"ბოროტებას გაძლიერება სჩვევია და ძალიან გულდამშვიდებულიც არ უნდა ვიყოთ"
"ხალხი არავის მისცემს უფლებას, რაღაც ჰიბრიდული ადამიანი შექმნან. ბოლშევიკებსაც იგივე სურდათ, მაგრამ რა მიიღეს?"
"მიმდინარე რთული მოვლენები და დაღლილი საზოგადოება, რომელიც რეალობას შეძლებისდაგვარად ებრძვის. მათ შორის - ჩუმი პროტესტითაც, როდესაც ქუჩაში გამოსვლა არ სურს, რითაც უკეთეს აწყმოს და უკეთესი მომავლის სურვილს გამოხატავს. სწორედ იმიტომ, რომ ვიბრძვით, უკეთესი მომავალიც გვექნება", - ასე დაიწყო საუბარი მიმდინარე მოვლენების შესახებ მწერალმა და ეთნოკულტურის მკვლევარმა კობა არაბულმა.

- სამი ათეული წელია, რაც ქართველები ერთმანეთთან ხელჩართულ ომში ვართ ჩაბმული. თავადაც ამ სამი ათეული წლის მანძილზე მაწუხებს განცდა - როგორ მოხდა, რომ ეს ომი ვერ დავასრულეთ. თუმცა ვხვდები, რომ ეს არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობისთვის, არამედ ჩვენი გადარჩენისთვის ბრძოლაა, რომლის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იარსებებს. ჩვენ რომ საუკუნეების მანძილზე შევგუებოდით ჩვენი სულიერი ღირებულებებისა და კულტურის განადგურებას, დღეს ქვეყანა იარსებებდა? ხალხის უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლებას ხომ სწორედ იმიტომ ჩაუდგა ოპოზიციაში, რომ მან ჩვენი ეთნოკულტურის ნგრევა და სრულიად უცხო, მიუღებელი ნეოლიბერალური ფასეულობების დანერგვა მოინდომა, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ზოგადსაკაცობრიო კულტურასთან საერთო არაფერი აქვს. ამის გამო მე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰიქსოსებსაც კი ვეძახი, რაც უცხო მეფეს ნიშნავს. ჰიქსოსები ის მომთაბარე ტომები იყვნენ, რომლებიც უძველეს დროში ისეთი კულტურის ქვეყანას შეესივნენ, როგორიც ეგვიპტე იყო და ნაწილობრივ დაიპყრეს კიდეც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათი დიდი ნაწილი ეგვიპტურმა კულტურამ მოინელა და შთანთქა.
ჰიქსოსური სიუცხოვის განცდა არაერთხელ გამჩენია წინა ხელისუფლების ქმედებისას, მაგალითად, მაშინ, როცა სრულიად გაუნათლებელი ხალხი უნივერსიტეტში განათლების ამოსაძირკვად შეიჭრა, ან მაშინ, როცა ვხედავდი, როგორ ებრძოდნენ სამშობლოს ცნებას და ამ ცნებაში გაერთიანებულ ღირებულებებს; როდესაც აცხადებდნენ, რომ თურმე სამშობლო არ არსებობს და კაცი თავს სადაც კარგად იგრძნობს, სწორედ იქ არის მისი სამშობლო; როდესაც უზნეობას ზნეობრიობას არქმევდნენ, ამორალობას - მორალს.
თუ ამას ადამიანების ფიზიკურ განადგურებასაც დავუმატებთ, გასაგებია, რატომ არ ჰყავს ბევრი მომხრე ოპოზიციას, რატომ ვერ შეძლეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა, თუმცა ერთი კია - ბოროტებას გაძლიერება სჩვევია და ძალიან გულდამშვიდებულიც არ უნდა ვიყოთ. თუ გვინდა, ქვეყანა გვქონდეს, მკაცრი კანონები უნდა შემუშავდეს მათ წინააღმდეგ, ვინც სახელმწიფოს დამხობისაკენ მოუწოდებს. როდესაც "გირჩის", "ნაძვის" და ა.შ. პარტიის წარმომადგენელი ტელევიზიით ამბობს, ამიერიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს ვიწყებ და მის დამხობას ვეცდებიო, ცხადია, ის კანონით უნდა გაასამართლო. ვინც უდანაშაულო ადამიანს ცილს სწამებს და საშინელებას აბრალებს, ისიც კანონით უნდა გასამართლდეს. ზოგიერთს შარვალჩახდილსაც შეუძლია სიარული, მისი მსხვერპლისთვის ცილისწამების ატანა კი სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. ყველას ხომ არ შეუძლია ლაფის გაძლება?! და სად არის კანონი, რომელიც ამის ჩამდენს დასჯის? ცილისწამებით გამოწვეული სულიერი სტრესი ხშირად ფიზიკურ სიკვდილს უტოლდება... ხევსურეთში და, ზოგადად, საქართველოში ორი შეიარაღებული ძმა მტერს მარტოს რომ შეხვდებოდა, ერთი მათგანი აუცილებლად იარაღს დადებდა, რომ თანაბარ პირობებში ებრძოლათ, დღეს კი ტელევიზებში თუ ინტერნეტსივრცეში ერთ კაცს ცხრაასი წაესევა და უბინძურესი, უშვერი სიტყვებით ლანძღავს, მერე სიბინძურის ეს ნიაღვარი საზოგადოებაში გადაედინება და ხალხიც ერთმანეთს ხოცავს. ეს ყველაფერი თავად ქვეყნის პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო და უფროს თაობას, რომელსაც მართლაც უდიდესი დამსახურება ჰქონდა ქვეყნის წინაშე, "ჩარეცხილები" დაარქვა, მორალდაკარგული ხალხი კი ფინანსურად წაახალისა. ახლა დგას ეს ხალხი ქუჩაში და სხვებსაც მოუწოდებს, სკამებისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდით, ქვეყანა დავანგრიოთო, მაგრამ ამ მოწოდებაზე ხალხი არ მიდის. საიდან ჩამოფრინდა ეს ხალხი, რომ ვერც კი გრძნობს, რა საზიზღრობებს სჩადის სკამისთვის ბრძოლაში და თან ხალხის იმედი აქვს?!
- თუმცა ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას, რომელიც დღეს ქუჩიდან მოითხოვს ძალაუფლების დაბრუნებას, ქვეყნისთვის არაერთი სასიკეთო საქმე გაუკეთებიათ... - როცა ამას მეუბნებიან, კიდევ უფრო ვშფოთავ. მაშ, რა უნდა ექნათ?! ხალხმა ისინი სათავეში სწორედ იმიტომ მოიყვანა, რომ წუმპეში ყოფნა აღარ უნდოდა და მათ გზებიც არ უნდა გაეკეთებინათ? რა ამბავია ამდენი დამადლება?!
ამით იმას აჩუმათებენ, რომ ქართული მიწა-წყალი დაკარგეს, უამრავი ქართველი ბიჭის სხეული მტერს საჯიჯგნად დაუტოვეს, თავად რუსთაველზე ცეკვა-თამაში გააჩაღეს, გავიმარჯვეთო, ხელისუფლების ნაწილი კი სულაც ქვეყნიდან გაიქცა და ხალხი მტერს შეატოვა. ის რატომ არ ახსენდებათ, რაც ციხეებში ჩაიდინეს? თავად იქნებ მიჩქმალონ, მაგრამ ჩვენ არ დაგვვიწყებია, რამდენი ხალხი აწამეს ციხეებში!
გულწრფელად ვამბობ, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ სხვა რა გზა დაუტოვა იმ ხალხს, რომელთაც მისი გადაყვანა ჰქონდათ დავალებული? კი ბატონო, დატყვევებული კაცის ადამიანურად მოპყრობის უნარი თუ დავკარგეთ, მართლა არაფრის ღირსები ვყოფილვართ, მაგრამ რასაც ვუყურებ, ციხეში სააკაშვილს ექიმების ბრიგადები ევლებიან თავზე. ისეთი მოვლა, როგორიც დღეს სააკაშვილს აქვს, არც ერთ მის პატიმარს არც კი დაესიზმრებოდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მის ციხეში დაავადებულ პატიმრებს წვეთოვანი სისტემიდან ხსნიდნენ და მომაკვდავები კარცერებში გადაჰყავდათ, თანაც ისეთი პატიმრები, რომელთა დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების დაუმორჩილებლობა იყო. ამიტომაც არ მესმის იმ ხალხის, რომელსაც მოსწონს სააკაშვილი და ოპოზიცია, თუმცა მესმის მათი, ვინც სიღატაკიდან ვერც სააკაშვილის დროს ამოვიდა, ვერც ამჟამად ამოდის და ისეა გამწარებული, აღარაფერს დაეძებს, ოღონდაც ის ხელისუფლებაც დაასრულოს, რომელმაც არაფერი გაუკეთა, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა, როცა ოპოზიცია, წლებია, სახელმწიფოს აჯანჯღარებს და სიცილითაც კვდება, აი, რას გიშვრებითო, თანაც ერთადერთი სურვილით - როგორმე დაბრუნდენენ ხელისუფლებაში, როგორმე ის ქონება დაიცვან, რომელიც სააკაშვილის დროს შეაგროვეს და ახლაც უმატებენ.
დავით კეზერაშვილი, რომელიც პროკურატურამ დიდძალი სახელმწიფო ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულა, უცხოეთში არხეინად დასეირნობს და საქართველოში ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელევიზიას აფინანსებს, ეს ტელევიზია კი ხალხს სახელმწიფოს დამხობისაკენ მოუწოდებს.A აი, სწორედ ამიტომაც არის დამნაშავე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც 9-წლიანი კოაბიტაციური სიამტკბილობა გაატარა ოპოზიციასთან და დროზე არ მოსთხოვა პასუხი.
- ამის მიუხედავად, ოპოზიციას ცოტა მომხრე როდი ჰყავს...
- დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ არის ოპოზიციის მომხრე, რომ ხელისუფლება არ მოსწონს, თუმცა არ მესმის, როგორ შეიძლება უარი არ უთხრა, მაგალითად, იმ ჟურნალისტს, რომელიც ინფორმაციის მოსაპოვებლად ღირსებას კარგავს! ამას წინათ ვუცქერდი, როგორ დარბოდა ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობესთან ჟურნალისტი და გამწარებული გაიძახოდა, ბიძინა სახლში არ არის, გაქცეულაო. სიმართლე რომ ვთქვა, შემეცოდა... რატომ უნდა იწანწალოს ჟურნალისტმა უფროსის ბრძანებით ვიღაცის ღობესთან, თუ ის ვიღაცა მკვლელი ან სახელმწიფო დამნაშავე არ არის და მის ძებნას მორალის საქმედ არ მიიჩნევ?! მეორე მხრივ, როდესაც ჟურნალისტი მოსახლეობას ზნეობისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას უტენის თავში და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობას ამართლებს, ის უკვე საშიშია. როდესაც საქმე იქამდეა მისული, რომ ქალისა და კაცის სქესის გარჩევა საკითხავი ხდება, ესეც ძალზე საშიშია, რადგან ღვთის კანონებთან დაპირისპირებაა, რასაც სიკეთე არავისთვის მოუტანია. მადლობა ღმერთს, ამ ლაპარაკს ირაკლი ღარიბაშვილმა დაუსვა წერტილი, როდესაც თქვა, ერთსქესიანთა ქორწინება არ იქნებაო. ღარიბაშვილი ხალხთან დაახლოებას ცდილობს, მაგრამ მას ერთ იდეას შევთავაზებდი - ხშირად შეხვედროდა საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლებს, უთანამდებებო ხალხს, რომელიც არა მხოლოდ თავის მატერიალურ გაჭირვებაზე დაელაპარაკებოდა, არამედ იმაზეც, რომ ყელში აქვთ ამოსული ტელევიზიების მიერ უზნეობის ქადაგება, რომელთა ეკრანებიდან ხშირად პირდაპირ გინება ისმის. ყელში აქვთ ამოსული პატრიარქის ლანძღვა-გინებაც, რომელიც უყვართ. ამ ხალხს შვილები და შვილიშვილები ჰყავთ და სურთ გაიგონ, რას უნდა ელოდონ და უფრთხოდნენ. სააკაშვილის ხელისუფლების დროს უნივერსიტეტის პედაგოგებს ძალიანაც არ სურდათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობა, მაგრამ ძალით შეუცვივდნენ და გამოყარეს. სწორედ ამ დროს გახლდით უნივერსიტეტში და მწარედ მახსენდება, როგორ გადაგვიკეტა ხელისუფლებამ სასმელი წყალი, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა. ისე მოგვექცნენ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ხალხი არავის მისცემს უფლებას, რაღაც ჰიბრიდული ადამიანი შექმნან. ბოლშევიკებსაც იგივე სურდათ, მაგრამ რა მიიღეს?
ძალიან ფრთხილად და წინდახედულად უნდა მოვიქცეთ, მით უფრო, ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაზე, რომელიც მისივე ხალხის წიაღშია, ვერც შურისძიებით გაიმარჯვებს და ვერც - იარაღს დაუპირისპირებს. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, თორემ, როგორც მთაში იტყვიან, ალალი და არამი მერე უკვე ვეღარ განირჩევა. ამიტომაც არის აუცილებელი ძლიერი ხელით, კანონიერად ამ ქაოსის აღკვეთა და ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ ფეხზე დაყენება, თორემ იმის ნაცვლად, რომ სამშობლოსთვის ვიბრძოლოთ, უსასრულოდ გაგრძელდება სკამებისთვის ბრძოლა, ამ დროს კი არამთან ერთად ალალიც დაიღუპება. ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლების უმოქმედობამ ამ ბრძოლას საკუთარი ხალხი შესწიროს მსხვერპლად.