"ოპოზიციამ "თავის საქმეს მიხედოს" იქ, სადაც გაიმარჯვა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციამ "თავის საქმეს მიხედოს" იქ, სადაც გაიმარჯვა"

კანონით დადგენილ ვადაში, კონკრეტულად რომელი თვითმმართველობა რომელ დღეს დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეს მათი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებელი ორგანოებია და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მათ საქმიანობაში არ ჩაერევა.

"საკრებულოებმა მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღონ. თვითმმართველობა დამოუკიდებელია და მათ საქმეში ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი ვერ ჩაერევა. საკითხს თითოეული მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სადმე კანონი ირღვევა, ინფორმაცია მიგვაწოდონ და პარლამენტიდან განგაშს ავტეხავთ. მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და განგაში ატეხონ, მაგრამ არ მგონია, სადმე კანონი ირღვეოდეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანვე აღნიშნა, რომ იქ, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, "თავის საქმეს მიხედოს".

"სადაც ჩვენ ვართ უმრავლესობაში, ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავთ. სადაც ერთობლივად არის რაღაც გადასაწყვეტი, ერთად გადავწყვიტავთ. სადაც მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი, მოილაპარაკებენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი მუნიციპალურ დონეზე - ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა", - განაცხადა სუბარმა.