"გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნდე!" - კვირის პალიტრა

"გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნდე!"

"აქ პენსიაზე გასვლა ძალიან უხარიათ, დარჩენილ წლებს მშვიდ გარემოში ატარებენ და მსოფლიოში მოგზაურობენ. ჩემს გულში სიმშვიდე კი არა, ქარიშხალია, არაფრით შემიძლია გაჩერება! სულ ვამბობდი, სამშობლოში დავბრუნდები-მეთქი...", - ამბობს აღიარებული ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი და გერმანიაში გატარებულ 28 წელზე გვიამბობს:

- გერმანიაში მოხვედრას ბედს ვუმადლი. 1980 წელს გერმანელმა რეჟისორმა ირის გუზნერმა მიმიწვია ფილმში - "დედამიწა რომ მრგვალი არ იყოს" მთავარ როლში გადასაღებად... 1992 წელს თბილისში ქართულ-გერმანული პროექტი უნდა დაწყებულიყო, სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", სადაც ოიდიპოსის როლი შემომთავაზეს. ეს პროექტი შედგა და თბილისში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ გერმანელმა რეჟისორებმა ესენის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გადაიტანეს, იმ ქალაქში, სადაც ახლა მე ვარ. ასე იმიტომ გადაწყდა, რომ მაშინ საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ვერავინ წარმოვიდგენდით, იმ დაძაბულ დროში ქართველთა შემოქმედებითი ჯგუფი გერმანიაში თუ გავემგზავრებოდით და იქ რეპეტიციებს გავაგრძელებდით... ორთვე-ნახევრის განმავლობაში ესენში ვცხოვრობდით, რეპეტიციები გვქონდა და შემდეგ პრემიერა შედგა - რვა სპექტაკლი ქართულად ვითამაშეთ.

სპექტაკლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდით. ჩემი ნამუშევარი, რომელშიც მთელი სული და გული ჩავდე, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ესენის თეატრის მაშინდელ მმართველს და უთქვამს, მსურს ექსპერიმენტი ჩავატაროო. ასე რომ, საქართველოში ჩამოსულს მაცნობეს, თქვენი მოწვევა გვსურს თეატრში, გთხოვთ გერმანული ენის სწავლა დაიწყეთო. რასაკვირველია, ენას ორ-სამ თვეში ვერ ვისწავლიდი, მაგრამ მაინც ვცადე, მასწავლებელი ავიყვანე და ვთხოვე, ორი-სამი გერმანული ლექსი მასწავლეთ-მეთქი. გერმანიაში ჩასულს აეროპორტში რომ დამხვდნენ და მკითხეს, ცოტა გერმანული თუ ისწავლეო, კი, როგორ არა-მეთქი და სკოლის მოწაფესავით გერმანული ლექსები წავიკითხე. ლექსი რად გვინდაო, ბევრი იცინეს... შემდეგ თეატრმა გერმანულ სკოლაში გამიშვა, კვირაში ერთი დღე დავდიოდი, თან ველოდი იმ დღეს, როდესაც თეატრის მმართველს შევხვდებოდი. ეს დღეც დადგა. მმართველმა დამიბარა და მითხრა, ვიცი, ენა არ იცი, მაგრამ შენი ხელოვნება ძალიან მომწონს და მსურს ერთი წელი ამ თეატრში იმუშაოო. რას ვიფიქრებდი, ის ერთი წელი 28 წლად თუ გადამექცეოდა. კონტრაქტს ხელი მოვაწერე და შემდეგ მეუღლე და შვილებიც ჩამოვიყვანე...

რეპეტიციებს გავდიოდი, პარალელურად კი ენას ვსწავლობდი, რაც ადვილი არ ყოფილა. ერთხელ სკოლაში მშობელთა კრებაზე მივედი და ვნახე, ჩემი შვილი სულ რაღაც ორ თვეში გერმანულ ენას საოცრად ფლობდა და ხუმრობით გეტყვით, შურით მოვკვდი. მე იმ დროს სცენაზე დაბნეული ვიდექი და რეჟისორი რამეს რომ მეტყოდა, ხან მარჯვნივ ვიხედებოდი, ხან მარცხნივ. ცოტა არ იყოს, ფარ-ხმალი დავყარე და თეატრის მმართველს ვუთხარი, გოეთესა და შილერის თამაში ძალიან გამიჭირდება, ამიტომ მირჩევნია, ისევ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე-მეთქი. თეატრის მმართველს ვუყვარდი და მაფასებდა, ჩაფიქრდა და შემდეგ მითხრა, ნუ იჩქარებ, შენთვის ერთი როლი მაქვს, ნამდვილად დასძლევო... სპექტაკლი პიესის მიხედვით ერთკაციანი იყო, სახელწოდებით "ჭუჭყი"... გმირი ირანიდან არალეგალურად შემოიპარება გერმანიაში სამუშაოდ, რომ ოჯახს დაეხმაროს. 42 წელია სცენაზე ვარ და ის როლი ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ორსაათ-ნახევარი სცენაზე მარტო უნდა ვყოფილიყავი და ამიტომაც ყველა დავიხმარე, ვისაც კი შეეძლო ჩემთვის გერმანულად და ქართულად რამე აეხსნა. ყველა ფრაზა, ყველა წინადადება ძალიან კარგად მოვამზადე და სპექტაკლი ისე ვითამაშე, არსად ამდენი ტაში არ დამიმსახურებია. დღესაც შენახული მაქვს პრესის ფურცლებზე რომ დაიწერა, ქართველი მსახიობი, რომელიც მხოლოდ ერთი წელია გერმანულ სცენაზე მოღვაწეობს, გრანდიოზულიაო! 28 წლის განმავლობაში ამ სცენაზე უამრავი როლი განვასახიერე და ისეთი აღფრთოვანება აღარ განმეორებულა.

ერთწლიან კონტრაქტს კიდევ ერთწლიანი მოჰყვა და იმ თეატრში ბედნიერი 12 წელი გავატარე 2005 წლამდე. შემდეგ თეატრში კიდევ ორი მმართველი მოვიდა და ერთადერთი მსახიობი ვიყავი, რომელიც ორივემ თეატრში დატოვა. თუ ოფიციალურად მსახიობმა სახელმწიფო თეატრში 15 წელი გაატარა (იშვიათად აჩერებენ ერთ თეატრში ამდენ ხანს), ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი ხდები. მე ეს ბედნიერება მხვდა წილად! ამჯერად თეატრს კი არ ვტოვებ, დამსახურებულ პენსიაზე გავდივარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდები. აქ პენსიაზე გასვლა უხარიათ, დარჩენილ წლებს მშვიდად ატარებენ და მსოფლიოში მოგზაურობენ. ჩემს გულში სიმშვიდე კი არა, ქარიშხალია, არაფრით შემიძლია გავჩერდე! სულ ვამბობდი, სამშობლოში ვბრუნდები-მეთქი, ახლა ნამდვილად დავბრუნდები, უკვე მაქვს კონტაქტი ბევრ თეატრთან.

- ვიცი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, მუდმივად ვარჯიშობთ...

- აუცილებლად! სადაც ვცხოვრობ, წინ დიდი პარკია და დილით ნახევარსაათიანი გამამხნეველი ვარჯიში მაქვს, იოგას მივდევ... ბოლო ოცი წელია, არ ვეწევი და ყველას ვეხვეწები, ეს შხამი ორგანიზმს მოარიდონ. თუმცა, როცა მეგობრებთან ვარ, მეც მინდება გაბოლება. ეს შეიძლება წელიწადში ორ-სამჯერ მოხდეს. ახლა საბავშვო სპექტაკლში ვთამაშობ და ჩემზე 30-35 წლით ახალგაზრდები ქოშინებენ, მე კი ამხელა დატვირთვის მიუხედავად, მოძრაობა არ მიჭირს...

მანანა გაბრიჭიძე