ექნება თუ არა გაგრძელება ერევან-ბაქოს ერთდღიან სასაზღვრო კონფლიქტს... - კვირის პალიტრა

ექნება თუ არა გაგრძელება ერევან-ბაქოს ერთდღიან სასაზღვრო კონფლიქტს...

ყარაბაღის ომი დამთავრდა, მაგრამ დაიწყო ახალი დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე!

ომი შეიძლება ხმამაღალ ნათქვამია, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ 16 ნოემბრის დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ მთავარია, გამოიხატა ერევან-ბაქოს შემდგომი სავარაუდო დაპირიპირებების არეალი, რომელიც ნაკლებად იქნება ყარაბაღში - მან უკვე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის თითქმის მთელ გაყოლებაზე გადაინაცვლა.

საქმე ის არის, რომ ამ ორ, მეზობელ ქვეყანას სახელმწიფო საზღვარი დღემდე არ აქვს დემილიტირებული და დემარკირებული, რადგან, როდესაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, ზუსტად 30 წლის წინ, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყარაბაღისთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და საზღვრის დადგენისთვის არავის ეცალა. ამასთან, სომხეთს ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული და მთლიანად აკონტროლებდა ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებზე გამავალ სახელმწიფო საზღვარს.

დღეს კი, როდესაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი ტერიტორიების დიდი ნაწილი და გავიდა საზღვარზე, შეირაღებული შეტაკებები სომხებთან გარდაუვალი გახდა.

16 ნოემბერსაც ორმხრივი საარტილერიო ცეცხლის დაწყების მთავარი მიზეზი საზღვრის რიგ მონაკვეთებზე კონტროლის დაწესების მცდელობა გახდა აზერბაიჯანის მხრიდან.

რუსეთის ჩარევის შემდეგ ერევანმა და ბაქომ 16 ნოემბრის დღის ბოლოსთვის ცეცხლი შეწყვიტეს, თუმცა აზერბაიჯანული მხარის საბრძოლო დანაკარგმა 7 დაღუპული და ათი დაჭრილი შეადგინა, სომხებს კი 15-მდე სამხედრო დაეღუპათ, 12 კი - ტყვედ ჩავარდა.

სასაზღვრო კონფლიქტს, ასევე, "შეეწირა" სომხეთის თავდაცვის მინისტრის კარიერაც, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გადააყენა.

შეირაღებული სასაზღვრო შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არც უახლეს მომავალშია გამორიცხული, სანამ საბოლოოდ არ განისაზღვრება სახელმწიფო საზღვარი ამ ორ მოქიშპე მეზობელს შორის.

ცალკე გამოიკვეთა "ზანგეზურის დერეფნის" გახსნის პრობლემაც, როდესაც ერევანი ყველანაირად ცდილობს მის შეფერხებას, აზერბაიჯანი და თურქეთი კი ძალიან მოწადინებულები არიან, რაშიც მათ მხარს რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც უჭერს - სომხებს არანაირად არ სურთ, რომ აზერბაიჯანი ნახიჩევანს პირდაპირი საავტომობილო და, მითუმეტეს - სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდეს, სომხეთის ტერიტორიის გავლით.

ოფიციალურმა ერევანმა "ო-დე-კა-ბეს" მიმართა დახმარებისთვის, იმ მოტივით, რომ საფრთხე უშუალოდ სომხეთის ტერიტორიას დაემუქრა, მაგრამ ეს თხოვნა კვლავ იგნორირებულ იქნა,რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ "ო-დე-კა-ბეს" წევრი ქვეყნები კრემლის ნებართვის გარეშე ხელს არ გაანძრევენ, პუტინი კი სომხეთთან "კატათაგვობანას" თამაშს აგრძელებს, გასული წლის ყარაბაღის ბოლო ომიდან მოყოლებული - მას რუსეთისადმი უფრო მორჩილი სომხეთის ხილვა სურს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს