"ხშირად თავი კიო მგონია - საიდან რას ვახერხებ, მეც ვერ ვხვდები. 4 ვაჟის დედა ვარ, ზოგჯერ ვხუმრობ: დედალი არწივივით ვარ, ყოველდღე მივფრინავ და საშოვრიდან მოსულს შინ ჩემი პირდაფჩენილი მართვეები მხვდებიან-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ხშირად თავი კიო მგონია - საიდან რას ვახერხებ, მეც ვერ ვხვდები. 4 ვაჟის დედა ვარ, ზოგჯერ ვხუმრობ: დედალი არწივივით ვარ, ყოველდღე მივფრინავ და საშოვრიდან მოსულს შინ ჩემი პირდაფჩენილი მართვეები მხვდებიან-მეთქი"

ნინო ლეჟავას ყოველი გამოსვლა სცენაზე დახვეწილობის და ნიჭის ზეიმია: მას შეუძლია სრულიად განსხვავებული როლები ერთნაირი ოსტატობით შეასრულოს. ამჟამად თბილისისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრებში საქმიანობს. როგორ ახერხებს თავისი პროფესია ყოველდღიურ რუტინას შეუთავსოს? - საუბარი მსახიობთან ამ კითხვით დავიწყეთ.

- ჩვენს ურთულეს ყოველდღიურობას მებრძოლი ხასიათის წყალობით ვუმკლავდები. ამას ემატება განუზომელი სიყვარული ჩემი პროფესიისადმი. მსახიობობა ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ დედა ვარ. მსახიობის ოჯახში ვიზრდებოდი და რაც ჭკუაში ჩავვარდი, სულ სცენაზე ვოცნებობდი. ჩემი დებიუტი 5 წლის ასაკში რუსთავის თეატრში შედგა: მამასთან, გია ლეჟავასთან ერთად ვითამაშე, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი სცენაზე. ამის შემდეგ თეატრისთვის აღარ მიღალატია, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა ძალიან დაუფასებელი პროფესიაა. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ფარ-ხმალს არასდროს დავყრი. როგორ არ გამჭირვებია, მაგრამ... ხშირად თავი კიო მგონია - საიდან რას ვახერხებ, მეც ვერ ვხვდები. 4 ვაჟის დედა ვარ, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. ზოგჯერ ვხუმრობ: დედალი არწივივით ვარ, ყოველდღე მივფრინავ და საშოვრიდან მოსულს შინ ჩემი პირდაფჩენილი მართვეები მხვდებიან-მეთქი. ღმერთს სულ იმას ვთხოვ, მეტი მოთმინება, გამძლეობა და ჯანი მომცეს, რომ შვილები ფეხზე დავაყენო.

- თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც შრომა არ ეთაკილება: ერთხანს ზოომაღაზიაში მუშაობდით, წელს კი რთველშიც მონაწილეობდით.

- სამწუხაროდ, ზოომაღაზიაში მუშაობას ვეღარ ვახერხებ, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ სულ ვცდილობ დამატებითი საქმე ვიპოვო. შეუძლებელია ამხელა ოჯახი მხოლოდ მსახიობის ხელფასით არჩინო. ბოლო ხანებში სოფლის მეურნეობით დავინტერესდი და სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში სახლი შევიძინე. მიყვარს იქაურები - საოცარი მეზობლები არიან, თანაც იქაური სიტუაცია ძალიან მაგონებს ცნობილ ფილმს "სიყვარული ყველას უნდა". ზაფხულში ამ ფილმის ყველა ტიპაჟი გავიცანი: ქეთო ყარაულაშვილიც, მაყვალაც, მარო შენგელიძეც... სისხამ დილით ვდგებოდი და ამ მშრომელ ადამიანებთან ერთად ვენახში მივდიოდი. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, რთველზე უკვე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი მაქვს ვაზის გასხვლა ვისწავლო. ყველას ვეხუმრებოდი: ასფალტზე გაზრდილი ერთი ვერელი გოგო ვარ და აბა, თქვენ იცით, იქნებ რამე მასწავლოთ-მეთქი. ამ საყვარელ ხალხთან ურთიერთობის შემდეგ ერთი საინტერესო იდეა გამიჩნდა - ხომ შეიძლება ფილმები, რომლებიც ხალხმა შეიყვარა, სპექტაკლებად ვაქციოთ? მეც სიამოვნებით ვითამაშებდი ნებისმიერ როლს. მათი ლაპარაკი, მიმიკა, საქციელი - ყველაფერი "აკრეფილი" მაქვს. ხალხთან ურთიერთობა, მათთან სიახლოვე, როგორც მსახიობს, ბევრ რამეს მასწავლის.

- საოცნებო ან გამორჩეული როლები თუ გაქვთ? - საოცნებო როლი? - ალბათ, კლეოპატრა. კინოს ჩვენთან ვერ გადაიღებენ, მაგრამ სცენაზე კლეოპატრას დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ჩემთვის ყველაზე საყვარელ როლს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლში ვასრულებ, რომელსაც "არ დამივიწყო" ჰქვია. ეს როლი გამორჩეულად მიყვარს. პიესა რეზო მიშველაძემ სპეციალურად ჩვენი თეატრისთვის დაწერა. ეს არ ყოფილა უბრალო და ხელწამოსაკრავი როლი, რადგან სასოწარკვეთილ, ავადმყოფ ქალს ვთამაშობ, რომლის დღეები დათვლილია. ჩემი გმირის ბედი ბოლომდე გავითავისე, რადგან დედაჩემიც მძიმე სენით გარდაიცვალა. ვხედავდი, როგორ ილეოდა, არ მავიწყდება მისი თვალები, როცა დღეებს ითვლიდა... ჯერ კიდევ შავები მეცვა, როცა ეს როლი შემომთავაზეს და დაუფიქრებლად დავთანხმდი. კონსულტაცია არაერთ ონკოლოგთან გავიარე და არაერთი სიმსივნური დაავადება შევისწავლე... ეს ჩემთვის ძალზე ძვირფასი როლია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ სპექტაკლში მითამაშია. მამაკაცის როლიც კი შევასრულე ილიაუნის თეატრის სცენაზე. გრიმი რომ გავიკეთე, მამას ისე დავემსგავსე, სარკეში ჩახედვისას კინაღამ გული გამისკდა!

- ამბობთ, რომ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, რატომ? - ასეა, რადგან თეატრშიც მიწევს მუშაობა და კინოშიც. კინოთი დავიწყებ: რეჟისორმა ხათუნა ვაშაძემ უკვე დაასრულა ფილმი "ტყვია", ამ ფილმში მეც ვთამაშობ. დრამატული, მძიმე როლი მაქვს. ფილმი უკვე მონტაჟზეა და იანვარში პრეზენტაცია გაიმართება. გარდა ამისა, დათო ქაფიაშვილი იღებს ახალ ფილმს თავისივე სცენარის მიხედვით საოცრად თბილ და დიდ სიყვარულზე. სცენარში კუსტურიცასეული სიგიჟეებიც ხდება და მჯერა, რომ კარგი ფილმი გამოგვივა, მით უმეტეს, რომ მას საოცარი ოპერატორი ბესო კვარაცხელია იღებს. რაც შეეხება თეატრს, ერთდროულად 3 სპექტაკლზე ვმუშაობ... ასე რომ, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრ საინტერესო სიურპრიზს შემოგთავაზებთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის საბავშვო თეატრში მუშაობა? - ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ვფიქრობ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს, ის ჩვენი ბავშვებისთვისაა, თუმცა მოზრდილებსაც ბევრ საინტერესო სპექტაკლს ვთავაზობთ. ჩვენი რეჟისორები მიზერული ბიუჯეტით საოცრებებს ახდენენ და ხომ წარმოგიდგენიათ, ოდნავ მეტი ბიუჯეტი რომ გვქონდეს, სცენაზე რა ამბები დატრიალდებოდა?! თბილისისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ორივე ჩემი სახლია და მეამაყება, რომ მათი ნაწილი მეც ვარ.

ხათუნა ჩიგოგიძე