"ხელისუფლება შარს ეძებს"
"ჟონგლიორობენ ქვეყნის ბედით და ეს ჰგავს უგუნური ბავშვის ასანთით თამაშს"
პოლიტიკოსი, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის ოთხი მოწვევის ყოფილი დეპუტატი ზვიად ძიძიგური ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
- ქვეყანაში პანდემიაა, ყოველდღიურად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 8 ათეულს გადასცდა. კატასტროფული ინფლაციაა, ყოველდღიურად იზრდება ფასები, თუU იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს იმ არაორდინარულ სიტუაციაში, რომელშიც სააკაშვილმა ჩააყენა, ვფიქრობ, ეს ჩიხია და ამაზე უარესის წარმოდგენა შეუძლებელია. ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში სასიხარულო არაფერია. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ნაკლები ხმაური და ეჭვი მოჰყვეს სააკაშვილის დაპატიმრებას, მის საპატიმროში ყოფნასა და მკურნალობას, რათა არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც არ გაჩნდეს სერიოზული კითხვები. სააკაშვილთან არ უშვებენ ევროპარლამენტის წარმომადგენელს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველს - მთავარ პერსონას, სახალხო დამცველს. ეს არის შეცდომები, რომლებიც ამწვავებს პოლარიზაციას.
ხელისუფლება ისე უნდა მოექცეს პატიმარს, როგორც ისურვებდა, რომ მას მოჰქცეოდნენ. ჩვენ ამას ვასწავლიდით სააკაშვილს თავის დროზე, როცა ის რეჟიმის მთავარი პერსონა იყო და აღმოჩნდა კიდეც იმ მდგომარეობაში, რომელსაც ვუწინასწარმეტყველებდით. არავის მატებს ღირსებას, როდესაც ყოფილს, მაგრამ მაინც ქვეყნის პრეზიდენტს ჰკიდებ ხელებსა და ფეხებში ხელს და ისე მიათრევ სადღაც იმიტომ, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის უფრო დახვეწილი მეთოდი ვერ მოიფიქრე. თან ამას აყურებინებ მთელ მსოფლიოს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ნერვებს უშლი მის მხარდამჭერს, გულშემატკივარს და მის მოწინააღმდეგესაც კი აგრესიასა და ბრაზს უღვიძებ.
შეუძლებელია ადამიანის ფიზიკური რესურსი ულევი იყოს, რაც უნდა წვენებს სვამდეს და ფაფებს ჭამდეს. ორგანიზმის რესურსი ილევა და ერთ მშვენიერ დღეს ამას ვნახავთ. ღმერთმა დაგვიფაროს, სააკაშვილი ციხეში მოკვდეს - ეს იქნება საშინელება, უპირველესად, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს იქნება ისეთი ტრაგედია, რომ ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
- თითქმის ყოველდღე გამოდის იუსტიციის მინისტრი და ამბობს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თქვენ მაინც ხედავთ საშიშროებას? - ასეთი ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, შესაძლოა, ორგანიზმმა წარმოუდგენელი დარტყმა მიიღოს და ერთ წუთში დადგეს ფატალური შედეგი. სისხლის ანალიზი აუღეს, წნევა გაუსინჯეს, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ რა იცის იუსტიციის მინისტრმა, ფიზიოლოგიურად რა ხდება მის ორგანიზმში?! როცა მე ერთ-ერთ აქციაზე ვშიმშილობდი სწორედ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, შემამოწმეს და ყველაფერი ნორმაში მქონდა, მაგრამ უცებ თვალთ დამიბნელდა. მერე მითხრეს, რომ წნევა დაეცა 40/20-ზე და იმწუთას გვერდით ექიმი რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა. უპასუხისმგებლობაა იმაზე ლაპარაკიც, რომ ღამე კარგად სძინავს და კარგი პარამეტრები აქვს. მათ არ აქვთ გაცნობიერებული, რამხელა ნაღმი უდევთ იმ სკამის ქვეშ, რომელზეც სხედან და რომლის გამოც ამდენი დავიდარაბაა ამ ქვეყანაში. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი უპასუხისმგებლობა. ამ 30-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების პირობებშიც კი ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელიც ასეთი მაზოხისტური მიდრეკილებებით გამოირჩეოდა... ხელისუფლება შარს ეძებს. ვინმეს არ ეგონოს, დასავლეთთან ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გრანტს მოგვცემენ თუ არა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაგვიფინანსებენ თუ არა. ერთი წუთით ყველამ წარმოიდგინოს, რა მოხდება, თუ ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია და სხვა დიდი ქვეყნები შეწყვეტენ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მაქვს მხედველობაში. მაშინვე დაიწყება მასშტაბური პროცესი და არა მარტო ნაურუ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას, არამედ სხვებიც... ჟონგლიორობენ ქვეყნის ბედით და ეს ჰგავს უგუნური ბავშვის ასანთით თამაშს.
- ხშირად ახსენებენ სააკაშვილს მისი პერიოდის ციხეს. მართლაც ადამიანთა წამების უამრავი ამბავი მოგვისმენია იმ წლებში... - ამიტომაც უთხრა უარი სააკაშვილის ხელისუფლებას ქართველმა ხალხმა, მაგრამ იმავეს აკეთებენ ესენი. როგორ გგონიათ, რომელ პატიმრებსაც კორიდორებში დაატარებდნენ და სცემდნენ, ყველანი ფრთიანი ანგელოზები იყვნენ? მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, როგორ ეპყრობი პატიმარს. ეს იყო მიუღებელი ჩვენი მენტალობისთვის, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისთვის, ამიტომ ახლაც იმაზე არ არის ლაპარაკი, სააკაშვილი არის თუ არ დამნაშავე და უნდა აგოს თუ არა კანონის წინაშე პასუხი.
მე თუ მკითხავთ, ის დამნაშავეა ბევრ საკითხში და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ უნდა დამთავრდეს პატიმრების მიმართ ასეთი მოპყრობა. ნებისმიერი პატიმრის მიმართ მსგავსი რამ აღმაშფოთებელი იქნებოდა და სააკაშვილის შემთხვევაში უფრო აღმაშფოთებელია. როგორც მიუღებელი იყო ჩემთვის, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი და უკრაინის მოქალაქე გახდა, ასევე მიუღებელია, ყოფილი პრეზიდენტი ასეთი შეურაცხმყოფელი ფორმით ათრიო ციხის დერეფნებში.
- სასამართლო პროცესზეც არ მიჰყავთ სააკაშვილი. ამაზე რას იტყვით?
- შევარდნაძის დროს ზვიადისტების დევნა იყო გამოცხადებული, ქუჩებში ავტომატებით არბევდნენ მიტინგებს და მასობრივად გვხოცავდნენ, გვჟლეტდნენ. სამხედრო გადატრიალების შემდგომი პერიოდი იყო და უმძიმესი ბრალდებებით დაგვაკავეს, მაგრამ მაშინაც კი რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანებისთვის სასამართლოში წარდგენაზე უარი არ უთქვამთ. მე ვესწრებოდი სასამართლო პროცესს, სადაც პროკურორმა ჩემი დახვრეტა მოითხოვა და ვიცავდი თავს, როგორც შემეძლო. როცა ლოთი ქობალიას დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, დარბაზში იჯდა. ყველა ჩემი თანამებრძოლი, რომლებიც ჩემთან ერთად გაასამართლეს, მონაწილეობდა სასამართლო პროცესებში. რა უფლებით ართმევ ადამიანს კანონით მინიჭებულ უფლებას?! ამას არ აკეთებდა შევარდნაძე, რომლის მტრები ვიყავით ზვიადისტები და უფრო რადიკალური დაპირისპირება წარმოუდგენელია. მას შემდეგ ხომ 30 წელი გავიდა და დღეს რატომ არ აქვს სააკაშვილს უფლება, თავის სასამართლო პროცესებს დაესწროს?! სასამართლო პროცესს ნიშნავ, გეუბნება პატიმარი, მინდა ჩემს პროცესს დავესწროო და არ მიგყავს! ამბობენ, რომ ეშინიათ, სასამართლოზე თავდასხმა არ მოხდეს და არ გაიტაცონ. თუ ასეა, მაშინ ეს სახელმწიფო არ არის. სახელმწიფოში მართლმსაჯულება სამართლიანად უნდა აღსრულდეს და არა ასე - კაცი სადღაც ცხრაკლიტულში გყავდეს გამოკეტილი და სასამართლო პროცესს მის გარეშე ატარებდე. ასე კომუნისტების დროს "ტროიკები" ასამართლებდნენ ხალხს. ეს სრულიად წარმოუდგენელი სიბნელეა, არადა, მეგონა, დიდი ხნის წინ გამოვედით ამ სიბნელიდან.
- რას ეტყოდით ხელისუფლებას? - ნერვებს მიხედონ და კანონის შესაბამისად მოიქცნენ. ეს მეტ-ნაკლებად განმუხტავს დაძაბულ ვითარებას, რომელიც თავისით არ განიმუხტება.
აქციაზე თავების თვლას თავი დაანებონ, იმიტომ, რომ არც შევარდნაძის წინააღმდეგ და არც სააკაშვილის წინააღმდეგ არ გამოდიოდა ბევრი ადამიანი, როცა პერმანენტულ აქციებს მართავდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იმდენი ხალხი გამოვიდა, ერთსაც და მეორესაც სახლში წასვლამ მოუწია. როდესაც შენი მიზანია, ის სკამი შეინარჩუნო, რომელზეც უკანალი გიდევს, ეს მდარე ამოცანაა, ქვეყნის მომავალთან, მისი მოქალაქეების ჯანმრთელობასთან, სოციალურ ყოფასთან შედარებით მეტისმეტად უსახური ამოცანა. როგორც უნდა გაუფრთხილდე, ასეთი ფორმით მაინც ვერ შეინარჩუნებ ხელისუფლებას. ეს უფრო დააჩქარებს ხელისუფლების დასასრულს.
ის ხალხიც კი, ვინც სააკაშვილის მიმართ ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი, ეწინააღმდეგება მის მიმართ ასე მოპყრობას. ეს ყველაფერი, ერთგვარად, სააკაშვილის გათეთრების პროცესია. პოლიტიკური ინტერესი რომ აქვთ, ეს ღარიბაშვილის განცხადებებითაც გამოჩნდა. რაც ნაკლებს ილაპარაკებს სააკაშვილზე, მით უკეთესი იქნება. ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, სულ არ ვაპირებდით მის დაჭერას, მაგრამ პოლიტიკურად არ მოისვენა და იძულებული გავხდით, ჰოდა, თუ ჭკვიანად არ იქნება, მუხლებს დავუმატებთო. როცა ქვეყნის პირველი პირი ამას ამბობს, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის დაკავებასა და დღევანდელ პროცესებში პოლიტიკური ინტერესი არ არის, ძალიან დიდი გულუბრყვილობაა.
- ამბობენ, სამარცხვინოდ ჩამოვიდა და ამით ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიაყენაო... - თვითმფრინავით რომ ჩამოსულიყო, იტყოდნენ, არეულობის მოწყობა უნდოდაო, ხმელეთით რომ შემოსულიყო - მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას აფუჭებსო. წლების განმავლობაში წასული იყო, ვერ დააკავეს, დაუსწრებლად გაასამართლეს, მიუსაჯეს, ჩამოვიდა და ჩასვეს ციხეში, ეს კი ისეთი დისკომფორტია ხელისუფლებისთვის, რომ იმის ნაცვლად, კანონის შესაბამისად მოიქცნენ, ყველაფერს პირიქით აკეთებენ. ქვეყანაში შექმნილ დაძაბულობაში ხელისუფლების წვლილი არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის". ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის დღის წესრიგია და ამას მშვენივრადაც ახერხებენ, რადგან ხელისუფლება მათ ამაში ეხმარება.