"კილერას" ვნებანი, ანუ ენით აღუწერელი სისასტიკე - კვირის პალიტრა

"კილერას" ვნებანი, ანუ ენით აღუწერელი სისასტიკე

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "კილერა") ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუპატიურებით დაემუქრნენ. საქმეში არსებული ჩვენებებით, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

"სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ დაკავებული ჩაიყვანეს ციხის კარანტინში, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთ პატიმარზე, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა, რაც მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, წამებისთვის ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის ნაწილით. ბრალდება სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - განაცხადეს პროკურატურაში.

ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "კილერა"), სასჯელაღსრულების #8 საპყრობილის უფროსად 2010-2012 წლებში მუშაობდა. 2009-2010 წლებში თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტლის დირექტორი იყო. მუხაძემ უწყება 2013 წლის 3 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა (რის შემდეგაც ქვეყნიდან წავიდა). მუხაძის ყველა ბრალდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება.

საგამოძიებო უწყებებს მისთვის რამდენიმე საქმეზე აქვთ ბრალი წაყენებული, მათ შორის არის ე.წ. ფოტორეპორტიორების (ძალადობითა და დაზარალებულების პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე) და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეები, ასევე პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სიკვდილის საქმე, რისთვისაც მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა... ადვოკატები ჰყვებიან იმ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რომლებიც მუხაძის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში ხდებოდა.

"ჩემი დაცვის პირი სასტიკად აწამეს მორგში და მერე მეც გამისწორდნენ"

ადვოკატი კახაბერ მუმლაძე გვიყვება არა მარტო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წამების საშინელ ამბავს, არამედ პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო მიღებულ სასჯელზეც.

- კილერა დაქირავებულ მკვლელს ჰქვია და ეს სახელი მუხაძეს მისმა გუნდმა შეარქვა. "კილერას" დაწესებულებაში საშინელი სისასტიკით უსწორდებოდნენ პატიმრებს. ის აკონტროლებდა როგორც მე-8, ასევე მე-18 დაწესებულებასაც.

2011 წლის ნოემბერში დამიკავშირდა ჩემი დაცვის პირის ოჯახი. ის რუსთავის მე-2 (დღევანდელი მე-17) დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. 53 წლის პატიმარი ხატებს წერდა და ჯვრებს ამზადებდა. მის კონფიდენციალურობას დავიცავ და ინიციალებით მოვიხსენიებ. კ.ბ. მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას კენჭის გავლა ჰქონდა და საოპერაციო იყო. ოჯახმა მთხოვა, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაგვეყვანა, ვინაიდან "რეზბალნიცას" არ ენდობოდნენ.

შეხვედრაზე მივედი და, როგორც იქნა, მომიყვანეს კ.ბ., იღლიებში შემდგარმა ორმა პატიმარმა "შემოიტანა" და შეხვედრის ოთახში მომჩვარული დამიგდეს. პატიმარი ვერ საუბრობდა და ცრემლი სდიოდა, ჩემს კითხვებზეც ვერ რეაგირებდა, გაშტერებული იყო. ერთი ამბავი ავტეხე. ქუდი გადავუწიე და თავის ქალასა და სახეზე დაზიანებები, სისხლნაჟღეთები, ჩალურჯებები და ღია ჭრილობები ჰქონდა. ყვირილი დავიწყე, არავინ არაფერს მეუბნებოდა. ერთადერთი სიტყვა, რაც მითხრა, იყო "მომკლეს". დავაწყნარე და თანდათან ალაპარაკდა. შემდეგ მიამბო, რაც ღამით გადახდა. ღამით კენჭის გავლა ჰქონია, გაუსაძლისი ტკივილი დასწყებია და ექიმსა და ბლოკადას ითხოვდა. თურმე ტკივილისგან კედლებზე გადიოდა და რომ აღარ გაჩერდა, შევიდნენ საკანში და სცემეს, შემდეგ ჩაიყვანეს მორგში, სადაც მინუს 5 გრადუსია, გააშიშვლეს და დაუწყეს ცემა, თან ეუბნებოდნენ, ეს არის შენი წამალი და ბლოკადაო.

ეს პატიმარი იყო კახა ბუცხრიკიძის, ბაჩო ახალაიას მოადგილის მეზობელი თერჯოლაში, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და უთქვამს, კახას ვიცნობ და მას გააგებინეთო. როგორც შემდგომ გავარკვიე, ბუცხრიკიძეს ბრძანება ჰქონია გაცემული, რომელი პატიმარიც მის სახელს ახსენებდა, ცემაში მოეკლათ. კ.ბ. ამასობაში რამდენიმეჯერ გაითიშა და როგორც თქვა, ცემისას მთელი ხელმძღვანელობა - მუხაძე, ქარდავა და სხვები იქ იყვნენ და ხალისობდნენ.

შიშველ და ნაცემ ადამიანს იმ ყინვაში ცივი წყლით აფხიზლებდნენ და ცინიკურად ეკითხებოდნენ, არგო თუ არა წამალმა. როცა ისევ შველას ითხოვდა, თავიდან იწყებდნენ "ბლოკადას"... როცა ცემით გული იჯერეს, დილის 6 საათზე ოთახში შეიყვანეს და უთხრეს, დაწერე, რომ დაზიანებები შენი ხელით მიიყენეო. უარი რომ თქვა, სკამის საზურგეზე გადააყუდეს, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა შარვალი ჩაიხადა, აჩვენა სასქესო ორგანო და უთხრა, რომ კაცების გაჟიმვა მომწონს და შენც შეგისრულებო. მეორემ ხელკეტზე წამოაცვა პრეზერვატივი და უთხრა, პირიდანაც და უკნიდანაც გაგაუპატიურებთო. საწყალმა უთხრა, ყველაფერს დავწერ, ოღონდ ეგ არ ქნათო.

პატიმარს ვუთხარი, აღეწერა მწამებლები. მითხრა, სახეზე ნაიარევი და ცისფერი თვალები ჰქონდაო. კორიდორში შემეჩეხა მისი აღწერილი პირი, შევიყვანე ოთახში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ხელი მას დაადო, ეს მიპირებდა ხელკეტით გაუპატიურებასო. ის კაცი რეჟიმის უფროსი აღმოჩნდა, ცნობილი მწამებელი. შევადგინე ოქმი, აღვწერე დაზიანებები, რათა ექსპერტების შეყვანაზე თანხმობა მიმეღო. როცა ამ საქმეზე რეაგირება მოვითხოვე, მითხრეს, რომ პოლიტიკური ნება არ არისო. პროკურატურაში დღესაც დევს ჩემი საჩივრები.

მეორე დღეს დაწესებულებიდან გამოსვლისას მე დამაკავეს და მითხრეს, შენც ჩაგსვამთ, თუ დოკუმენტაციას არ დაგვიტოვებო. ნახევარი საათის შემდეგ, რომ ვერ დამითანხმეს, "კილერას" ბრძანებით შემოვიდნენ ჩემს დასაპატიმრებლად. ვიხმარე ჭკუა და ოქმის რამდენიმე პირი შევადგინე, მოვასწარი და ტანსაცმელში შევინახე დაწესებულების იმ მონაკვეთში, სადაც ვიცოდი, კამერები არ მაფიქსირებდა. ამ გზით გამოვიტანე. ასე იმიტომ მოვიქეცი, მოხდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთ ახალგაზრდა ადვოკატ ქალს, რომელსაც ნაწამები პატიმარი შეუყვანეს, ხელები გაუკოჭეს და მისი შედგენილი ოქმი შეაჭამეს. ეს მათი აპრობირებული მეთოდი იყო. არა მარტო პატიმრებს, ადვოკატებსაც უსწორდებოდნენ.

როცა დასაპატიმრებლად მოვიდნენ, მაგიდაზე დავაწყვე ყველა დოკუმენტი და გამომიშვეს. ყველაფერი იცოდნენ, ვინ ვიყავი და სად ვომობდი. შეიარაღებული ძალების ვეტერანი და ინვალიდი ვარ, ყველა ომში ვმონაწილეობდი, მაგრამ იქ იმდენი არ მიომია, რამდენიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვიომე და განვიცადე. მოკლედ, იმავე დღეს მივმართე ელჩებს, სააკაშვილს, გაზეთებს, პარლამენტს და ყველას, ვისთანაც შემეძლო ხმის მიწვდენა.

მესამე დღეს ჩამომიყვანეს ნაოპერაციები ჩემი დაცვის პირი, რომელსაც ფეხები მთლად გაშავებული ჰქონდა. მითხრა, წვივებზე პარკეტი მირტყეს, თან მეუბნებოდნენ, აქ მოკვდები, შენი ადვოკატი კი გარეთ, თუ ჩივილს არ შეწყვეტო. როდესაც ნაოპერაციები რეანიმაციაში იწვა, თურმე მისმა ხელმძღვანელმა პალატაში პატიმრები დაამწკრივა და უბრძანა, ყველას დაეფურთხებინა მისთვის. რა თქმა უნდა, იძულებით ყველამ შეასრულა ბრძანება. ამის შემდეგ ერთ-ერთი დღევანდელი მაღალჩინოსნის პირით შემომითვალეს, რომ ჩივილს თავს თუ არ დავანებებდი, დამაკავებდნენ.

მაინც არ გავჩერდი, დამაკავეს და გამიფორმეს ხულიგნობა. თითქოს "ნაციონალ" აზერბაიჯანელებს, რომლებიც თვალით არ მყავდა ნანახი, ვაგინე ჯიში, ჯილაგი და "ნაცმო". 90-დღიანი პატიმრობა შემიფარდეს და გარდაბნის იზოლატორში ჩამსვეს. გამოვაცხადე შიმშილობა. 21 დღე გავატარე მიწის ქვეშ, იატაკზე მეძინა და არ მქონდა დაბანის, არც ჰაერზე გასვლის უფლება, ღამღამობით შემოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, თუ გინდა გადარჩენა, "ნაცმოში" შემოდიო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გლდანის ციხეში გადაგიყვანთო. ოთხი შვილის მამა ვარ, ომის ვეტერანი, ინვალიდი, ადვოკატი, მე რას მიკეთებდნენ და, წარმოიდგინეთ, სხვა პატიმრებს რას უზამდნენ.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საღამომდე "ნაციონალებს" წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ აღარ იქნებოდნენ ხელისუფლებაში. ეს ჩანაწერები იმისთვის სჭირდებოდათ, ზემდგომებისთვის ეჩვენებინათ, როგორ "პირნათლად" ასრულებდნენ დავალებას. სწორედ ეს არის სისტემური დანაშაული. სისასტიკით განისაზღვრებოდა მათი ნდობის ხარისხი.

"ჩანაწერებს ერთმანეთის კომპრომეტირებისთვის ინახავდნენ"

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: - როგორც ამბობენ, ეს წამების ამსახველი ჩანაწერი ამოღებულია უკრაინაში, ქარდავას სახლიდან. უამრავი მსგავსი ჩანაწერი შეინახა "ნაცმოძრაობამ", როგორც ჩანს, ერთმანეთის კომპრომეტირებისთვის ინახავდნენ. რატომღაც ჩვენი ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა, რომ ამ დანაშაულებრივი სისტემისთვის შეფასება მიეცა. დრო გაუშვეს, როცა შეიძლებოდა რეჟიმი დამნაშავედ გამოცხადებულიყო.

ალექსანდრე მუხაძე, იგივე "კილერა" განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. პერიოდულად მქონია მასთან შეხება, როცა პატიმრები ბედავდნენ არასამართლებრივ მოპყრობაზე ჩივილს. თუმცა ვერ ბედავდნენ ცემა-წამებაზე დაეჩივლათ. ამას ყველა მალავდა, ან თუ ჩურჩულებდნენ, ადვოკატებს კატეგორიულად გვიკრძალავდნენ გახმაურებას იმ მოტივით, რომ უარეს დღეში ჩაცვივდებოდნენ. ვინმე თუ მაინც გარისკავდა, ფაქტებს ვახმაურებდით კიდეც. მუხაძე პირად ურთიერთობაში ცდილობდა კარგ მენეჯერად წარმოეჩინა თავი და სადაც ჩვენი მოთხოვნა დასაკმაყოფილებელი იყო, დაეკმაყოფილებინა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "კოჭოიას" (მერაბ ყოლბაიას) დაცვამ მომიწია. როცა საქმის გამოძიება დაიწყეს, მან დირექტორის მოადგილის კაბინეტში მისცა ჩვენება, რა დროსაც ადგილების მითითებით აღწერდა და ასახელებდა მეგის ქარდავას, "კილერას" და სხვებს და ჰყვებოდა, როგორ აწამებდნენ ელექტროშოკით მის თვალწინ ერთ-ერთ პატიმარს. როგორც ამბობდა, ლ.ა. მომაკვდავი გაიყვანეს და შეშინებულებმა, ესენიც (მესამე პატიმარიც იყო) არ შემოგვაკვდნენო, მათ მხოლოდ ცემა აკმარეს.

ალბათ, გახსოვთ, დავით ლონდარიძე, ჩაპლიგინი და გორელაშვილი, რომლებიც თეთრაძის საქმეში ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით გადიოდნენ. თეთრაძე რომ შემოაკვდათ, მერე ესენი აღარ მიიყვანეს სიკვდილის პირას, თორემ არც არაფერი დაუკლიათ. ისინი არარსებული დანაშაულის აღიარებისთვის ქარდავას კაბინეტში აწამეს და ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს. მათ სასამართლოს წინაშე ჩვენებაც მისცეს და აღწერილი აქვთ, თუ როგორ სადისტურად აწამებდნენ ციხეში. სხვათა შორის, დათო ლონდარიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, დღემდე ინვალიდია, მას წამების შედეგად ორივე ფეხის კიდური დაზიანებული აქვს და ყავარჯნებით დადის.

არავინ თქვას, მუხაძის ზემდგომებმა, მინისტრმა თუ პრეზიდენტმა, არ იცოდნენ, რაც ხდებოდა ციხეებში. ერთ-ერთი გამოსვლისას მიშამაც კი აღიარა, ფიზიკური ზემოქმედების წყალობით დამყარდა ციხის კონტროლიო. მათი რეჟიმის სახეები იყვნენ ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, "კილერა" და სხვები. ისინი ამით ამაყობდნენ.