"სააკაშვილს ციხეში სიკვდილი არ უწერია და ტყუილად ნუ იკლავენ თავს... მთელი ეს ამბავი ექსპრეზიდენტის ექსტრადირებით დამთავრდება, ამიტომ..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ციხეში სიკვდილი არ უწერია და ტყუილად ნუ იკლავენ თავს... მთელი ეს ამბავი ექსპრეზიდენტის ექსტრადირებით დამთავრდება, ამიტომ..."

"სააკაშვილს ციხეში სიკვდილი არ უწერია და ტყუილად ნუ იკლავენ თავს მისი მიმდევრები. მთელი ეს ამბავი ექსპრეზიდენტის ექსტრადირებით დამთავრდება, ამიტომ ზედმეტი ფსიქოზი არ არის საჭირო... დაიწყება მოლაპარაკებები, პოლიტიკური ვაჭრობა და საბოლოოდ უკრაინაში გაუშვებენ"

"დედამიწა უარყოფით ენერგოველშია შესული, რის შედეგად ადამიანთა ჯანმრთელობა უარესდება, ემოციური ფონი არასტაბილური ხდება, რაც წარუმატებლობისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება", - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. როდემდე გაგრძელდება რთული პერიოდი და რას გვიქადიან ვარსკვლავები, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი გვესაუბრება:

- როდესაც დედამიწა უარყოფით ენერგოველშია შესული, მისი გეომანტია იძაბება და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე. ამასთან, მზე, მერკური - ინტელექტის მმართველი პლანეტა და მარსი - ომის მმართველი პლანეტა, სამივე, ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ზოდიაქოშია, რომელსაც ჩვენ მორიელის სახელით ვიცნობთ. ერთობლიობაში ქმნიან ძალიან დაძაბულ სამკუთხედს, რაც ავარიების, ტრავმების, დაპირისპირებისა და აგრესიის მაღალ დონეს განაპირობებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მზეზე ძლიერი აფეთქებებია, რაც მაგნიტურ ქარიშხალს წარმოქმნის. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ 19 ნოემბერს მთვარის დაბნელების დერეფანი იხსნება, 4 დეკემბერს კი მზის დაბნელება გველოდება. მზის და მთვარის დაბნელება ადამიანთა უმრავლესობას ტვინს უბნელებს, შესაბამისად, ისინი არაადეკვატურები ხდებიან, ვეღარ აკონტროლებენ ემოციებს და დაუკრეფავში გადადიან სიტყვიერად თუ ქმედებებით. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდია შეცდომებისა და ცდუნებების ალბათობა. მზე ახლა ე.წ. გველმჭერის ორკვირიან ზონას გადის და დაახლოებით 30 ნოემბერს მთავრდება. ამ პერიოდში ადამიანი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. ვინც საკუთარ ევოლუციურ ზრდაზე იზრუნა, შესაძლოა კოსმოსური საჩუქრები მიიღოს, ვინც არასწორად იცხოვრა, მათ ელით ტრავმები, ავადმყოფობა და ათასი სხვა უბედურება. ძალიან რთული ზონა გვაქვს გასავლელი.

- ასეთი რთული პროცესი როდემდე გაგრძელდება? - სავარაუდოდ, ახალ წლამდე. 23 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ოდნავ შესუსტდება დაძაბულობა, მაგრამ 4 დეკემბრიდან, როგორ უკვე გითხარით, მზის დაბნელებაა, დედამიწა ისევ შედის უარყოფით ველში და 23, 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. საახალწლოდ ცოტა ამოვისუნთქებთ.

- ამ პერიოდში პოლიტიკურ ველზე რა პროცესებს უნდა ველოდოთ? - საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სააკაშვილი ქვეყანაში შემოუშვა, უკან უნდა გაეშვათ. დღეს გაცილებით მშვიდად ვიქნებოდით და საგიჟეთში ცხოვრება არ მოგვიწევდა. შეხედეთ, როგორია დღევანდელი ჩვენი დღის წესრიგი, მთელი დღეების განმავლობაში მხოლოდ იმას განვიხილავთ, რა შეჭამა ან რა დალია სააკაშვილმა; რა თქვა, როგორ გამოიხედა, დღეს რა ფერი ადევს სახეზე, გუშინ როგორი ჰქონდა და ა.შ. თითქოს სხვა სადარდებელი არაფერი გვქონდეს. როგორ განვითარდება პროცესები? დაიწყება მოლაპარაკებები, პოლიტიკური ვაჭრობა და საბოლოოდ სააკაშვილს უკრაინაში გაუშვებენ. სააკაშვილის უკრაინაში გაშვება ახლა ერთადერთი გამოსავალია. მისი აქ დატოვება ნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტმა შეასრულოს თავისი მისია - იყოს მსხვერპლი, ეს კი მუდმივ დაძაბულობას განაპირობებს.

- როგორც ვიცი, სააკაშვილი ერთ დროს თქვენი რჩევებით სარგებლობდა. შესაბამისად, ისიც გეცოდინებათ, როგორია მისი ზოდიაქოს რუკა. რას უქადიან ახლა მას ვარსკვლავები? - მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების პერიოდია. საქართველოში მისთვის არახელსაყრელ, ძალიან ცუდ დროს ჩამოვიდა. ახლა, როგორც სხვა ყველა მშვილდოსანს, მასაც წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს. 23 ნოემბრის შემდეგ მზე მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა და უფრო აქტიური გახდება, იმუნიტეტიც მოიმატებს. სააკაშვილს ციხეში სიკვდილი არ უწერია და ტყუილად ნუ იკლავენ თავს მისი მიმდევრები. მთელი ეს ამბავი ექსპრეზიდენტის ექსტრადირებით დამთავრდება, ამიტომ ზედმეტი ფსიქოზი არ არის საჭირო.

- სხვა დანარჩენ პოლიტიკოსებზე რას იტყვით. ვის დაასაჩუქრებს ან დასჯის კოსმოსი? - რომელ პოლიტიკოსებზე მეკითხებით, პარლამენტში რომ სხედან? შეხედეთ მათ ჰაბიტუსებს. არსებობს ასეთი მეცნიერება, რომელსაც ფიზიოგნომიკა ჰქვია. მოიყვანეთ ნებისმიერი ფიზიოგნომიკი, ის გეტყვით შეიძლება თუ არა, რომ ასეთი ჰაბიტუსის მქონე ხალხი ქვეყანას მართავდეს.

- კონკრეტულად ვისი ჰაბიტუსი არ მოგწონთ? - ნარკომანებისა და ქვეყნის ამრევების. როგორ შეიძლება ხელისუფლებასთან მივუშვათ ნარკომანები ან ის ხალხი, რომლებიც ქვეყნის არევით ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას? სანამ მმართველი გუნდი თავის დონეზე არ დადგება და არ გაამკაცრებს რეგულაციებს როგორც საპარლამენტო, ისე საკანონმდებლო კუთხით, ამ ქვეყანას დამშვიდება არ უწერია. ვიქნებით ამ "ტაშ-ფანდურში", ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში...

"ქართული ოცნების" ერთი დიდი შეცდომა საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო. არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში გაურკვეველი ჰაბიტუსის მქონეთა ასე შეყრა.

- პოლიტიკოსები ასტროლოგიით ისევ არ ინტერესდებიან?

- რომ დაინტერესებულიყვნენ, თქვენ აუცილებლად იგრძნობდით, ქვეყანა წინ წავიდოდა. ამათ სად სცალიათ სერიოზული საქმისთვის? ქართულ რეალობაში ასე ხდება - პოლიტიკაში წასულები ხალხს შორდებიან და სხვა ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას, განცხრომაში, და უგულებელყოფენ ხალხის პრობლემებს. ძველად მეფეები და დიდმთავრები ტყუილად როდი გადიოდნენ წელიწადში ორ-სამჯერ გლახის ტანსაცმელში გადაცმულები. თავად უსინჯავდნენ საზოგადოებას პულსს, საკუთარი თვალით უყურებდნენ და საკუთარი ყურით ისმენდნენ ხალხის ჭირ-ვარამს.

ამათ არავის მოსმენა არ უნდათ, მხოლოდ იმ ინფორმაციას იღებენ და იჯერებენ, რაც აწყობთ. დღეს ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ კომფორტულ სამყაროში არიან იზოლირებულნი, ხალხს მხოლოდ შორიდან უყურებენ და ელაპარაკებიან. სანამ საზოგადოებას არ დაუახლოვდებიან და მათ სუნთქვას არ შეიგრძნობენ, არაფერი გამოვა, ხალხს ვერაფერს გაუგებენ.

- თქვენ ერთხელ მითხარით, კოსმოსმა "ნაციონალები" არასწორი მოქმედებების გამო დასაჯაო... - სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობა მისი ძველი შეცდომების გამოძახილია. მე მას არაერთი რჩევა მივეცი, მაგრამ არ დამიჯერა. სხვათა შორის, თავდაპირველად ყველაფერს მიჯერებდა და სამ თვეში გახდა კიდეც იუსტიციის მინისტრი. შემდეგ, რაც უფრო მაღლა ადიოდა, მით მეტად უღვივდებოდა ეგო და ჩემი რჩევებიც ნაკლებად აინტერესებდა. შესაბამისად, შეცდომაც მეტი დაუშვა, გადარია ძალაუფლებამ, ფულმა და წავიდა არასწორი გზით. მე ვუთხარი, რომ სერიოზულ პრობლემებს გადაეყრებოდა, მაგრამ აღარაფრის გაგონება არ უნდოდა. ახლა მოუწევს შეცდომების გამოსყიდვა ტკივილითა და ნერვების მოშლით.

- როგორ გგონიათ, დაასრულა სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერა?

- რაღაც შესაძლებლობები კიდევ ექნება, მაგრამ საქართველოში არა, უფრო უცხოეთში. ზუსტად ვიცი, რომ 2-3 წლის განმავლობაში აქ მას აღარაფერი გამოუვა. შემდეგ მისი შანსი ამ ხელისუფლების შეცდომებზეა დამოკიდებული.

- როგორ უნდა მოიქცეს "ქართული ოცნება", რომ შეცდომები თავიდან აირიდოს? - უფრო მკაცრი უნდა გახდეს კანონის დამრღვევთა მიმართ. "ქართული ოცნება" თავისი შეცდომებით ქვეყანას აზიანებს, შეცდომებს შეცდომებზე უშვებს, თუ ასე გააგრძელებს, ძალიან ცუდად დაამთავრებს.

- თქვენი კოლეგები ხშირად აღნიშნავენ, რომ სამყარო ახალ ფაზაში გადადის, რაც ადამიანებისთვის მტკივნეული და რთულია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რამდენ ხანს გაგრძელდება ახალ ფაზაში გადასვლა და რა შეიცვლება ჩვენთვის, ადამიანებისთვის? - დიახ, სამყარო ახალ ფაზაში გადადის და ეს პროცესი ძალიან რთულია, ამას რელიგიურ ენაზე მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი ჰქვია. ახლა არის პერიოდი, როდესაც ბოროტება პიკს აღწევს. ამიტომ არის ხალხი გაბოროტებული, ამიტომ არის პანდემია, ხელოვნური ვირუსები და ათასი სხვა საზიზღრობა. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ სამყაროს თავისი კანონები აქვს. ადამიანები მრავალი საუკუნის განმავლობაში ნახევრად ცხოველურად ვცხოვრობდით, გვქონდა და გვაქვს ომები, ვხოცავდით და ვხოცავთ ერთმანეთს, ვჭამდით და ვჭამთ ცოცხალ არსებებს და კიდევ ჰუმანიზმზე გვაქვს პრეტენზია. სამყარომ გადაწყვიტა, რომ დამთავრდეს ეს ევოლუციური გზა და დაიწყოს ახალ ეტაპზე, ანუ მეოთხე განზომილებაში გადასვლა. პროცესი უკვე დაიძრა, იწყება ბოროტი ძალების თანდათანობით მოსპობა. ამას ხვდებიან ეს ბოროტი ძალები და უფრო ღიზიანდებიან. მეოთხე განზომილებაში შესვლის პროცესი დაიწყო შარშან, 22 დეკემბერს, როდესაც დედამიწამ შეიცვალა თავისი ვიბრაციული მუხტი. თუ დედამიწის ვიბრაციული მუხტი აქამდე 5 000 ჰერცი იყო, ახლა 5 500 ჰერცზე გადავიდა, 22 დეკემბერს გადავა 6 000 ჰერცზე და ა.შ. უკვე ნელ-ნელა გადავდივართ მეოთხე განზომილებაში, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების ცხოვრებაში შემოვა მეტი სიყვარული, სინათლე, კეთილშობილება და დადებითი ემოციები, მაგრამ ბოროტი, ბოღმიანი და შუღლიანი ადამიანები ამას ვერ შეძლებენ. ამიტომ ის, ვინც სიყვარულის გზაზე ვერ დადგება, დედამიწის ვიბრაციულ მუხტს ვერ დაეწევა და ეს მის სიკვდილს გამოიწვევს. ასე რომ, ბევრი სულის გასვლას უნდა ველოდოთ დედამიწიდან.

ხათუნა ბახტურიძე