"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მომეწონა, დიდი იმედი გამიჩინა" - გიული ალასანია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მომეწონა, დიდი იმედი გამიჩინა" - გიული ალასანია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განუცხადა, რომელიც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად იმყოფება.

ალასანიას შეფასებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე პირდაპირ იმის გამო არ თქვა, რომ ჩათვალა, ეს მისი სფერო არ არის და საბოლოოდ ექიმების გადასაწყვეტი საკითხია.

"ამ ყველაფერმა მოლოდინი და იმედი გამიჩინა, რომ ბოლოს და ბოლოს დაიძვრება პროცესები, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაძრულიყო. ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა. მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო. სულ ვისმენთ ოფიციალური პირების დაუფიქრებელ, არაფრთხილ გამოთქმებს, რასაც ქალბატონმა სალომემ ყურადღება მიაქცია. მან აღნიშნა, რომ ასეთი გამოთქმები საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს, რაც ნამდვილად ასეა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"