"ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი მშობიარობა გადაიღო" - კვირის პალიტრა

"ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი მშობიარობა გადაიღო"

მარიამ ჭილაია ის ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელმაც საკუთარი მშობიარობა საკუთარი ხელით აღბეჭდა ფირზე. ფოტოგრაფიის შესწავლა სტუდენტობისას გადაწყვიტა და მას შემდეგ უამრავი ადამიანის ბედნიერ დღეებს ფოტოებად აქცევს. რას ნიშნავს ფოტოგრაფობა საქართველოში და როგორ მოახერხა საკუთარი მშობიარობის გადაღება? ჩვენს კითხვებს მარიამ ჭილაია პასუხობს.

- ფოტოგრაფიამ მას შემდეგ გამიტაცა, რაც სახლში ძველ ნივთებში ბაბუას ფირის ფოტოაპარატი აღმოვაჩინე და ჩემი საყვარელი ნივთი დავარქვი ისტორიის გამო. ბაბუა სამხედრო პირი იყო, ხოლო ფოტოგრაფია - მისი გატაცება. სკოლის ასაკში დავიწყე ადამიანებისა და სხვადასხვა მოვლენის გადაღება. მაშინ ვერც წარმომედგინა, თუ ფოტოგრაფია ჩემი პროფესია გახდებოდა. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას გადავწყვიტე, საღამოს საათებში ფოტოგრაფიის კურსებზეც მევლო, რამაც უდიდესი ბიძგი მომცა, ჰობი პროფესიად მექცია. უკვე მეხუთე წელია, რაც ფოტოგრაფია ჩემი პროფესიაა.

- ძირითადად, წყვილებს იღებთ... რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს მიმართულება?

- ჩემთვის ბედნიერი წუთებისა და დიდი ემოციის გადაღება განსაკუთრებული სიამოვნებაა, თუმცა ეს რთული პროცესია. ეს არ არის მხოლოდ აპარატისა და ტექნიკის მართვა. საქორწილო ფოტოგრაფიაც ისეთივე ხელოვნებაა, როგორიც ფოტოგრაფიის სხვა ჟანრები. ამ დროს თავი წყვილის უახლოესი ადამიანი მგონია, ვცდილობ მეგობრული კავშირის დამყარებას, ნდობის მოპოვებას, დაძაბულობის მოხსნას, რაც ხშირად შეიძლება საათობით გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია ყველა დეტალზე დაკვირვება და მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღის ფოტორეპორტაჟის შექმნა. მთავარი ისაა, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი სასიამოვნო პროცესია.

- თქვენ ფირზე საკუთარი მშობიარობაც აღბეჭდეთ...

- რისკი მიყვარს და უკან თითქმის არასდროს ვიხევ. დაახლოებით რვა თვის ორსული ვიყავი, როდესაც დავფიქრდი, რომელ კოლეგას დავკავშირებოდი, რომ ჩემი შვილის პირველი სუნთქვის კადრები გადაეღო. მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ პირველ წუთებს, ამ კადრებს ვერავის გავუზიარებდი, რადგან უკეთ ვიგრძნობდი, რისი გადაღებაც მინდოდა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის თანდართული ტკივილის ფონზე ჩემი განწყობა და ამ დროს დაფიქსირებული კადრები უფრო რეალური და ემოციური იქნებოდა. ეს კოლაჟი გახდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან პირველად ვიყავი ერთდროულად ორი პიროვნება - დედა და ფოტოგრაფი. ემოციურად ძალიან უჩვეულო ასახსნელია, რადგან თან არ გინდა კადრი გამოგრჩეს, თან გაგიჟებით უცდი ახალი სიცოცხლის მოვლენას.

- ფოტოგრაფის პროფესია საქართველოში შემოსავლიანია? დამწყები ფოტოგრაფისთვის რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საკუთარი ადგილის პოვნა? - ფოტოგრაფის პროფესია შემოსავლიანია, თუ თავიდანვე სწორად გაქვს ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ ამ საქმიანობას შემოსავლის გამო არ იწყებ. მართალია, ეს საქმე სხვა ქვეყნებში თითქოს უფრო დაფასებულია, მაგრამ ვფიქრობ, ნელ-ნელა ჩვენც წინ წავალთ. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრდა, ახლის ძიება, სწავლის პროცესი და მისგან სიამოვნების მიღება. დამწყები ფოტოგრაფის ნაკლი ხშირად ის არის, რომ მალე ნებდება, ექსპერიმენტებს გაურბის. ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა და ეს უნდა მოხდეს ძვირად ღირებული ტექნიკის შეძენამდე. იდეალური ვარიანტია ფირის ფოტოაპარატის გაცნობა და შემდეგ გადასვლა ციფრულ კამერაზე. ძალიან ცნობილი ფოტოგრაფებიც წლების განმავლობაში იღებდნენ კადრებს, აგროვებდნენ მასალას, უმეგობრდებოდნენ ტექნიკას და მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებდნენ ამ პროფესიაში თავის დამკვიდრებას. მოკლედ, მნიშვნელოვანია, საფეხურებს მიჰყვე. ეს საშუალებას იძლევა, უფრო სასიამოვნო გახდეს ის პროცესი, რომელიც საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და ნამდვილ ფოტოგრაფად გაქცევს.

- რომელია თქვენთვის იდეალური ფოტო?

- ჩემთვის ერთი იდეალური ფოტო არ არსებობს, რადგან ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს. ყველა ფოტო საგანძურია და უდიდესი ბიბლიოთეკის ტოლფასი.