"იმ დამსჯელებსაც კი შეიძლება სიკეთით უპასუხოს კაცმა" - კვირის პალიტრა

"იმ დამსჯელებსაც კი შეიძლება სიკეთით უპასუხოს კაცმა"

"მდუღარებით სავსე მაქვს გული, არაფრის ხასიათი და ხალისი არა მაქვს, ვიღას უნდა შენი სულიერება... რამდენიმე დღის წინ 70 წლის გავხდი, შეხვედრა მომიწყვეს დედაუნივერსიტეტში და უნივერსიტეტის ოქროს მედლით დამაჯილდოვეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის, თუ შეიძლება ახლა რამე გიხაროდეს, ეს მიხარია. პარადოქსია, იქ, უნივერსიტეტის კედლებში, სიმშვიდე მინდოდა მეჩუქნა ადამიანებისთვის და გარეთ კი სამშობლოს "გადამეტებული სიყვარულით" ხალხი ბობოქრობდა", - მეუბნება მწერალი და პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და საქართველოში მიმდინარე მღელვარე პროცესებზე საუბრობს:

- რა ზნე გვჭირს? როდის იყო ქვეყანა ბედნიერი? ყველა თავისი თაობის დარდს და სიხარულს აღწერს და განიცდის. აფორიაქებულია მსოფლიო და ამ საოცრებაში აფორიაქებულია ეს პატარა ქვეყანა, პატარა საქართველო. აფორიაქება ჯერ მარტო იმიტომ გადაგედება, რომ ერთმანეთის ნათესავი ერი ვართ, ყველა მეორე-მესამე ბიძაშვილ-მამიდაშვილი, შეიძლება ერთი კაცი დამშვიდებული იყოს და მეორე აფორიაქებული? დღეს ყველა ბრძენი გახდა, ყველა პოლიტიკოსი გახდა. რაშია საქმე, რატომ კითხვას არ ვსვამთ?

- მაინც რაშია საქმე?

- რაში და, თავის საქმეს არავინ აკეთებს, ამიტომ გახდა ყველა პოლიტიკოსი, ამიტომ მიაშურა ყველამ ქუჩას. ძალიან დადარდიანებული ვარ, იმდენი რამ მაქვს სათქმელი... მე ორივე მხარეს მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ გონს, ეს დაცოტავებული ქვეყანა ამათ ხელში ცოდოა. ცოლ-ქმრის ჩხუბშიც კი არც ერთი არ არის მართალი და როგორ შეიძლება ახლა ვინმე იყოს მართალი? ასეთი გამეტება და თავზე ხელის აღება არ შეიძლება. როგორ შეიძლება ქართველ კაცს გაუხარდეს ვინმეს დასჯა, იმ დამსჯელებსაც შეიძლება სიკეთით უპასუხოს კაცმა.

შურისძიების დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ არც წარსულის დავიწყება ეგების. უნდა გახსოვდეს, როცა ასე თამამად გამოდიხარ და გულზე მჯიღს იბრაგუნებ, შენ უნდა იყო მართალი გზით მოსიარულე. ვაჟა ფშაველას აქვს გენიალური ნათქვამი: "ყველანი მართალს ამბობენ, განა ვინაცა ჰფიციან?" ადამიანი რომ აცხადებ რაღაცას, შენ ასე გიცხოვრია? შენი გზა ისე სუფთად გაქვს გავლილი, რომ ჩემი ჭკუის დარიგება შეგეძლოს? გონს თუ მოხვედი, ღმერთმა გიშველოს, ძალიან კარგი, მაგრამ ასი ათასი შეცდომის დამშვები გონს რომ ვერ მოვა, ხომ ვიცით ეს.

- მგონი, ვხვდები, ვისზეც მიანიშნებთ. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები? - კაცი თუ ცოტას აზროვნებს, სააკაშვილს რა მიზანიც ჰქონდა, უნდა გაიგოს. რაც ახლა ხდება, ის იყო მიზანი. როგორ შეიძლება შემოქმედი ჯალათი იყოს. მე როგორ შემიძლია ხელაღებით ვთქვა, მოვკლათ, დავსაჯოთ-მეთქი, მაგრამ შე კაი კაცო, რაც მიიღე ქვეყნისგან, ციხეებში ჩვენი გენიალური ხალხი იჯდა, ამით ხომ არ მთავრდება ცხოვრება? ახალგაზრდა კაცი ხარ, რაღაცით ვიღაცები გააჩერე, დაანახე, რომ შენც რაღაცა შეგეხო, პირად ინტერესებს სამშობლოს ინტერესები ხომ არ უნდა ვანაცვალოთ. ძალაუფლება ამათ ისე აბრუებთ, რომ...

- ახლაც, როგორც არაერთგზის, დანის პირზე დავდივართ, თითქოს დაგვებედა კიდეც ასეთი მდგომარეობა... - იმიტომ გავდივართ, რომ ლოგიკა დაკარგული გვაქვს, გუშინდელი გოგონები და ბიჭები სამშობლოს სიყვარულით უნდა იყვნენ ანთებული, თუმცა რომელ სამშობლოზეა ლაპარაკი, ეს სიტყვა ლექსიკონიდან ამოიღეს. ჩვენ ზვიადს და ეროვნულ ხელისუფლებას მოვდევდით და ძალიან ბევრ რამეს შევეფეთეთ. ჩემი ხანში შესული მამა მეტყოდა ხოლმე, თქვენ ომი არ გინახავთო და მერე ხმას ვეღარ იღებდა, ამბობდა, ჩვენ ძმათა მკვლელი ომი არ გვინახავს, კავკასიონის აქეთ მტერი არ გადმოსულაო. ჩვენ დროს ქაშვეთსა და ილია-აკაკის ძეგლს ესროდა ხალხი. ეს ვისაც არ უნახავს, გამოდის და ისე ადვილად გვიყვება რაღაცებს და ისე ადვილად უხმობს რევოლუციისკენ. რა რევოლუცია? რევოლუცია არ არის, რომ მშიერია ხალხი, წამალი ასე რომ გაძვირდა და ამ ყოფაში რომ ვართ? ახლა რევოლუციების დროა?

- მესამე ძალის კვალს თუ ხედავთ ამ პროცესებში? - რუსებს რომ ოდითგან აქვს ჩვენი ინტერესი, განა არ გვესმის, მაგრამ ხელაღებით არ შემიძლია თქმა, რომ ყველაფერს რუსეთი განაგებს. არ ვიცი და რა ვთქვა? მე რა ვიცი პოლიტიკის, პოლიტიკა რატომ უნდა გამხდარიყო ჩემი სამსჯელო? ურაპატრიოტი რომ არა ვარ და ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ჩემმა მეგობრებმაც იციან. მე რომ ქუჩაში გავიდე და ვიყვირო, გული ცუდად გამიხდება, ვიცი, რომ ამდენ შეურაცხყოფას ვერ ავიტან, არ დამიჯერებენ... იმას კი არ ვამბობ, ქვეყნის დაქცევას გულხელდაკრეფილმა ვუყუროთ-მეთქი, რას ლაპარაკობთ, ეს როგორ შეიძლება, მაგრამ ასე გაბოროტებით რატომ უნდა დავეჭიდოთ ქართველები, ომი გინდა?! მე შერიგებას მოვითხოვ. რომელი ნორმალური კაცი არ იტყვის, რომ ადამიანებმა გავუგოთ ერთმანეთს, აბა, რისთვის არის პოეტი, მე კაცი მერქმევა, ვთქვა, მოდი, გადავუაროთ ერთმანეთს-მეთქი? არა, ბატონო! შედგეს მთავრობა იმ ხალხისგან, რომელიც სამშობლოს კეთილდღეობაზე იზრუნებს.

- "არაფერი აღარ ფასობს შაურად, / ქვეყნად მოსვლა გვექცა დანაშაულად"... მართლა დავაშავეთ მოსვლით? - რატომღაც მგონია, რაღაცები ჩაცხრება, მაგრამ ადამიანური დათმობის ფონზე. მშვიდობის მაძიებელი კაცი ვარ, აბა, ლექსს რატომ ვწერ, კაცო?! მაინც მგონია, რომ არ მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება, რატომღაც პოეტური ინტუიცია მეუბნება, რომ ჩაწყნარდება ყველაფერი...

- ქვეყნის გადარჩენა მინდაო, წერთ. ისიც იცით, როგორ უნდა გადარჩეს ქვეყანა? - ცოტა მეტი გულისხმიერება, ცოტა მეტი დათმობა და გონის ჩადება საქმეში, ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს, რადგან ქვეყანა შეგვრჩება საბოლოოდ განადგურებული. თითქოს რაღაცას გვამადლიან ამ ნაწვალებ ხალხს, გამოდითო, რატომ დუმხართო... დუმილი რატომაა ღალატი, კაცო, მე კალმით და პრესით ვიბრძვი, ქუჩაში რომ ვერ ვყვირი, ღალატია?

ყველას მოვუწოდებ ერთს - დასათმობი დაითმოს და გასაკეთებელი გაკეთდეს. მე მაინც შერიგებისკენ მოვუწოდებ ყველას. ჩვენ ბიძაშვილ-მამიდაშვილი ერი ვართ. კარგად რომ ჩავეძიოთ, ყველა ქართველი ერთმანეთის ნათესავი გამოვდივართ. ამიტომ ისეთი საშვილიშვილო დანაშაული არ უნდა ჩავიდინოთ, ერი ისტორიას გაჰყვეს. კიდევ ერთხელ გადავხედოთ სახელმწიფოს ისტორიას, ივანე ჯავახიშვილმა შემთხვევით ხომ არ უწოდა მას ქართველი ერის ისტორია? ლევან სანიკიძემ საქართველოს ისტორია თუ არ დაწერა, წაგვაკითხა მაინც. კიდევ გადავხედოთ "გმირთა ვარამს" და ჭკუაზე მოვიდეთ, თორემ ერთმანეთის ასე გამეტება კარგს არაფერს მოგვიტანს.

"ვცხოვრობ უფლის განაჩენით,/ მწამს ღმერთი და სულიწმინდა/ სხვა ჯანდაბას, დანარჩენი,/ ქვეყნის გადარჩენა მინდა".

დიახ, ქვეყნის გადარჩენა მინდა, მეტი არაფერი! ზოგმა გუშინ გაიღვიძა და ჩვენ რახანია გავიღვიძეთ, თითქმის ოთხი ათეული წელია გვღვიძავს. სამშობლოს, ძირითადად, ანთებული გულები შველოდა, განათლება შველოდა. წერა-კითხვას რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს, ჩვენი წინაპრები და საოცარი ხალხი გიჟები იყვნენ, გამავრცელებელი საზოგადოება რომ შეიქმნა? ახალ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შევქმნიდი. გოგებაშვილის ხელაღებით უარყოფა შეიძლება? ერთხელ ვიხუმრე და ერთ მეუფეს ძალიან მოეწონა: "დედაენა" რომ არ წაეკითხა რუსთაველს, "ვეფხისტყაოსანს" ვერ დაწერდა-მეთქი და პირი დააღეს, მართლაო? მაინც უფლის იმედი მაქვს... ჩავიხედოთ წიგნებში და მივხედოთ ჩვენს გონიერ სამყაროს. გონებამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, თორემ გული ბევრ რამეს გეტყვის.