"თვალწინ მიდგას, როგორ მოათრია ირაკლი ექვსმა კბილებამდე შეიარაღებულმა, ორმეტრიანმა სპეცრაზმელმა, როგორც უკანასკნელი ყაჩაღი" - კვირის პალიტრა

"თვალწინ მიდგას, როგორ მოათრია ირაკლი ექვსმა კბილებამდე შეიარაღებულმა, ორმეტრიანმა სპეცრაზმელმა, როგორც უკანასკნელი ყაჩაღი"

"ნუ ფიქრობთ, რომ მიშა გამოსწორდა! მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება"

ირაკლი კენჭოშვილი და მისი მეუღლე ირინა გონაშვილი, წლებია, აღარ იხსენებენ, რა გადაიტანა მათმა ოჯახმა 2005 წელს. ყველაფრის დავიწყება სურდათ, სიძულვილით რომ არ ეცხოვრათ, მაგრამ ბოლოდროინდელმა ამბებმა მათ უბიძგა, საჯაროდ ელაპარაკათ. ირაკლი კენჭოშვილმა ორთაჭალის ციხეში რამდენიმე თვე გაატარა. მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა, ზეწოლის შედეგად, მამის დანატოვარი ქონება ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს გაუფორმა.

- დღემდე თავს ვიკავებდი საჯაროდ საუბრისგან, მაგრამ ისეთი ამბავი ატეხეს მიშას შიმშილობაზე, ვფიქრობ, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა... რაც მე გავიარე, იყო წამება. ჩემი კომპანიონი საავადმყოფოდან პირდაპირ საკაცით, წვეთოვნებით მოარბენინეს ციხეში. ვგულისხმობ უნივერსიტეტის პროფესორს, საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტის დეკანს, კათედრის გამგე ნუგზარ პაიჭაძეს, რომელიც ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში იწვა. წვეთოვანიდან მოხსნეს და ციხეში საკაცით შემოიყვანეს. ერთი კვირა კარანტინში ჰყავდათ, სარდაფში და მერე გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში.

- რა გახდა თქვენი დაკავების მიზეზი?

- 2005 წლის ოქტომბერში დამიჭირეს მოგონილი ბრალდების საფუძველზე მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძის ნაძირალა ქმარმა ბადრი ბიწაძემ და ყოფილმა პროკურორმა, გარეწარმა ვალერი გრიგალაშვილმა მოინდომეს ჩემი და ჩემი კომპანიონების ქონების ხელში ჩაგდება. ერთ თვეში ჩემი სხვა კომპანიონებიც დაიჭირეს. ჩვენი პატიმრობის განმავლობაში ჩვენი ოჯახის წევრებზე პროკურორებისგან მუდმივად იყო ზეწოლა, თუ კონკრეტულ პირებს არ გადავუფორმებდით ჩვენს კუთვნილ აქციებს (რომლებიც შემდეგ სახელმწიფოთი შეცვალეს), დიდი ხნით გამოგვამწყვდევდნენ ციხეში (შეკრებითობით 25 წელი გამოდიოდა).

ახლა იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა: დეკემბერში პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა. ორი კვირის განმავლობაში არ შემოდიოდა "პერედაჩები". იანვრის დასაწყისში, ახალ წელს ჩამათრიეს კარცერში, სადაც ადრე სიკვდილმისჯილები ჰყავდათ. ეს იყო სველი სარდაფი, სადაც არც შუქი გვქონდა და არც სუფთა ჰაერი შემოდიოდა, ბაღლინჯოებით და ვირთხებით იყო სავსე. არასდროს დამავიწყდება კარცერის სიბინძურის სუნი და არ დამავიწყდება პატიმარი, რომელიც ექვსი თვე იჯდა კარცერში და რომელმაც მითხრა, შენ ჯერ არ იცი, რას ნიშნავს ციხე, კარცერი იმასთან შედარებით არაფერია, "სპეცებში" - განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან გადაგიყვანენ და ისეთ პირობებში ჩაგაგდებენ, თავს დაიწყევლი, დღესვე ორივე ხელიც რომ მომაჭრან, თანახმა ვარ, ოღონდ როგორმე აქედან გავიდეო. ორი კვირის ნაშიმშილარმა კარცერში პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოვაცხადე.

რამდენჯერმე ცუდად გავხდი და დამჭირდა ექიმის გამოძახება, მაგრამ ციხის საავადმყოფოში მაინც არ გადამიყვანეს. არც ფაფები და ვიტამინები შემოუთავაზებია ვინმეს. იცით, ციხიდან რომ გამოვედი, რამდენი კილო ვიყავი? 45 კილო! ამას დაემატა კარცერში ხანძარი. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვიხრჩობოდით კვამლში. ავტეხეთ საშინელი ხმაური, ყველა ვითხოვდით შველას, მაგრამ მიტოვებულები ვიყავით. ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად იყო მოწყობილი. ბეწვზე მოგვისწრეს "კლუჩნიკებმა", რომლებმაც სარდაფიდან ამოგვიყვანეს. ამის შემდეგ დამაბრუნეს ძველ კამერაში. ახლა მიშა რომ ზის, ზუსტად მაგხელა კამერაში 11 კაცი ვისხედით. მორიგეობით ვიძინებდით... მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, საქმეს რომ გავეცანი, გავიგე ჩემი კარცერში ჩაყვანის საბაბი. თურმე ბადრაგს შეურაცხყოფა მივაყენე. სინამდვილეში მიზეზი იყო ის, რომ აქციებს არ ვთმობდით. სხვათა შორის, ორთაჭალის ციხის პატიმრების საყოველთაო შიმშილობა დამთავრდა ცნობილი "ციხის ბუნტის" სისხლიანი ჩახშობით და მსხვერპლით. 4 თვე ვიყავი ციხეში, აქედან ორი კვირა - კარანტინში, საშინელ პირობებში. ერთ, 30 კვმ ფართობის კამერაში, 120 ადამიანი ვიყავით! 7 იანვარს, შობას, საპატრიარქოს ინიციატივით, ციხეში შემოიტანეს გაყინული თევზი. პატიმრებს უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ შიმშილობა. უნდა გენახათ, როგორ უხაროდათ, განსაკუთრებით იმ პატიმრებს, რომლებსაც გარეთ პატრონი არ ჰყავდათ და მხოლოდ "ბალანდაზე" იყვნენ.

როდესაც სოცქსელში დავწერე ჩემი ამბავი, ბევრმა მომწერა, რომ დამნაშავედ თავს არავინ მიიჩნევს და რატომ არ დავაკონკრეტე, რა ქონება წამართვეს... დოკუმენტურად დავამტკიცებ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩემს ბიზნესსა და ქონებას უკავშირდებოდა, იყო კანონიერი და დანაშაული კი არა, დარღვევაც კი არ გვქონია. დამიჭირეს მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების მისათვისებლად. ჩვენ ვიყავით განსასჯელები და არ გვქონდა მისჯილი, მიშასგან განსხვავებით, ამიტომ სულაც არ იყო აუცილებელი, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოეყენებინათ, მაგალითად, ჩემი კომპანიონისთვის - 60 წელს გადაცილებული ინსულტიანი ადამიანისთვის.

ახლა მინდა ვკითხო სააკაშვილის მომხრეებს: თუ მიშას მიმართ ციხის ადმინისტრაციის ქმედებებს წამების კვალიფიკაციას აძლევთ, ჩვენ მიმართ, სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის და უამრავი გლდანის პატიმრის მიმართ ციხის ადმინისტრაციის ქმედებებს რა კვალიფიკაციას მისცემთ? ლომჯარიამ ხომ დაადასტურა, რომ მიშას ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ეტყობა, სულხან მოლაშვილს კი მთელ სხეულზე სიგარეტით დამწვრობები ჰქონდა, რაც ევროსასამართლომაც დაადასტურა. ან სამართლიანად მიგაჩნიათ ჩვენთვის, უდანაშაულო ადამიანებისთვის, 25-წლიანი სასჯელი და მიშასთვის მხოლოდ 6 წელი?! ჩვენ ხომ არც სამშობლოსთვის გვიღალატია, არც სამაჩაბლო და კოდორის ხეობა ჩაგვიბარებია რუსეთისთვის, არც სტრატეგიული ობიექტები მიგვიყიდია რუსებისთვის, არც 28.000 თურქისთვის მიგვიცია მოქალაქეობა, არც ზურაბ ჟვანია მოგვიკლავს, არც სანდრო გირგვლიანი, არც ბუტა რობაქიძე, არც ზურა ვაზაგაშვილი, არც გურამ შარაძე, არც მიტინგები დაგვირბევია, არც ბიზნესმენები დაგვიყაჩაღებია და არც ქონება წაგვირთმევია ვინმესთვის. ჩვენ რატომ ვიყავით ღირსი ციხეში არაადამიანური მოპყრობის და სააკაშვილი რატომ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში?

არ მინდოდა ამ ყველაფრის გახსენება, რადგან გლდანის ციხეში ისეთ მძიმე პირობებში ჰყავდათ პატიმრები, ჩემი პატიმრობა სახსენებელიც არ არის. ამას ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც არ მოსწრებიან იმ რეჟიმს და დღეს მხარს უჭერენ მიშას, იცოდნენ სიმართლე. ნუ მოტყუვდებიან ცრუ პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, გვკითხონ ჩვენ, თვითმხილველებს, რა ხდებოდა მაშინ და შეადარონ დღევანდელ სიტუაციას. ნუ ფიქრობთ, რომ მიშა გამოსწორდა! მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება იმაზე სასტიკი მეთოდებით, ვიდრე იყო. სამწუხაროდ, ბევრნი ვართ ისინი, ვინც ჩვენს თავზე გამოვცადეთ ის ჯოჯოხეთი. ეგონათ, რევოლუციას მოახდენდნენ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მიშა რა შუაშიაო, რომ იძახიან, მისი შექმნილი არ იყო ის სადისტური სისტემა? კიდევ ჩვენგან მოითხოვენ სოლიდარობას! მე რომ სოლიდარობა გამოვუცხადო, იმ ხალხს თვალებში როგორ შევხედო, ვინც ჩემზე უარესი გამოიარა, ან ვინც დაიღუპა, მათ ახლობლებს რა ვუთხრა?

- ახლა რას საქმიანობთ, სამართლიანობა თქვენ მიმართ რა ფორმით უნდა აღდგეს?

- ფიტნესცენტრი მაქვს, პერსონალური მწვრთნელი ვარ. არავის არაფერი დაუბრუნებია ჩვენთვის, პროკურატურაშია ჩვენი სარჩელი და ველოდებით რეაგირებას. აი, რამდენი წელი გავიდა და პასუხი არ არის.

ირინა გონაშვილი: - ამ ყველაფრის გახსენება ემოციების გარეშე არ შემიძლია. თვალწინ მიდგას, როგორ მოათრია ირაკლი ექვსმა კბილებამდე შეიარაღებულმა, ორმეტრიანმა სპეცრაზმელმა, როგორც უკანასკნელი ყაჩაღი. ირაკლი ყველაზე კანონმორჩილი და წესიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ეს ამბავი ჯერ კიდევ "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. გვებრძოდნენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეტი შემართებით გააჩაღეს ბრძოლა. ერთ-ერთი იყო ვალერი გრიგალაშვილი, რომელმაც სულხან მოლაშვილი აწამა. ის იყო ისანი-სამგორის რაიონში პროკურორი და ის ქარხანა, რომელიც ირაკლის მემკვიდრეობით ერგო მამამისისგან, სწორედ იქ იყო. 45-ტომიანი საქმე შეთხზეს. ამუშავებდნენ მოწმეებს, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ იძლეოდნენ ჩვენებებს. ყველას მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ყველა დააშინეს და რაც სურდათ, იმას აწერინებდნენ. თავდებით გათავისუფლებული ადამიანი მეორედ დაიჭირეს ყალბი ბრალდებით, რომ ვითომ ირაკლიმ გამოუშვა ფასიანი ქაღალდები. "60 წუთმა" ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. გამიკვირდა, რომ ის გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ამ სიუჟეტის შემდეგ მალევე დახურეს.

დავდიოდი სასამართლოში, პროკურატურაში, მყავდა 7 წლის გოგონა, მოხუცი დედამთილი. ყველანაირად ვცდილობდით, ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. გავყიდეთ, რაც გვქონდა: მანქანა, ავტოფარეხი, ავეჯი... ადვოკატებისთვის ფული უნდა მეხადა, ციხეში საჭმელი უნდა მეგზავნა, უნდა მეარსება... ჯერ მარტო ყოველთვე ციხეში "პალაჟენიის" 300 ლარს არაოფიციალურად ვიხდიდი. მის პატიმრობაში ვიხდიდი ფულს, დღეგამოშვებით ლოგინზე დაძინების საშუალება რომ ჰქონოდა და კვირაში ერთხელ შხაპი მიეღო. დილის 5 საათიდან მივდიოდი ორთაჭალის ციხესთან და საათობით ვიდექი ყინვაში, რომ საჭმელი შემეგზავნა. ზოგჯერ ღამის ათ საათამდე მიწევდა რიგში დგომა. იმის გადმოცემა, რაც იქ ხდებოდა და რასაც განვიცდიდი, შეუძლებელია. დაბურულშუშებიანი მანქანები დამყვებოდნენ, მეზობლებმაც იცოდნენ და მაფრთხილებდნენ, რომელ დღეს რომელი მანქანა მითვალთვალებდა. კვირაში ერთხელ ჩრეკდნენ სახლს, სულ კუდში დამყვებოდნენ. ამასობაში გახმაურდა ჩვენი ამბავი, მაგრამ ისე მეშინოდა, რომ ყველასთან კონტაქტისა და რამის თქმისგან თავს ვიკავებდი. ირაკლი მათ ხელში იყო და არ ვიცოდი, როგორ მოექცეოდნენ. მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, ასე და ასე ვუზამთო. ბოლო პერიოდში ტელეფონითაც აღარ მქონდა მასთან კონტაქტის საშუალება. ერთადერთხელ მომიწყვეს შეხვედრა, ისიც იმ მიზნით, რომ მისთვის მეთქვა ერთადერთი სიტყვა: "დათმე". ისეთი გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა, ოღონდ გამოსულიყო ციხიდან და არაფერი მინდოდა. ღამეები არ მეძინა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ დამემტკიცებინა, რომ დამნაშავე არ იყო. ირაკლი მეუბნებოდა, გაყიდე ყველაფერი, მინდა ჩემი სიმართლე დავამტკიცოო. მიანიშნეს, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა... ბოლოს ვეხვეწებოდი, ოღონდ ხელი მოაწერე, აღარ მაქვს არც ძალა, არც ღონე, ყველანაირი რესურსი გამომელია-მეთქი. სხვა კომპანიონებიც ხომ ციხეში იყვნენ. ერთ დღესაც მათი ცოლები შეგვიყვანეს, მინდობილობით ეს აქციები ჩემზე გადმოაფორმეს და იმავე დღეს, ღამის 11 საათზე, წაგვიყვანეს რეესტრში, ჩუქება გავაფორმოთო. ემოციებით გადაღლილი ვიყავი და ვიხვეწებოდი, დილით წავსულიყავით, მაგრამ... ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს ვაჩუქეთ აქციები, რომელზეც 45-ტომიანი საქმე შექმნეს. როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ის აქციები და დღეს ჩვენი ქარხნის ადგილას დიდი სავაჭრო ცენტრია, ქარხნის ეზოში კი - ბაზრობა. მოკლედ, იმ ადგილს ჰყავს კანონიერი მფლობელი, ჩვენი საქმე წლებია თაროზეა შემოდებული, ჩვენ კი თავიდან დავიწყეთ ცხოვრება...

ნინო ჯავახიშვილი