"რაც ახლა შავ ზღვასა და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ხდება, ნერვების ომია და მიმართულია უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ"
უკრაინა-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად ეხმარებიან უკრაინას ნატო და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, "ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.
- ბატონო ვლადიმერ, ვხედავთ, რომ უკიდურესად იძაბება ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი კვლავ ახდენს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ფეთქებადსაშიში რჩება ვითარება დონბასში.
ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საკმაოდ მასშტაბურ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯან-სომხეთს შორის. მართალია ვითარება თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ რთულია იმის თქმა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობა შენარჩუნდება, რადგან ოფიციალურმა ერევანმა დახმარებისთვის კრემლს მიმართა.
ახლა რა ვითარებაა დონბასში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უკრაინა-რუსეთის საზღვართან თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას კვლავ ახდენს?
- როგორც მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ისე ახლაც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი ახდენს თავისი ძალების მობილიზებას. ახლა ეს სხვა ფორმებით ხდება, მაგრამ ეს გახლავთ დაძაბულობის მთავარი ფაქტორი, რაც ბუნებრივია იწვევს შეშფოთებას არა მარტო უკრაინაში.
უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალები მობილიზება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომის თვეებში, სექტემბერ-ოქტომბერში ხდებოდა. ეს უკავშირდებოდა რუსულ სამხედრო სწავლებებს ჩრდილოეთ კავკასიაში და უკრაინის საზღვრებთან. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის ხარისხი სტაბილურად საყმოდ მაღალია.
ახლა ჩვენ საზღვრებთან რუსეთის გააქტიურებას თავისი თავისებურებები აქვს. ახლა საუბარია არა მათი რიცხოვნობის გაზრდაზე, არამედ მათივე პოზიციებზე მათი ყოფნის კიდევ უთრო გაძლიერებაზე. ყველა ქვედანაყოფები, რომლებიც რუსულ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობენ, თავისი დისლოკაციის ადგილებს კი არ დამბრუნებიან, არამედ მათი დიდი ნაწილი ჩვენს საზღვრებთან დარჩა.
უკრაინის საზღვრებზე ახლა რუსული სამხედრო ძალების საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა დგას. ახლა საუბარია არა დონბასთან სიახლოვეს არსებულ ტერიტორიებზე, არამედ უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე. თუ მათ რაოდენობას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად გახლავთ შეშფოთების საბაბი.
- პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების 100 ათასით გაზრდის შესახებ ინფორმაცია ამერიკელებისგან მიიღო.
ამას მოჰყვა ერთი მხრივ ვაშინგტონის, ხოლო მეორე მხრივ ლონდონისა და პარიზის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინას გასაჭირში არ დატოვებენ. ყველაფერი ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
- დასავლეთის ქვეყნების ლიდერების განცხადებები გვაგონებს იმ ვითარებას, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე იყო. ამ განცხადებების ადრესატი ზელენსკიზე მეტად პრეზიდენტი პუტინი იყო. ამ განცხადებებით უკრაინის პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ მათ ქვეყნებს უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობები აქვთ.
უკრაინასთან დაკავშირებით ვაშინგტონის, ლონდონისა და პარიზის განცხადებები პუტინისთვის უნდა ყოფილიყო გზავნილი, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ სამხედრო ავანტიურას დაიწყებდა, კიევს მისი დასავლელი პარტნიორების თანადგომის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ეს განცხადებები გარკვეულ წილად გახლდათ პუტინის შეკავების თავისებური ინფორმაციულ-პოლიტიკური ფორმა.
- ვიცით, რომ ეს ქვეყნების უკრაინას ეხმარებიან ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში. რამდენად ხელშესახებია უკრაინის დასავლელი პარტნიორების დახმარება ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში?
- რა თქმა უნდა, უკრაინას მისი პარტნიორები ეხმარებიან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს დახმარება შეზღუდულია. საუბარი არაა ისეთ მასშტაბურ დახმარებაზე, რომელსაც აშშ უწევდა თავის ზოგიერთ მოკავშირეებს - სამხრეთ კორეას, ისრაელსა და ტაივანს, ან სხვებს.
მიუხედავად ამისა, უკრაინას პარტნიორები უწევენ სამხედრო დახმარებას. ამ თვალსაზრისით ვითარება გაუმჯობესულია. ახლა ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე მაგალითად 2014 წელს. შეგახსენებთ, რომ 2014-2015 წლებში მაშინდელი აშშ-ს ობამას ადმინისტრაცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის მიეწოდებინა ლეტალური იარაღი, მათ შორის თავდაცვისათვის საჭირო იარაღი.
ახლაც არსებობს გარკვეული შეზღუდვები იარაღის მოწოდებაში, მაგრამ უკრაინამ აშშ-საგან მიიღო ჯაველინები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. თურქეთმა უკრაინას მიაწოდა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავები. უკრაინამ ისინი უკვე საკმაოდ წარმატებით და ეფექტურად გამოიყენა, რაზეც მოსკოვმა საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოხატა. უკრაინა იღებს სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან, მართალია შეზღუდულად, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი უკრაინისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
უკრაინისთვის პარტნიორების დახმარება სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანია, მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს სამხედრო სფეროში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ალიანსთან. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით იყოს უფრო ძლიერი.
უკრაინელი სამხედრომოსამსახურეები პარტნიორი ქვეყნების სამხედროებისგან სწავლობენ თანამშრომლობას და ტაქტიკურ სწავლებებშიც იმაღლებენ მზადყოფნას. რეგულარულად ტარდება ნატო-ს ქვეყნებთან სამხედრო სწავლებები, როგორც ხმელეთზე, ისე სამხედრო-საზღვაო ძალების. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიის შეჩერება.
- სწორად გავიგე - ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად დღეისათვის უკრაინული სამხედრო ძალები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან?
- დიახ ასეა. იმასთან შედარებით რაც 2014-2015 წლებში იყო, სწორედ ასეა. უკრაინის ბრძოლისუნარიანობა გაზრდილია. არ გახლავართ სამხედრო სფეროს ექსპერტი რომ უკრაინის სამხედრო ძალების მდგომარეობა შევაფასო, მაგრამ ვენდობი ამ სფეროში ჩემი უკრაინელი კოლეგების აზრს, რომელთა აზრითაც, ამ თვალსაზრისით უკრაინის სამხედრო ძალებში ახლა ვითარება ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით რუსეთთან ომის პირველ წლებში იყო.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის გარკვეულ ძალებში გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებაში, ასევე სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის უზრუნველყოფის თემებში, მაგრამ ამაზე მუშაობა გრძელდება.
- პენტაგონმა განაცხადა, რომ შავ ზღვაზე აშშ ისე იმოქმედებს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ვიცით, რომ ბრიტანელები უკრაინისათვის სამხედრო ხომალდებს ააშენებენ, რომელთა ღირებულება 1, 6 მილიარდი ევრო იქნება. ვიცით, რომ შავ ზღვაზე გააქტიურებულია ნატო.
უკრაინის უსაფრთხოების თვალსაზრისით თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის შავ ზღვაზე არსებულ ვითარებას?
- ვითარება შავ ზღავზე მარტივად არ გამოიყურება. სიტუაციის გაუარესება შავ ზღვაზე უკრაინისთვის 2018 წელს პრეზიდენტ პოროშენკოს დროს დაიწყო. შარშანდელთან შედარებით ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია.
რუსეთს პრაქტიკულად ბლოკირებული აქვს უკრაინისთვის ქერჩის ყურე, აზოვის ზღვის აკვატორია. არის საფრთხე, რომ რუსეთმა უკრაინის აკვატორია კიდევ უფრო შეავიწროოს, მათ შორის ოდესისკენ მიმავალი ფარვატერი. ამის საფრთხე დიდია. გააგრძელეთ კითხვა