"ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ "ნაცმოძრაობა" მავნებლური პარტიაა"
"ამერიკელი სენატორები მისცემენ ხმას იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც შუაში გაკრეფილი უნდა შეავსონ?!"
ამერიკელი სენატორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურებიან: "ყურადღებით ვაკვირდებით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიტუაციას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მართალია, სააკაშვილმა არ გაითვალისწინა ჩვენი გაფრთხილება, რომ მისი საქართველოში დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააღრმავებდა, მაგრამ ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინებით გადაუდებლად სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ჯიმ რიში (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი), რონ ჯონსონი (ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე), ბენ კარდინი (ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე) და ჯინ შაჰინი (ევროპის ქვეკომიტეტის წამყვანი დემოკრატი წევრი). სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გადადგას პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობისთვის საჭირო ნაბიჯები: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. როგორ უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური სტაბილურობისთვის საჭირო ნაბიჯები, როდესაც ოპოზიციამ ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება დააანონსა? როგორც "ნაციონალი" ლიდერები აცხადებენ, მათი შემდგომი ნაბიჯი ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება. როგორ შევიდა ხელისუფლება ასეთ ჩიხში და სად ხედავს გამოსავალს, ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი გურამ მაჭარაშვილი გვესაუბრება:
- სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ექიმებმა მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა საჭიროდ ჩათვალეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვზრუნავთ ნებისმიერი მოქალაქის, მათ შორის პატიმრის ჯანმრთელობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა "ნაცმოძრაობა" არ იცვლება, ის მმართველი გუნდის ნებისმიერ პოზიტიურ ნაბიჯს დათმობად მიიჩნევს. ამ გუნდის სტრატეგია თავიდან ბოლომდე ძალადობაზეა აგებული. ძალიან დაიბნენ, როდესაც მათ ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს. ფაქტობრივად, დღის წესრიგის გარეშე აღმოჩნდნენ და დაიწყეს ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნების გახმოვანება. სხვა რა ჰქვია იმას, როდესაც პატიმრის გასათავისუფლებლად ბრძოლას აანონსებ? უფრო ნათელი გახდება ყველაფერი, თუ გავიხსენებთ პატიმარ სააკაშვილის ანტიკონსტიტუციურ მიმართვას, გამომიყვანეთ ციხიდან და ამ ხელისუფლებას ათ დღეში დავასრულებო. საზოგადოებამ იხილა, რომ მმართველი გუნდისთვის გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი ადამიანების, უპირველესად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა იყო, "ნაციონალებისთვის" კი ეს საერთოდ არ წარმოადგენდა ინტერესის სფეროს. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ საჯაროდ აღიარა, რომ არ შეცვლილა და ისევ რადიკალურ ძალას წარმოადგენს.
- ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი მთლიანად მორგებულია სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია. არის თუ არა ეს პოლიტიკური კრიზისი? - ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი აქვს "ნაცმოძრაობასა" და იმ სამ ტელევიზიას, რომლებიც საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, რაც ხალხში კითხვებს აჩენს, რაც ჩვენს პასუხს საჭიროებს. გეთანხმებით, ძალიან ბევრი საკითხი, სოციალური თუ ჯანდაცვის, უყურადღებოდ რჩება. რა ვქნათ, "ნაციონალებივით" დავხუროთ ეს ტელევიზიები?! საინფორმაციო ველი რომ მთლიანად სააკაშვილის თემით არის გაჯერებული, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარაფერი კეთდება. თუმცა გეთანხმებით, ის რომ "ნაცმოძრაობამ" პატიმარი სააკაშვილი გაიხადა მთავარ დღის წესრიგად, ეს მთელი ქვეყნისთვის გამოწვევაა და ყველამ ერთად, პოლიტიკოსებმაც და ხალხმაც, უნდა უპასუხოს იმით, რომ ეს პარტია სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლდეს ოპოზიციაში. ეს პროცესი დაწყებულია, უბრალოდ, ცოტა ხელის შეწყობა სჭირდება.
- რას გულისხმობთ პროცესის დაწყებაში? - თუნდაც იმას, რომ "ნაცმოძრაობას" თანდათან ეწურება მხარდაჭერის რესურსი, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებშიც. მათ რადიკალურ დღის წესრიგს გუნდის წევრებს შორისაც ბევრი არ იზიარებს.
- ასეთ გამოწვევას ავირიდებდით თავიდან, "ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ დაეწყო სამართლიანობის აღდგენა? - 9 წლის წინ მთლად ასე ღირსებისგან დაცლილიც ვერ წარმოგვედგინა "ნაციონალები". შეგახსენებთ იმასაც, რომ "ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისას ძალიან ბევრი პრობლემა დახვდა: სახელმწიფო ინსტიტუტები სრულიად იგნორირებული გახლდათ, მართლმსაჯულებაში კი სერიოზული საკითხები იყო გადასაწყვეტი. ამასთან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები ხელ-ფეხს გვიბორკავდა.
- ასეთი რეკომენდაციები დღესაც არის. - ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექით და ხისტად ვერ ვიმოქმედებდით. დღეს გამოცდილებაც მეტი გვაქვს და ხალხმაც უფრო კარგად დაინახა, ვინ რას წარმოადგენს. დღევანდელი რეალობა მაძლევს იმედს, რომ ოპოზიციაში პოლიტიკური სპექტრი შეიცვლება.
- სწორედ "ოცნების" დამფუძნებლის სიტყვებს შეგახსენებთ, "შუა უნდა გაიკრიფოს"... - ჩვენ ვუთხარით "სტრატეგია აღმაშენებელს", სააკაშვილი პოლიტპატიმრად აღიარეთო, ან "ლელოს" ჩვენ ვურჩიეთ, მელიას მოადგილედ დაუდექითო?! გასაგებია, რომ "ოცნება" არ მოგწონთ, გვაკრიტიკეთ რამდენიც გნებავთ, მაგრამ ნუ შედიხართ ამ "ნაცმოძრაობაში". "ნაციონალებს" ახლოს არ უნდა გაეკარო, არც უნდა ახსენო, თუ გინდა ხალხმა შენი ირწმუნოს.
- ვაშაძე ამბობს, სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ უნდა განსაჯოს დამოუკიდებელმა სასამართლომ და არა მიკერძოებულმა სისტემამო. - მას შეუძლია თქვას, რომ სასამართლოში უნდა გატარდეს რეფორმა და მე შევალ მასთან პოლემიკაში, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ "ნაცმოძრაობა" მავნებლური პარტიაა. პოლარიზების მიზეზი ის არის, რომ "ნაცმოძრაობა" არავის უთმობს ადგილს ოპოზიციაში.
- როგორ აპირებთ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას? გაითვალისწინებთ ამერიკელი სენატორების მოწოდებას და გადადგამთ სტაბილურობისთვის საჭირო ნაბიჯებს თუ სხვა სტრატეგიას აირჩევთ? - ჩვენ მაგივრად საქმეს არავინ გააკეთებს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ამას ყველა უნდა შეეგუოს. ამერიკელი სენატორები მისცემენ ხმას იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც შუაში გაკრეფილი უნდა შეავსონ?! ჩვენ უპირველესად საკუთარი ხალხის აზრი გვაინტერესებს, მერე ყველა სხვა დანარჩენის. დასავლელი პარტნიორები სწორედ იმაში დებენ თავიანთ რესურსებს, რომ ჩვენ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ.
არც ერთ ისეთ რეკომენდაციას არ გავითვალისწინებთ, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზებას და ხელს შეუშლის ასოცირების ხელშეკრულებიდან ევროკავშირის წევრობაზე გადასვლას. თუ ამ ქვეყანაში პოლარიზება არ დასრულდა და სიტუაცია არ დამშვიდდა, დასავლურ სტრუქტურებში ვინ მიგვიღებს?!
ხათუნა ბახტურიძე