდეგო რაკეტით უკვე ამერიკელებმა "ჩამოაგდეს" თავისივე მწყობრიდან გამოსული სადაზვერვო თანამგზავრი, მაგრამ იმის გამო, რომ თანამგზავრის "ჩამოგდების" სიმაღლე მცირე იყო - სულ რაღაც 250 კმ, დიდი ალბათობით, ნამსხვრევების უდიდესი ნაწილი მალევე შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში და დაიწვა.
სწორედ დედამიწის ატომესფეროა ერთგვარი "მენაგვე", "კოსმოსური ნაგვის" დაწვისა და განადგურების სახით, თუმცა ზოგიერთი ფრაგმენტი მაღალტემპერატუმდგრადი ლითონისგანაა დამზადებული და ისინი არ იწვიან დედამიწის ატმოსფეროში გავლის დროს - ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდოთ "კოსმოსური ნაგვის" მიწაზე მოულოდნელ "სტუმრობას"...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს