"ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბინას ვეძებდი და მეპატრონეს ჩემი ეროვნების გამო უთქვამს უარი" - კვირის პალიტრა

"ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბინას ვეძებდი და მეპატრონეს ჩემი ეროვნების გამო უთქვამს უარი"

"ძალიან მძიმე ისტორიები აქვთ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილებს. მახსოვს ერთი მამაკაცი, რომელიც ციხეში გახდა წამების მსხვერპლი. მისი მოსმენისას მეგონა, საშინელებათა ფილმის პერსონაჟს ვუსმენდი"

ესპანეთს თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. ნათია კობაიძე იმ ქართველებს უწევს თარჯიმნობას, ვინც სამშობლოდან ძალადობას, გაჭირვებას ან მუდმივ სტრესს გაექცა და ემიგრაციაში უკეთეს მომავალს ეძებს. საქართველო მისთვის შეუცვლელია, მაგრამ სამშობლოში დიდხანს დარჩენა უჭირს.

- მთელი ცხოვრება დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, ბავშვობიდან ვცდილობდი ჩემი შემოსავალი მქონოდა. ყოველთვის რაღაც ახლის სწავლა მინდოდა: უცხოეთში წასვლა, სახლის ყიდვა, დამოუკიდებლად ცხოვრება... მოკლედ, არჩევანი ესპანეთზე შევაჩერე. ენა არ ვიცოდი, მაგრამ ადგილობრივებთან ინგლისურად და რუსულად ვცდილობდი კონტაქტს. მერე კი მივხვდი, ასე დიდხანს ვერ ვიქნებოდი... ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სხვადასხვა თემაზე მსჯელობაც მიყვარს და ამისთვის ზედაპირული ცოდნა არ გამომადგებოდა. ენის შემსწავლელ კურსებზე დავიწყე სიარული, პარალელურად, ტელევიზორს ვუყურებდი, რადიოს ვუსმენდი, ვცდილობდი სწრაფად მესწავლა ენა. მალე აქაურობაც შემიყვარდა, თუმცა ჩემი ქვეყანა მენატრებოდა.

პირველი წასვლის შემდეგ, ოთხი წელი ვერ ჩამოვედი. მაშინ ვფიქრობდი, როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, მიწას ვაკოცებ-მეთქი, მაგრამ რომ დავბრუნდი, იგივე პრობლემები დამხვდა: დათრგუნვილი ადამიანები, აგრესიული დამოკიდებულება, ერთმანეთის მოსმენა და მოთმენა უჭირდათ. მეწყინა, ნუთუ ამდენი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა-მეთქი?

ესპანეთში რომ დავბრუნდი, აეროპორტშივე შვება ვიგრძენი. აქაურები ძალიან თბილი ხალხია. თუ მოწყენილს გნახავენ, ჩაგეხუტებიან, პოზიტიურად რომ განგაწყონ. ჩემთვის ესპანეთი მეორე სამშობლოა. ძალიან მინდა ჩემს საქართველოშიც ისე დაცულად ვგრძნობდე თავს, როგორც აქ...

- პირველად სად მუშაობდით? - მოხუც ქალთან, "დიასახლისების ასოციაციის" პრეზიდენტთან... შვილივით მიმიღო, ხშირად ერთად ვმოგზაურობდით, საჩუქრებსა და მზრუნველობას არ მაკლებდა. უამრავ საუკეთესო თვისებასთან ერთად, პროფესიონალი მზარეულიც იყო. მისი დამსახურებით ვისწავლე ესპანური კერძების მომზადება, თან ისე კარგად, რომ შემდეგ, სხვაგან რომ ვმუშაობდი, უკვირდათ, ასე კარგად როგორ ამზადებ ჩვენებურ კერძებსო. ესპანელებს მრავალფეროვანი სამზარეულო აქვთ, მათ შორის ცხარე კერძები.

- ხომ არ ფიქრობთ კვების ობიექტის გახსნას? - დიახ, რამდენიმე ვერსია მაქვს, მათ შორის ქართულ სამზარეულოზე ვფიქრობ.

როდესაც სტუმრად მეპატიჟებიან, ხაჭაპური მიმაქვს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ერთხელ ქუჩაში შეფუთული მიმქონდა, მაგრამ ისეთ სურნელს აფრქვევდა, ვინც გვერდით ჩამივლიდა, ჩერდებოდა და მეკითხებოდა, რა მიგაქვთო?.. ჭამა ამათთვისაც წმიდათაწმიდაა. დღეში ხუთჯერ მიირთმევენ. საკვები წინასწარ გამზადებული დააქვთ ან სახლში მიდიან. კარგი ჭამა-სმის შემდეგ ცეკვა-სიმღერა იწყება, დაახლოებით ისე, როგორც ქართველებში, მაგრამ ესენი უფრო ხალისიანები არიან, ქართველები - ბევრად ნიჭიერი. ეტყობა, გაჭირვებამ დაღი დაგვასვა.

- ახლა სად მუშაობთ? - 2016 წელს ძალიან მძიმე ავარიაში მოვყევი, მაგრამ იმის წყალობით, რომ ბავშვობიდან იოგაზე დავდიოდი და სხეული გაკაჟებული მაქვს, მხოლოდ კისრის მალები ჩამიტყდა... ფიზიკურად მალე გამოვმჯობინდი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ცუდად ვიყავი, შიში დამჩემდა. ტრანსპორტში დიდხანს ვერ ვჯდებოდი. შემდეგ იოგის ჯგუფში მივედი - სამი დღის განმავლობაში ვმედიტირებდი, მხოლოდ ხილს ვჭამდი და ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. ვიგრძენი, რომ ძალიან დავმშვიდდი და ამ მიმდინარეობით მეტად დავინტერესდი. სამწლიანი კურსი გავიარე და გადავწყვიტე თავადაც ჩამეტარებინა გაკვეთილები. ახლა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაში ასაკოვნებსა და ახალგაზრდებს ვავარჯიშებ. პანდემიის დაწყებამდე სკოლის გახსნა მინდოდა.

გარდა ამისა, თარჯიმნადაც ვმუშაობ. უმეტესობას ლტოლვილად ჩაბარება სურს, მაგრამ რომ დაგტოვონ, დამაჯერებელი მოტივია საჭირო. დიდი ნაწილი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, მომრავლდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებიც. ხშირად მიწევს ფსიქოლოგიური სეანსების თარგმნა. ახლახან ვმუშაობდი ერთ ქართველ ქალთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და ისეთ მძიმე ამბებს მიყვებოდა, ძალიან განვიცდიდი. ბევრია შემთხვევა, როდესაც წყვილები აქ ჩამოდიან და მერე შორდებიან. ქალებმა აქ თანადგომა იპოვეს და მიხვდნენ, რომ არაადამიანური მოპყრობა არ უნდა აიტანონ. არავის უნდა იმის თქმა, რომ სოციალური პრობლემების გამო ჩამოვიდა, არადა, უმრავლესობას საქართველოში საარსებო საშუალება არა აქვს. აქ სურთ შვილების კარგი მომავალი უზრუნველყონ.

ძალიან მძიმე ისტორიები აქვთ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილებს. მახსოვს ერთი მამაკაცი, რომელიც ციხეში გახდა წამების მსხვერპლი. მისი მოსმენისას მეგონა, საშინელებათა ფილმის პერსონაჟს ვუსმენდი. ხშირად ჩამოდიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. არის შემთხვევები, როდესაც ესპანეთში თავშესაფრის მთხოვნელ ახალგაზრდებს წლების წინ ჩამოსული ქართველები ავიწროებენ, თანაც იმდენად, რომ ხანდახან სუიციდამდეც მიჰყავთ. ესპანეთშიც არიან კონსერვატორები, მაგრამ უფრო ლიბერალური ნაწილი ჭარბობს, ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინებაც დაშვებულია. ზოგჯერ ჯგუფური ქურდობისთვის დაკავებული ქართველების თარჯიმნობაც მიწევს, სასამართლო პროცესებზე დავდივარ. ასეთები მთელ ერს უტეხენ სახელს: ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბინას ვეძებდი დასაქირავებლად და მეპატრონეს ჩემი ეროვნების გამო უთქვამს უარი.

- ესპანეთში კოვიდვითარება როგორია?

- ბარსელონაში ვაქცინაცია ივლისიდან დაიწყო. გამოყოფილია ადგილები, ძირითადად, სტადიონები, სადაც მსურველი პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და სამედიცინო ბარათს წარადგენს და მაშინვე აცრიან. 40 წლამდე "მოდერნაა", ზევით ასაკისთვის - "ფაიზერი".

- ანტივაქსერები არ აქტიურობენ? - ანტივაქსერი იმდენად ცოტაა, არც ჩანან, სამაგიეროდ, ქართველები აქტიურობენ. მე და ჩემი 22 წლის შვილი ავიცერით, აცრილია რამდენიმე ჩემი ქართველი მეგობარიც, მაგრამ ქართველების უმეტესობა არ იცრება. ჰგონიათ, მავნებელია და სხვასაც მოუწოდებენ არ აიცრან. აცრის მაღალი მაჩვენებლის კვალდაკვალ, პირბადე დახურულ სივრცეშიც სავალდებულოა. სხვა მხრივ, ყველაფერი მუშაობს: კაფე-ბარები, საჯარო სამსახურები, ტრანსპორტი...