"აღარ გვინდა სააკაშვილის, "ნაცების" და "ქოცების" გაგონება" - კვირის პალიტრა

"აღარ გვინდა სააკაშვილის, "ნაცების" და "ქოცების" გაგონება"

"ნაცებთან" ბრძოლა არის ერთადერთი საკითხი, რაშიც "ოცნება" თავს თავდაჯერებულად გრძნობს. სხვა მიმართულებით, ყველგან, გარანტირებული აქვს წაგება"

პოლიტიკურ ჯგუფ"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა. "ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მიიღეს და "მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რომელიც მიმდინარე პროცესების შესახებ გვესაუბრება:

- "ოცნებას" არ აღმოაჩნდა კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი, უამრავი შეცდომა დაუშვა და წააგო ლოკალური ბრძოლა გადაყვანა-არგადაყვანასთან დაკავშირებით. მთელი მსოფლიოს წინაშე გამტყუნდა თავისი უაზრო ქცევის გამო.

- უაზრო ქცევაში რას გულისხმობთ? - თუნდაც სააკაშვილის თრევის ვიდეოს გავრცელებას. ბოლოს და ბოლოს, ამოვიდა ყელში სააკაშვილზე, მის შიმშილობასა და პატიმრობაზე საუბარი. სხვა მნიშვნელოვან თემებზე რატომ არ ვსაუბრობთ? მთელი მედია გადართულია სააკაშვილზე და განზე გრჩებათ ხალხი, ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რაც სააკაშვილს აწუხებს.

- პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნით თქვენ, პოლიტიკოსები. სწორედ თქვენი ქმედებები და განცხადებები განსაზღვრავს ჩვენს დღის წესრიგსაც. გასაგებია, თუ რისთვის აწყობს ასეთი დღის წესრიგი "ნაცმოძრაობასა" და თავად სააკაშვილს, მაგრამ რა ხელს აძლევს ყოველივე ეს მმართველ გუნდს? - იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლა არის ერთადერთი საკითხი, რაშიც "ოცნება" თავს თავდაჯერებულად გრძნობს. სხვა მიმართულებით, ყველგან, გარანტირებული აქვს წაგება.

- იყო თუ არა მმართველი გუნდისთვის წამგებიანი ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სადაც მეგის ქარდავა "ნაციონალების" დანაშაულებრივ რეჟიმს ხდის ფარდას? - არაფერი შეუცვლია ამ ჩანაწერის გავრცელებას. მთავარი შეცდომა სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოს გამოქვეყნება იყო. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის ნიშანი იყო იმისა, რომ "ოცნებას" უკვე ზედმეტი მოსდის. აღარ გვინდა სააკაშვილის, "ნაცების" და "ქოცების" გაგონება.

- რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, რომელსაც თქვენ პარლამენტში წარმოადგენთ? - ჩვენ გვინდა პარლამენტში რამდენიმე პროექტი შევიტანოთ. ერთ-ერთი ასეთია ტკივილის გაყუჩების პროექტი. ადამიანები, რომლებსაც ონკოლოგიური ან სხვა ტიპის დაავადებები აქვთ, ტკივილს ვერ იყუჩებენ, ექიმს გამაყუჩებლის გამოწერის უფლება არა აქვს. ასევე გვინდა დავიბრუნოთ კომუნისტების მიერ მიტაცებული ქონება. თითოეული ჩვენგანი ღარიბია იმიტომ, რომ მთელი ქვეყნის სიმდიდრის 80% სახელმწიფოს ეკუთვნის და არა ხალხს. ასევე გვინდა კანაფის გამო ხალხს არ იჭერდნენ და ამ მიზეზით დაკავებული 80 კაცი გარეთ გამოვიყვანოთ. მინდა დამოუკიდებელი სასამართლო... თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა არც პარლამენტში აინტერესებს ვინმეს და არც მედიაში.

ხათუნა ბახტურიძე