"არ მოხვედი, არ მოხვედი, ახლა ერთი პატარა ეპიზოდია და იქნებ ამაზე მაინც მოხვიდეო.შაგუს ბაბუდა "გავიჩითე"
მაკა გოგიჩაიშვილი მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია, სადაც ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს. როგორც ამბობს, ახლა 76 წლის არის და ამ თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავია.
"მოზარდმაყურებელთა თეატრი ჩემი თეტარია, ჩემი ცხოვრება და სახლია, მსახიობები აქ ყოველთვის ერთ ოჯახად ვიყავით. საოცარი დასი იყო. თეატრში ახალი თაობა სულ მოდიოდა და ახლაც გადასარევი ახალგაზრდები მოდიან. ძალიან ნიჭიერები არიან, ამასთან, უფროსი თაობის მსახიობებს პატივს გვცემენ, რაც მიხარია", - გვეუბნება ქალბატონი მაკა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" საშუალებით გაიცნო. მისი გმირი ერთ-ერთი პერსონაჟის, შაგუს ბაბუდაა, ქალბატონი თამარა. ის მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟია.
მაკა გოგიჩაიშვილი Ambebi.ge-ს თავის პროფესიაზე, სერიალში მის გმირზე და საკუთარ ოჯახზე ესაუბრა.
- მსახიობის ბედი თეტარში წინააღმდეგობებითაა სავსე, მისი კარიერა ძირითადად რეჟისორებზეა დამოკიდებული. ნებით თუ უნებლიედ, თეატრის სხვადასხვა ინტრიგაშიც უწევს მონაწილეობა. რას იტყვით ამაზე? - ჩემი ახალგაზრდობა და ის წლები, რაც "მოზარდში“ გავატარე, რაღაც კარგი სიზმარივით მახსენდება. საოცრად კარგი პერიოდები იყო. საერთოდ, ყველა აღნიშნავდა, რომ ერთადერთი თეატრი ვიყავით, სადაც ინტრიგები ნაკლებად ხდებოდა. კოლეგების პრემიერებზე კულისებში ვიდექით, ვგულშემატკივრობდით, მათთან ერთად ისე განვიცდიდით, თითქოს ჩვენ ვთამაშობდით. საოცარი ერთობა გვქონდა. მსახიობები ოჯახებითაც ვახლობლობდით. ერთმანეთს მხარში ვედექით.
- როგორც შევიტყვე, რეჟისორმა დიმა ხვთისიაშვილმა, გასულ კვირას პრემიერა წარადგინა. დადგა სპექტაკლი "დონ სეზარ დე ბაზანი“, რომელიც "მოზარდში“ პირველად 1968 წელს რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დაუდგამს და მასში თურმე თქვენ თამაშობდით...
- დიახ, ასე იყო, მაშინ 23 წლის ვიყავი, ვთამაშობდი მარიტანას, ბოშა გოგონას. ჩემი პარტნიორი რეზო თავართქილაძე და ტარიელ გიორგაძე იყვნენ. იმ დროს თეატრში სამი წლის მისული ვიყავი. ამ მსახიობებთან ერთად სცენაზე დგომა დიდი პატივი იყო და ამიტომ, მათთან მორიდებულად ვიყავი. რეზო თავართქილაძის გამოცდილების მქონე მსახიობთან წარმოგიდგენიათ, როგორ ვიქნებოდი?! მაგრამ ისინი ახალგაზრდა არტისტებს ხელს გვიწყობდნენ, რომ თავი დაჩაგრულად არ გვეგრძნო და თავისუფლად ვყოფილიყავთ.
- მოკლედ, უფროსი თაობის გვერდით სცენაზე დგომა გარკვეული დაძაბულობისგან გათავისუფლებდათ...
- ასე იყო. რეზო წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანი გახლდათ. მოკლედ, ახლა იმ ბოშა გოგონას, ანუ ჩემს როლს ნიჭიერი გოგონა, მარიამ ჩუხრუკიძე თამაშობს. კარგი ვოკალური მონაცემებიც აქვს და სპექტაკლი ამ მხრივაც სხვანაირადაა გადაწყვეტილი...
- პანდემიამ როგორც ბევრი სფეროს ცხოვრება, თეატრის ცხოვრების სტილიც შეცვალა. დღეს ის რეგულაციების დაცვით მუშაობს...
- სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩემი 75 წლის იუბილისთვის დიმა ხვთისიაშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი "ნაცარქექიას“ გათანამედროვებულ ვარიანტს დგამდა და იქ უნდა მეთამაშა. 25 მარტს მაქვს დაბადების დღე და 2020 წლის 11 მარტს პანდემია გამოცხადდა. გავჩერდით... არადა, რეპერტუარშიც ვიყავი, ოთარ ბაღათურიას კარგი სპექტაკლი იყო "მეფე ლირი თავშესაფარში“, სადაც ვთამაშობდი. მოკლედ, პანდემიის გამო ასაკოვანი ხალხი რეპეტუარიდან ამოგვიღეს, რადგან დიმა ძალიან გვიფრთხილდება და გვანებივრებს, ყველანაირად პატივს გვცემს. ჩემი 75 წლის იუბილისთვის ალბომიც გამოუშვა.
- ქალბატონო მაკა, თეატრის გარდა თქვენს ცხოვრებაში არის კიდევ პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“, რომელშიც უკვე ბევრი სეზონია თამაშობთ. სერიალმა პოპულარული გაგხადათ...
- ადრე მსახიობები მასობრივად ცნობილები კინოს საშუალებით ხდებოდნენ. კინოში ბევრჯერ შემომთავაზეს გადაღება, მაგრამ ჩემი მეუღლე წინააღმდეგი იყო ხოლმე, ამიტომ რამდენჯერმე მიღებულ შემოთავაზებაზე უარის თქმა მომიწია. კარგი მეუღლე მყავდა და ამის გამო გულს ვერ ვატკენდი...
ამ სერიალზე კასტინგმენეჯერმა ეკა მჟავანაძემ რომ დამიძახა, თავიდან მასაც უარი ვუთხარი. ხან რა მოვიმიზეზე და ხან - რა. რომ გავიდა "დაქალები“ რამდენიმე სერიის შემდეგ, კიდევ დამირეკა და მითრხა, - არ მოხვედი, არ მოხვედი, ახლა ერთი პატარა ეპიზოდია და იქნებ ამაზე მაინც მოხვიდეო. მერე ვთქვი - რას ვიპრანჭები, წავიდე-მეთქი და მივედი. ჟუჟა, სანდრექასას ბებია ვიტირე, რადგანაც ჩემი გმირი მისი ბებიის მეგობარი იყო, რომელიც ამ ბიჭის ცხოვრებაში ერეოდა. მერე ისეც მოხდა, რომ შაგუს ბაბუდაც გავხდი. იხილეთ სრულად