"მმართველმა ძალამ იმდენი და ისეთი მნიშვნელობის შეცდომა დაუშვა, რომ არა მგონია, მხოლოდ ერთი საქმე მოექცეს სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის არეალში" - კვირის პალიტრა

"მმართველმა ძალამ იმდენი და ისეთი მნიშვნელობის შეცდომა დაუშვა, რომ არა მგონია, მხოლოდ ერთი საქმე მოექცეს სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის არეალში"

"მმართველმა ძალამ იმდენი და ისეთი მნიშვნელობის შეცდომა დაუშვა, რომ არა მგონია, მხოლოდ ერთი საქმე მოექცეს სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის არეალში. ვხედავთ ღირსების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევას. თუკი ამ საკითხებზე წარედგინება სარჩელი, არა მგონია, სტრასბურგს დარღვევის დადასტურება გაუჭირდეს", - ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომელსაც სააკაშვილთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებზე ვესაუბრეთ.

- მმართველი პარტია უშვებს ძალიან მძიმე შეცდომებს, რომლებზეც უკვე ქვეყნის გარედანაც მიგვითითებენ. ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსა და სანდო პარტნიორების წლობით ნაშენები იმიჯი ნადგურდება. ადამიანის უფლებები, ღირსება, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლება დაცული რომ უნდა იყოს, ამაზე ევროპიდან თუ ამერიკიდან მითითება არ უნდა გვჭირდებოდეს. მმართველი პარტია გადაწყვეტილებას პარტიული მიზანშეწონილობით განიხილავს. ცდილობს სააკაშვილი სრულად უფლებააყრილად აქციოს, შური იძიოს და ამით დაანახოს მხარდამჭერებს თავისი სიძლიერე. თუკი სააკაშვილმა მოითხოვა სასამართლო სხდომებზე დასწრება, სახელმწიფო ვალდებული იქნება უზრუნველყოს მისი ამ უფლებით სარგებლობა. სხვას რომ თავი დავანებოთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წერია, რომ სასამართლო განაჩენის მისაღებად გადის ბრალდებულის საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ. თუკი სააკაშვილი მოითხოვს საბოლოო სიტყვას და სახელმწიფო ამის საშუალებას არ მისცემს, სასამართლო განაჩენს ვერ გამოიტანს და თუკი გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოში მთავრობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ვერც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობა სასამართლოს ვერ გაუბედავს, რომ უარი უთხრას პატიმარს სხდომაზე ტრანსპორტირებაზე ან სხვა ფორმით სხდომაში მონაწილეობაზე...

დარწმუნებული ვარ საქართველოს მეგობრების ძალისხმევით მთავრობაზე წნეხი გაიზრდება და პროცესები დემოკრატიულ, არაძალადობრივ ჩარჩოებში წარიმართება.

იმედია, მმართველი პოლიტიკური ძალა საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და არ დაასხამს წყალს რუსული ავტორიტარიზმის ინტერესებზე.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალი დიალოგში, კონსენსუსისა და ერთმანეთისკენ სავალი გზების ძიებაშია და არა გამყოფი კედლების შენებასა და წითელი ხაზების გავლებაში. რთულია, მაგრამ მხარეებმა ერთმანეთს უნდა მისცენ დათმობისა და ასეთი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება. დღევანდელი დათმობა ყველას კეთილდღეობას წაადგება, მასაც, ვინც დათმო, და მასაც, ვისაც დაუთმეს.

- შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის ექსტრადიცია უკრაინაში? - სააკაშვილმა იმთავითვე განაცხადა, რომ არ არის ამაზე თანახმა, მისი თანხმობის გარეშე კი ექსტრადიცია შეუძლებელია.

- როგორც ჩანს, სააკაშვილი ამერიკისა და ევროპის აქტიურობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, თუ ამერიკა ჩემს დასაცავად არ იმოქმედებს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისთვისო. - მხარეებმა ერთმანეთსაც და უცხოელ მეგობრებსაც უნდა დაუტოვონ სივრცე გადაწყვეტილებებისთვის. სიხისტე და მხოლოდ თეთრის ან შავის კონტექსტში საკითხის დაყენება მოქმედების სივრცეს ავიწროებს და გვაიძულებს პროცესს საერთოდ ჩამოვშორდეთ, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გადაწყვეტილებები არც განვიხილოთ. შედეგად, პრობლემა დარჩება და გაიზრდება. ემოცია და ტემპერამენტი არ გვაკლია, მაგრამ დღეს ყველას გონივრული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ვალდებულება გვაკისრია.