"მიშა რომ სასჯელს იხდის, ამას ბევრი ელოდა... მინდა თუნდაც ერთი დღით განიცადოს ის ყველაფერი, რასაც მაშინ პატიმრები გრძნობდნენ" - კვირის პალიტრა

"მიშა რომ სასჯელს იხდის, ამას ბევრი ელოდა... მინდა თუნდაც ერთი დღით განიცადოს ის ყველაფერი, რასაც მაშინ პატიმრები გრძნობდნენ"

მსახიობი და მომღერალი ლევან სუხიტაშვილი ამბობს, რომ მისთვის დამთრგუნველია დღევანდელი რეალობა და აუტანელი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება.

როგორია საზოგადოების როლი ამ პროცესებში, ვინ და რატომ აზიანებს ქვეყნის იმიჯს და რატომ გრძნობს თავს რეალითი შოუში? ლევან სუხიტაშვილს ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ.

- ის, რაც დღეს ხდება, ახლა არ დაწყებულა - უკვე რამდენი წელია, ორი დაპირისპირებული მხარე ებრძვის ერთმანეთს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჩვენი შვილებიც უყურებენ. წინა დღეებში ბავშვებთან ერთად ვუყურებდი ტელევიზორს და რომელ არხზეც გადავრთე, ყველგან აგრესია, დაპირისპირება... თაობები იზრდებიან და ესმით მხოლოდ: "მიშა!" "ბიძინა!" - მეტი არაფერი! რეალური პრობლემები კი უფრო და უფრო ღრმავდება, რადგან მოღალატეები, რომლებიც ოდითგანვე ბევრი გვყავდა, ძირს უთხრიდნენ და ახლაც უთხრიან ქვეყანას. სულ ასე იქნება, თუ არაფერი გავაკეთეთ. დამთრგუნველია ეს სიტუაცია ჩემთვის, წარმოუდგენელი და აუტანელი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. გინდა არ გინდა, მოქმედებს ადამიანზე და გვინდა, მალე დასრულდეს.

ხშირად მიფიქრია საზოგადოების როლზე ამ პროცესებში: სად უნდა დავდგეთ, რა არის სწორი, მაგრამ ადამიანებს არაფერი შეგვიძლია. როდესაც მავნებლობენ და ამას მედიისგან დიდი ყურადღება ეთმობა, ისინი უფრო ძლიერდებიან. ჩვეულებრივ მოქალაქეებს არაფრის უფლება, ბრძოლის არანაირი საშუალება და იარაღი არ გვაქვს, რომ ეს პროცესები დავასრულოთ. ამიტომ ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა იდგეს იმ სიმაღლეზე, რომ ადამიანთა ნერვებზე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ გადატყდეს ჯოხი. ჩემი აზრით, მედიამ და სახელმწიფომ ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. დაფიქრდნენ, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება? რატომ უნდა ეთმობოდეს ამხელა ყურადღება ერთ დაჯგუფებას მაშინ, როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომლებიც მეორეხარისხოვნად იქცა! თქვენ წარმოიდგინეთ, პანდემიაც კი დაჩრდილა პოლიტიკამ. საინფორმაციოები იწყება მიშათი და მისი "ცირკაჩობებით": მიშა შიმშილობს, აი, ახლა ჭამა, ახლა ეს თქვა - უკვე სასაცილოც აღარ არის.

- მთავარი პრობლემები მეორეხარისხოვნად რომ იქცა, ამის გამო ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? - ხელისუფლების ბრალიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებაც ისე უნდა მოჰქცეოდა იმ სადისტებს, როგორც ისინი იქცეოდნენ თავის დროზე. "ნაციონალები" გვაყვედრიან, თუ დამნაშავეები ვართ, რატომ არ დაგვსაჯეთო? რამხელა უტიფრობაა! ეს ყველაფერი, კოაბიტაციით დაწყებული, მიშას ჩამოსვლით დამთავრებული, ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ზოგჯერ ისიც კი მიფიქრია, გადავცეთ ეს კაცი ვიღაცას, როგორმე მოვიშოროთ თავიდან, რომ დაისვენოს ქვეყანამ, მაგრამ არ უნდა არავის, არც - უკრაინას. პრეზიდენტის პატიმრობა ქვეყნის იმიჯს აზიანებსო, გაიძახიან. ქვეყნის იმიჯს ყველაზე მეტად მიშა სააკაშვილი ვნებს, უკვე რამდენი წელია... არ მოკვდება, მე გაძლევთ ამის გარანტიას. ისე უყვარს საკუთარი თავი, შიმშილით თავს არ მოიკლავს. ყველამ კარგად იცის, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანით, რა აქვთ ჩაფიქრებული - რამდენიმეს წამოსცდა კიდეც... ციხის საავადმყოფოში ყველა პირობაა სამკურნალოდ, იმისგან განსხვავებით, რაც მათ დროს იყო. აპარატურა კი არა, ანალგინი რომ მოგეთხოვა თავის ტკივილისთვის, გაგხევდნენ ცემაში და ცოცხალ-მკვდარს შეგიტანდნენ საკანში. მახსოვს, ერთი კაცი კბილის ექიმთან გაიყვანეს და საკანში მკვდარი შემოგვიგდეს, ეს კი ბრეივიკივით არის, რომელიც კარაქში ცხიმის პროცენტულობაზე და საჭმლის შეთბობაზე წუწუნებს, რაც გამაღიზიანებელია ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მის დროს ისხდნენ ციხეში.

მიდიან იქამდე, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს და ისინი, ვინც ლამის ეწირებიან მიშას, იღებენ პასუხისმგებლობას, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის დროს სერიოზული არეულობა არ მოხდება? მიხარია, რომ საზოგადოება გაიზარდა და აღარ ტყუვდება.

არ მესმის, დანაშაული ხომ ჩაიდინა და პასუხი არ უნდა აგოს?! ან წამებას რას ეძახიან, რომ დაიჭირეს და სასჯელი უნდა მოიხადოს? ახლა მე რომ პატიმარი ვიყო, ვიშიმშილებდი და მოვითხოვდი, ჩემთვისაც იგივე უფლებები მოეცათ. ავიყოლიებდი სხვა პატიმრებსაც და რომელ საავადმყოფოსაც ხელს დავადებდი, აბა, ნუ გადამიყვანდნენ, ავტეხდი ერთ ამბავს.

პოლიციელის ცემა გახდა ჩემი დაკავების მიზეზი, ექვსი თვე გავატარე ციხეში. ეს თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ იქ ყველაფერი ნახო და შეიგრძნო. ბევრია ოჯახისთვის, ჩემი პატარა შვილებისთვის, ბევრია ერთი კვირაც და როდესაც მართალი ხარ - ერთი საათიც! მაგრამ ჩემი ამბავი რა მოსატანია, იქ ისეთი ადამიანები ვნახე. მაშინ ვიფიქრე, ღირსი ვარ, აქ რომ მოვხვდი, მაგრამ ამათ აქ რა უნდათ-მეთქი. ამიტომაც მომემატა პროტესტის განცდა.

კარანტინში შედიოდი და იქ მთავრდებოდა ყველაფერი - იქ ხედავდი მიშას, თავის მთავრობიანად. დღეს უკვე ლუსტრირებულებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ვის ხელში ვიყავით და მეშინია. ამ ყველაფერს ეუბნები მის მხარდამჭერებს, მაგრამ არაფრის გაგონება და დაჯერება არ უნდათ. არაფერი დაუშავებიაო, გაიძახიან. მიშა უნდა იყოს გარეთ და მორჩა! თვითონ ხომ სჯერა თავისი უდანაშაულობის და ის, რომ პუტინის პირადი პატიმარია, ასე დააჯერა გარემოცვასაც. ეს ყველაფერი ცირკსაც აღარ ჰგავს - მისი შიმშილით დაწყებული, მჩხიბავის ჩამოყვანით დამთავრებული. ასე მგონია, ვუყურებთ და ვცხოვრობთ რეალითი შოუში, რომლის ფინალშიც მიშაა და, აი, სადაცაა მოიგებს დიდ ფულს ან სადმე საგზურს, ამ შოუს კი მთელი მსოფლიო უყურებს. საგიჟეთში ვცხოვრობთ.

- არაერთმა ხელოვანმა გამოუცხადა მხარდაჭერა სააკაშვილს, მათ შორის - თქვენმა ძმამაც, რაც ხალხმა არაერთგვაროვნად შეაფასა.. ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგიმ მითხრა, ამ საკითხზე ძმებმა მემორანდუმი გავაფორმეთ და საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ პოლიტიკაზეო. განსხვავებული აზრის გამო დაყოფა მოქმედებს თუ არა ურთიერთობებზე და გულსატკენია თუ არა ასეთი მკვეთრი დაპირისპირება? - ოჯახში დემოკრატია გვაქვს, ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ, თუმცა ასეთი დამოკიდებულება მართლაც მწყინს. გული მტკივა, რომ იმას, რაც მე გამიკეთა მიშას მთავრობამ და რაც იქ გადავიტანე, წამებად, არაადამიანურ მოპყრობად, უსამართლობად ვერ აღიქვამენ ჩემი ახლობელი ადამიანები და იმის ხუშტურებს სცემენ პატივს, რომლის შექმნილი სისტემაც ასე მომექცა. თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს და ამას პატივს ვცემ. მხოლოდ ჩემი ძმა არა, ბევრი ახლობელი ფიქრობს ჩემგან განსხვავებულად და ვერ ვწვდები მათ სიმართლეს, მათ ლოგიკას. ხან აქედან შევხედავ, ხან - იქიდან და მაინც ვერ ვიგებ. ის არგუმენტები, რომ შუქი და გაზი გვქონდა, არასერიოზულია. იმ პერიოდში იმავეს გაკეთებას შეძლებდა ყველა, ვისაც ამერიკა აირჩევდა და ქვეყანას ჩააბარებდა, ოღონდ არა - ადამიანების სიცოცხლის, გაუბედურების, ქონების წართმევისა და ძალადობის ხარჯზე. ის ყველაფერი იყო ფასადური, აწყობილი პიარის ხარჯზე. მაშინაც ვხედავდი, მაგრამ ამ გადასახედიდან ხომ ხელისგულზე ჩანს, როგორი პიარი ჰქონდათ! ის კადრი თუ გახსოვთ, ერთ-ერთი ობიექტის გახსნაზე ბანერი რომ ჩამოვარდა? ასე სახელდახელოდ კეთდებოდა ბევრი რამ...

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირებასთან ძალიან ახლოს ვართ, აქეთ გამალებით მიიწევენ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მიმდევარი პარტიები თავიანთ მოსექტანტო მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა: მიშა რომ სასჯელს იხდის, ამას ბევრი ადამიანი ელოდა, თუმცა ისე არ იხდის, როგორც უნდა იხდიდეს. მინდა თუნდაც ერთი დღით განიცადოს ის ყველაფერი, რასაც მაშინ პატიმრები გრძნობდნენ. მე ხალხის იმედი უფრო მაქვს, იმ ხალხის, ვინც აზროვნებს და ადეკვატურად აღიქვამს რეალობას.

ნინო ჯავახიშვილი