"იმ დიპლომატთა რიცხვში ვარ, რომელთაც ძროხის მოწველა შეუძლია" - რატომ თქვა უარი ხორვატიის ექსპრეზიდენტმა ფუფუნებაში ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"იმ დიპლომატთა რიცხვში ვარ, რომელთაც ძროხის მოწველა შეუძლია" - რატომ თქვა უარი ხორვატიის ექსპრეზიდენტმა ფუფუნებაში ცხოვრებაზე

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი იმ რამდენიმე ქალს შორისაა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსს ატარებდნენ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი და ყველაზე ახალგაზრდა მმართველი სწორედ კოლინდა გახდა. ქალი პრეზიდენტი ხორვატიას 2015 წლიდან 2020 წლის 18 თებერვლამდე მართავდა. როგორც აღნიშნავენ, კოლინდა გამორჩეულია უბრალოებით, მას შეუძლია ფუფუნებაში იცხოვროს, თუმცა სხვა ქვეყანაში წასვლისას, ეკონომ კლასით მიფრინავს, საფეხბურთო მატჩებს არ უყურებს VIP-ლოჟიდან, გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და პროდუქტს ბაზარში ყიდულობს.

"მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ"

2015 წელს, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში კოლინდა გრაბარ-კიტანოვიჩი მიიღებდა მონაწილეობას, ხორვატიაში მედიასაშუალებები მასზე უამრავს წერდნენ. "სულელი ქერა დიდი მკერდით" - წერდა ერთ-ერთი გამოცემა, ამ დროს კი მომავალი პრეზიდენტი საზოგადოებას ოჯახურ და სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე ესაუბრებოდა. ქვეყნის ქალმა-პრეზიდენტმა არჩევნები 50,42%-ით მოიგო, ამ დროს ის 46 წლის გახლდათ.

"მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, მე ვიქნები თქვენი ხმა", - განუცხადა ახალმა პრეზიდენტმა მოსახლეობას და მათი გულის მოგება მალე შეძლო. კოლინდა, სხვა სახელმწიფო მეთაურებისგან განსხვავებით, ძალიან უბრალო და თავისუფალი ადამიანი აღმოჩნდა, მუდამ კეთილგანწყოფილი პრეზიდენტი, ხშირად გადააადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დადიოდა ბაზარშიც. როგორც ცნობილია, მას უყვარს მთაში მოგზაურობა, დაკავებულია სპორტით და თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს.

აღსანიშნავია, რომ კოლინდას ოპონენტებიც საუბრობდნენ მისი უბრალო ხასიათის შესახებ და ამბობენ, რომ ის მუდამ კარგად გამოიყურება, თავად ყიდულობს სამოსს, აღიარებს, რომ შეუძლია ცნობილი სამოდელო სახლების სამოსი ჩაიცვას, თუმცა არ უყვარს სამოსში დიდი თანხის გადახდა, რადგან ახსოვს, რომ ის ღარიბ ოჯახში გაიზარდა. როგორც ამბობენ, ის უპირატესობას ადგილობრივი დიზაინერების სამოსს ანიჭებს. მის ჩაცმულობაში ჭარბობს პიჯაკები, შარვლები და კლასიკური სტილის ქვედაბოლოები. ის სამოსის შექნისას დიზაინერებს ეთნიკური ორნამენტების გამოყენებას სთხოვს, ასევე, ხშირია შემთხვევა, როცა სამოსზე კოლინდას სურვილით აწერენ სხვადასხვა სიტყვას: "სიმამაცე", "სიყვარული, "იყავი ის, ვინც ხარ" და სხვა.

ხორვატიის პრეზიდენტი ფართო საზოგადოებამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცნო, როცა ის, 2018 წელს, ჩემპიონატზე ვლადიმერ პუტინმა მიიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ხორვატიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან და ემანუელ მაკრონთან ერთად საფეხბურთო მატჩს დაესწრო. კოლინდას ხორვატიის ნაკრების ფორმა ეცვა. მომდევნო თამაშს ის სხვა გულშემატკივრებთან ერთად ტრიბუნაზე დაესწრო.

"მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ მეც ისეთივე გულშემატკივარი ვარ, როგორც ყველა დანარჩენი. ეროვნული ნაკრების მაისურიც ჩავიცვი. ვიპზონაში ასეთი ჩაცმულობა არ არის მიღებული, იქ, ძირითადად, გრძელი, კლასიკური კაბებითა და პიჯაკებით სხედან", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მხოლოდ კოლინდას ეცვა საფეხბურთო გუნდის მაისური და ის ყველასგან გამოირჩეოდა.

სპორტის სიყვარულს კოლინდა ბავშვობაში განცდილი ემოციებით ხსნის. ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვობაში, ძირითადად, ბიჭებთან მეგობრობდა და ბურთსაც დიდი სიამოვნებით თამაშობდა.

ბევრი აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტის ისტორია კონკიას ისტორიას ჰგავს. ის ხორვატიაში, ქალაქ რეიკთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა. როგორც თავად კოლინდამ აღნიშნა, მოკრძალებულ ოჯახში გაიზარდა, მის მშობლებს მხოლოდ საშუალო სკოლა ჰქონდათ დამთავრებული. მამას ხორცის მაღაზია ჰქონდა, დედა კი დიასახლისი გახლდათ.

მომავალი პრეზიდენტი ბებოსთან და ბაბუასთან იზრდებოდა, სწორედ ისინი ასწავლიდნენ მას კათოლიკურ წესებსა და პატრიოტიზმს. როგორც ცნობილია, 1942 წელს პრეზიდენტის ბაბუა და ბებია იტალიელი ფაშისტების თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ, ბებია საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, ბაბუა კი ტყეში წავიდა და პარტიზანი გახდა. კოლინდას მამას სურდა, რომ ვაჟი ჰყოლოდა, ამიტომ გოგონამ ბავშვობაში ნადირობა, იარაღის სროლა და ფეხბურთი ისწავლა.

ბავშვობაში მას სურდა, სტიუარდესა ან თარჯიმანი გამხდარიყო. სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ისტორიისა და უცხო ენების სწავლა მოსწონდა. ამ პერიოდში მან ესპანური, პორტუგალიური და ინგლისური ენები ისწავლა. საშუალო დონეზე იცის გერმანული, იტალიური და - ფრანგულიც. როგორც ამბობენ, სოფელში გაზრდილ გოგონას ქალაქში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, მეტყველების გამო, ხშირად დასცინოდნენ, თუმცა ის საკუთარ თავთან ბევრს მუშაობდა და მეტყველება გამოასწორა.

სკოლის დამთავრების შემდეგ კოლინდამ საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა. ის სწავლასთან ერთად რეპეტიტორად და ძიძად მუშაობდა.

მომავალი მეუღლე კოლინდამ ზაგრების უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. მათ პირველად გოგონა - კატარინა შეეძინათ, შემდეგ კი ვაჟი - ლუკა. ამბობენ, რომ სწორედ მეუღლის დამსახურებაა კოლინდას პოლიტიკით დაინტერესება. ამჟამად ის ბიზნესმენი და უნივერსიტეტის პროფესორია.

მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა 1992 წელს დაიწყო, როცა ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მრჩეველი გახდა, შემდეგ კი საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში განაგრძო. რამდენიმე წელში ის თავად გახდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008-2011 წლებში კი იყო ხორვატიის ელჩი აშშ-ში. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ხუმრობით განაცხადა: "მე იმ დიპლომატთა რიცხვში ვარ, რომელთაც ძროხის მოწველა შეუძლია".

მიუხედავად იმისა, რომ კოლინდას საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერდა მხარს, მან საპრეზიდენტო სავარძლის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა. 2020 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში ის ზორან მილანოვიჩთან დამარცხდა. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა