დავიწყოთ შიმშილობა, ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის მოცილების მოთხოვნით! - კვირის პალიტრა

დავიწყოთ შიმშილობა, ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის მოცილების მოთხოვნით!

ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი, რომელმაც დაწერა Man’s Search for Meaning, ასეთ სოციალურ-ფსიქოლოგიურ დასკვნამდე მივიდა: "მატყუარა და ყალბი ადამიანების არსებობა ტოტალიტარიზმის დამყარების წინაპირობაა". თავის მხრივ, ზიგმუნდ ფროიდი თვლიდა, რომ "დათრგუნვა" (Repression) არაპირდაპირი გზით ხელს უწყობს ფსიქიკური დაავადებების განვითარებას და ქაოსს... ტყუილი და სიმართლის დათრგუნვა, რომელთა შორის განსხვავება მხოლოდ ხარისხის საკითხია და არა - მოვლენის სახეობის, ერთნაირად რყვნის და ალპობს როგორც სახელმწიფოს, ისე - ადამიანის სულს... აღარ გავაგრძელებ.

ბოლო დროს ვცდილობ, "ნიუსებსაც" აღარ გადავხედო, რადგან ეს არის არაფრისთვის ბრძოლა. ეს არ არის სიმართლისთვის ბრძოლა. ეს არის, ორი პოლიტიკური ძალის მიერ (რომელთაც მშვენივრად ესმით ერთმანეთის) სახელმწიფო ინტერესების უკანა პლანზე გადაწევის გზით, ფსიქოლოგიურ-მორალური ზეწოლა ხალხზე. დიახ, არ ვცდები, ეს არის წნეხი ჩვენზე, რათა მომავალი 9 წელიც მუდმივი სტრესის ქვეშ ვიყოთ ყველა.

მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება, ცალსახად, მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია სხვა პატიმრების კადრების გამოქვეყნება თუ დამცირება. მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოყენებულ ღირსების შემლახავ მოპყრობას ვაპროტესტებ, მაგრამ, ასევე, ვაპროტესტებ მეხუთე პრეზიდენტის მიმართ მასობრივ შეურაცხყოფას, ლანძღვასა და დამცირებას, რომელიც წლების განმავლობაში მიდის და ოპოზიციის მომხრეები ამას ღიმილით და სიხარულით იღებენ. ვაპროტესტებ ადამიანის ღირსების შელახვას და პატივს ვცემ კონსტრუქციულ ოპონირებას, მაგრამ, ასევე, ვაპროტესტებ იმ ადამიანების დამცირებას, ვინც თქვენს მხარეს არ არის, მათ შორის - გარდაცვლილთა მიმართ გამოთქმულ ირონიას...

ეს არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, არც ვინმეს ოპონირებაა ეს, როცა სათავეში მოსვლის იმედად, აძლიერებ ძველ ნარატივს: თუ მიშა არ მოგწონს, ესე იგი რუსეთის მონა ხარ. ხოლო, ხელისუფლებას ქვეყნისთვის არ სცალია, რადგან "ნაცების დასრულებით" არის დაკავებული. საერთოდ, რას ნიშნავს "ნაცების" დასრულება? ბოლო წლების პროცესებს თუ თვალს გადავავლებთ, გამოდის, რომ "ოცნებამ" "ნაცები" იმისთვის დააბრუნა, რომ "დაასრულოს". პოლიტიკური სპექტრისთვის ადამიანი, როგორც ღირებულება, კვლავ სიტყვის მასალაა... და, თქვენ მეუბნებით, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვით?

ვერ ვინელებ, როგორ დაგვცინიან უცხოელი პარტნიორები, როგორ ქირქილებენ ჩვენზე კულისებში. არა იმიტომ, რომ "პატარა ერი" ან "უმნიშვნელო" ქვეყანა ვართ, როგორც ამას შიდა მტრები გვარწმუნებენ, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცით უცხოელ პარტნიორებთან როგორ ეწყობა ურთიერთობა. რაც "მამა რუსეთს" ჩავბარდით, ჩვენ მენტალიტეტი გაჟღენთილი გვაქვს, "ის უფროსი და ძლიერია", წავალ, დავასმენ ჩემს "ოპონენტს" და მე დამიდგება გვერდით და დამეხმარება. არა, მე დავასმენ და მე დამეხმარება... არადა, ირონიულად იღიმიან, დამიჯერეთ. ეს თქვენს ყალბ ტელესაინფორმაციოებში მოსმენილი არ გეგონოთ. უბრალოდ, არ იცით ევროპელების ფსიქოლოგია.

თუ ეხლა არა, მაშ, როდის უნდა ვაღიაროთ, რომ აღარ გვინდა ძალადობრივი სისტემა, დაქსაქსული საზოგადოება, რისხვა, რომელიც უფრო საშიშს და ძლიერს გვაჩენს, ერთი პოლიტიკოსის მეორეთი ჩანაცვლების შიში, რომ ადამიანი წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდეს. თუ ახლა არა, მაშ, როდის ვიტყვით უარს ხალხის შევიწროებაზე, გამოსახლებებზე, მიკერძოებულ სასამართლოზე, სახურავებზე შემოგდებულ გვამებზე, ერთმანეთის დამცირებაზე, მშიერ და ღატაკ მოსახლეობაზე, უღარიბეს სოფლებზე, კორუფციაზე, პოლიტიკურ გავლენებზე, საბჭოურ მენტალიტეტზე....

თუ თქვენ, ყველა პოლიტიკური სპექტრი, იგნორს აკეთებთ ამ პრობლემებზე და ფიქრობთ, რომ ეს საკითხები პოლიტიკური კუთვნილების საფუძველზე წყდება მხოლოდ, იცოდეთ, რომ სიმართლეს თრგუნავთ და ხალხს, სულ მცირე, ფროიდის პაციენტებად აქცევთ.

ამიტომ არ გავალ ქუჩაში, არ შევუერთდები ამ დესპოტურ ბრძოლას, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ ემსახურება, ხალხს არ ემსახურება. არ ჩავერთვები იმ ბრძოლაში, რომელიც ხალხს არ ეუბნება, - ყველას და ყველაფერს ერთიანი წესი და კანონი უნდა ჰქონდეს: ადამიანის დაკავებასაც, გასამართლებასაც, სასჯელის მოხდასაც... ვერ შევიწყალებ იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ რომელიმე პატიმარი რაიმე ნიშნით უნდა გამოვარჩიოთ, რაც პირდაპირ არაევროპულია. პოლიტიკური სპექტრიდან არავინ გვეუბნება, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენ ყველას შეგვეშალა და, პირველ რიგში, საკუთარი შეცდომები გვაქვს მოსანანიებელი და გასააზრებელი...

ცნობილი ფილოსოფოსის ეს სიტყვები, რომ მოვიშველიოთ: "ადამიანებს სურთ ყველაფრის შეცვლა და, ამავდროულად, უნდათ, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს" - ზუსტად ეს სჭირს ოპოზიციას და ხელისუფლებას, როცა სისტემას ერთ კაცთან, ხოლო თავისუფლებას - მეორე კაცთან აიგივებს მხოლოდ. უკვე ქვეყნის უკიდურეს ზარალზე მიდის ჯგუფი, რომელიც საკუთარი კანის ზედაპირის იქით ვერაფერს გრძნობს. და დროის ფლანგვაა პროცესები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.

უნდა შევცვალოთ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დავიწყოთ შიმშილობა, ქვეყანაში მასობრივად არსებული პოლიტიკური ჯგუფის მოცილების მოთხოვნით?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს