"რუსეთმა იცის, რა სენტიმენტებით უნდა ითამაშოს ქართველებთან" - რუსული ომები საქართველოს წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"რუსეთმა იცის, რა სენტიმენტებით უნდა ითამაშოს ქართველებთან" - რუსული ომები საქართველოს წინააღმდეგ

რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით, გზითა და მეთოდით ცდილობდა საქართველო მის ორბიტას არ გასცდენოდა. თუ რა ბერკეტებს იყენებდა კრემლი საქართველოს განვითარების დასამუხრუჭებლად, ამის დეტალური განხილვა, ალბათ, ისტორიკოსებისა და ექსპერტების საქმეა, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ მიმოგვეხილა, უახლოეს ისტორიაში როგორ მუშაობდა რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ როგორც ფარული, ასევე ხილული გზებით.

"სამოქალაქო ომის შესახებ დღემდე არ თქმულა სრული სიმართლე..."

ამირან სალუქვაძე, სამხედრო ექსპერტი: - საბჭოთა კავშირის დაშლამდეც ვგრძნობდით სისტემის მიერ ჩადებულ ნაღმებს, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ საბჭოთა სისტემამ ქრონოლოგიურად აამოქმედა ყველა ნაღმი. ვგულისხმობ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. მაშინ გადმოვედი ქართულ არმიაში და ვხედავდი, როგორ აიარაღებდა რუსეთი სეპარატისტულ რეჟიმებს და თან ჩვენც გვეხმარებოდა იარაღით... რუსეთმა საქართველო უმძიმესი შედეგის წინაშე დააყენა. ამას ემატებოდა ის ადამიანური რესურსი, რომელსაც კრემლი კარგად მართავდა - სამოქალაქო ომის შესახებ დღემდე არ თქმულა სრული სიმართლე. ვიღაცას გულწრფელად ეგონა, ეროვნულ საქმეს ემსახურებოდა, ზოგი განზრახ იყო გარე თუ შიდა ძალებით ჩართული. თუმცა ფაქტი ტრაგიკული გახლდათ - ქართველმა ქართველს ესროლა და იმ უმძიმეს პერიოდზე ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის როლზე, მის მიერ მართულ და გამოყენებულ ძალაზე ბოლომდე არ ვიცით... რუსეთი ყველა ღონეს ხმარობდა საქართველო რუსული ორბიტიდან არ გასულიყო. ამიტომ აწყობდა ერთმანეთი გაგვემეტებინა. ასე უფრო ადვილად გვმართავდა. მცირე გადახვევას გავაკეთებ - ახლახან კიდევ ერთხელ მოვისმინე სააკაშვილის მომხრეების რადიკალური განცხადებები "მაიდანზე", იარაღის ხელში აღებაზე და ა.შ. გამოდის, არც ისე დიდი ხნის წინანდელმა უმძიმესმა გამოცდილებამ ჭკუა ვერ გვასწავლა.

აფხაზეთის ომის მიზანი იყო საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება და ეს გააკეთა კიდეც - ომის დასრულებიდან ორ-სამ თვეში იძულებული გაგვხადა დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში გავწევრებულიყავით, რომელიც 90-იანი წლების მიწურულს დავტოვეთ, დსთ კი უფრო გვიან, 2008 წლის ომამდე. ახლაც არ ვიცი, მანამდეც რატომ დავრჩით, მით უფრო, რომ 90-იანი წლების მიწურულს ნატოსკენ სვლა დაწყებული გვქონდა. სხვათა შორის, 2008 წლის ომის შესახებ გასაჯაროებული საერთაშორისო დოკუმენტი, #11-36 რეზოლუცია, წინა ხელისუფლებისთვის წასაყენებელი სერიოზული პრეტენზიის მიზეზია. ფაქტია, ადრე თუ გვიან, რუსეთი შეეცდებოდა ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას, მაგრამ სხვა საკითხი იყო, როგორ ვუპასუხებდით. რუსეთი ყოველ ეტაპზე აანალიზებს თავის მიდგომებს, ჩვენგან განსხვავებით მუდმივად აახლებს სამოქმედო გეგმას. ახლა ბევრს აქვს პრიმიტიული მიდგომა რუსეთის მიმართ, თუნდაც პრორუსულ პარტიებთან დაკავშირებით. ბოლო წლებში რუსეთი დარწმუნდა, რომ ხალხში პრორუსული პარტიები მცირე მხარდაჭერით სარგებლობენ და დასაყრდენი ძალის გაფართოება დაიწყო - გამოჩნდა ძალა, რომელიც ირწმუნება, რომ პროქართულია, არც რუსეთისკენაა და არც ნატოსკენ, თუმცა მის მოქმედებაში მაინც რუსული განწყობა იკვეთება. კიდევ ერთი, თუ ზოგიერთ ე.წ. პროდასავლურ ძალას დავაკვირდებით, შემადგენლობიდან და შედეგებიდან გამომდინარე, მისი პროდასავლურობა საეჭვოა.

აქვე ჰიბრიდულ ომებზეც უნდა ვთქვათ, რაც სამხედრო კონფლიქტის კვალდაკვალ, ქვეყნებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენს მეზობელ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ღია აგრესიაა და ღმერთმა ნუ ქნას, გამწვავდეს, თორემ რუსეთის პირდაპირ ინტერესში შედის, რომ ჩვენც შეგვეხოს. ჰიბრიდული ომი უამრავი სეგმენტისგან შედგება, მათ შორისაა პოლიტიკურ პროცესებში სხვადასხვა ფორმით ჩარევა, ეთნიკურ უმცირესობებზე ზეგავლენა, ეკონომიკაზე ზემოქმედება. ევროპაში მწვავე ენერგოკრიზისია, რაც რუსეთის ფაქტორით არის განპირობებული. ამ პირობებში ჩვენ, ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობა გვსურს, იმავდროულად კი რუსეთსაც მივყვებით მის "თამაშში". აშკარა თუ ფარული ომების კვალდაკვალ, რუსეთმა საქართველოს ენერგოომიც გამოუცხადა.

- ენერგორესურსებით რუსეთი ევროპაზეც ცდილობს გავლენის მოპოვებას...

- დიახ, ჩვენთან კი ამ დროს ასზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მოსახლეობის ნაწილის პროტესტის გამო დაკონსერვებულია. შეჩერდა "ენკას" პროექტიც. არადა, აქსიომაა, რომ ქვეყანას დიდი ჰესები სჭირდება, რათა ენერგოდამოუკიდებლობას ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობას მიაღწიოს. მეტწილად რუსული გავლენის გამო შეჩერდა, დაკონსერვდა და ჩაიშალა ასზე მეტი დიდი ჰესის პროექტი. ხშირ შემთხვევაში არც იციან, როგორ მოქმედებენ სპეცსამსახურები ასეთი პროექტების ჩასაშლელად, გავლენების მოსაპოვებლად. შესაბამის სამსახურებში ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და მრავალსაფეხურიანი ოპერაციები იგეგმება. რუსეთი ასევე მუშაობს ნიჰილიზმის დასათესად. მარტივი ენით ცდილობენ "აგვიხსნან", რას მოგვიტანს დასავლეთი, რომ არ და ვერ გვეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში, ამერიკა არ დაგვეხმარა ომის დროს და ეს მუშაობს.

რუსებს ლამის ყოველთვე ახალი იარაღის პრეზენტაცია აქვთ. რამდენად კარგია ის, რამდენად კარნახობს თანამედროვე სტანდარტებს, რადგან კრემლის მედია მუშაობს მისი უძლეველობის წარმოჩენაზე. ამ პირობებში ჩვენ მთავარ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ, ეროვნული ინტერესების, პრიორიტეტების დალაგება ვისწავლოთ.

"ვერაგი მტრის პირისპირ ვართ, რომელიც ქართულ ფსიქოტიპს კარგად იცნობს"

თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი: - რუსეთმა საქართველოზე შეტევა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაიწყო. ჯერ იყო ეკონომიკური ბლოკადა. რომ არა თურქეთისკენ გაჭრილი სავაჭრო-ეკონომიკური გზა, ამერიკისა და ევროპის სასურსათო დახმარება, ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალი იყო. მალე რუსეთის შეიარაღებული ძალები აშკარად თუ ფარულად სამხედრო აგრესიაზე გადავიდნენ - აფხაზეთის ომის დროს რუსული სამხედრო ტექნიკა ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მონაწილეობდა, კრემლში კი რეგულარულ რუსულ არმიაზე, რომელიც ჩვენს ტერიტორიას ბომბავდა, აცხადებდნენ, არ ვიცით, ვინ არიანო. 1991 წელს, ქართულმა სამხედრო ძალებმა საფრენი აპარატი რომ ჩამოაგდეს, რუსებმა განაცხადეს, ქართველებმა რაღაც თვითმფრინავი იპოვეს და გადაღებესო. საომარი მოქმედებების დროს არ წყდებოდა დეზინფორმაცია... მოგვიანებით, ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ რუსეთის მობილური ბრიგადები მაღალმთიან სოფლებში პასპორტებს არიგებდნენ.

კრემლი გვიტევდა "რბილი ძალითაც" - იდეოლოგიური მუშაობით, ერთმორწმუნეობით მანიპულირებით, ისტორიის გადაწერით, ე.წ. ჰუმანიტარული კამპანიებით, ზოგ შემთხვევაში, სპორტითაც, რაც ვიხილეთ სოჭის ოლიმპიადის დროს. ქართველ საზოგადოებაში ახლაც კამათობენ, სპორტი, ხელოვნება და პოლიტიკა უნდა განვასხვაოთო, ჩვენ ვასხვავებთ, რუსეთი - არა. იქ არსებობს დარგების პოლიტიზებაზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური, "რბილი ძალის" მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტი. ამასთან, რუსეთი მუდმივად მანიპულირებს ეთნიკური უმცირესობის თემით - პერიოდულად ცდილობს შუღლის გაღვივებას და დაძაბულობის კერებს ქმნის.

- ნატოში ინტეგრაციის მსურველთა კვალდაკვალ, ანტიდასავლური, ასევე ნეიტრალიტეტის მომხრეებიც აქტიურობენ. ეს მართული პროცესია? - დიახ, რუსეთმა მეთოდები დახვეწა, ბევრად საშიში გახდა. იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს, იძულებულია ზემოქმედების ინსტრუმენტები შეცვალოს. სოციალური მედიის, დაკვეთილი, ე.წ. ანალიტიკური სტატიები, რომლითაც მტერი მოსახლეობაში ნატოსა და დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმის გაზრდას ცდილობს, უხვად არის ქართულ ინტერნეტსივრცეში. აქტუალურია მოსაზრება, რომ ევროპა ჩვენს იდენტობას ებრძვის, ქართველობას საფრთხე ემუქრება. რუსული პროპაგანდის ნაწილია იმ ნარატივის დანერგვა, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ამ ალიანსების წევრი, რაც აბსურდია. ჯერ ერთი, ეს მისი გადასაწყვეტი არ არის, მეორეც - თავად ნატოს აქვს გაცხადებული, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. კრემლის ნარატივი გათვლილია ტვინების გამორეცხვაზე, ვითომ დაკარგული ტერიტორიების გამო ვერ გავხდებით ნატოს წევრი. მსგავსი შემთხვევა ნატოსა და ევროკავშირის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა. ჩვენზე პატარა ქვეყნებმა შეძლეს რუსეთს დასხლტომოდნენ და ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრდნენ. ახლახან მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საკითხი დადგა, არადა, რუსეთი იმ ქვეყნებში გადატრიალებას აწყობდა, მაგრამ გადალახეს...

რუსეთის მრავალფეროვანი ბერკეტებიდან გამორჩეულად მძიმეა მცოცავი ოკუპაცია, მავთულხლართების გადმოწევა, ადამიანების გატაცება და უკანონო პატიმრობაში ყოფნა. ცდილობს სულიერად გაგვტეხოს. ცალკე თემაა, ოკუპირებული რეგიონების აშკარა რუსიფიკაცია. იქ კრემლის პოლიტიკა ანგრევს ერთმორწმუნეობის მითს - რუსეთისთვის მართლა პატივსაცემი რომ იყოს მართლმადიდებლობა, იქ ქართულ კვალს არ გაანადგურებდა. ქართულთან ერთად, აფხაზურ კვალსაც შლიან. რუსეთი აქტიურად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტს, რაც სამხედრო აგრესიაზე არანაკლებ სახიფათოა. ზოგიერთს დაავიწყდა 2006 წლის ემბარგო. ევროკავშირის ბაზართან კი გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ რუსეთში ხარისხის მოთხოვნა ნაკლებია და მოგების მარჟა მეტი...

პუტინმა ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდანვე შეუტია თავისუფალ მედიას. საქართველოშიც გვაქვს კრემლზე მიბმული მედია - "ალტინფო", დუგინის ტელევიზიაა.

პუტინის მოსვლის შემდგომ პრიორიტეტული გახდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო კომპანიების შესყიდვა. ამას ემატება სხვადასხვა კერძო ფორუმი. 2003 წლიდან რუსეთის საგარეო სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მოქმედებს თანამშრომლობის ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საგარეო პოლიტიკაზე. ლავროვის უწყება კარნახობს საპატრიარქოს, რა უნდა გაკეთდეს საგარეო პოლიტიკაში.

ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს კიბერმიმართულებითაც. საქართველოს წინააღმდეგ პირველი კიბერშეტევა 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტში მოხდა, მიზანი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დავალებების შესრულების გაიოლება, საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა, ინფორმაციული უპირატესობის მოპოვება, რუსული ნარატივის დამკვიდრება იყო.

საქართველოში მუშაობის კვალდაკვალ, მუშაობენ მის ფარგლებს გარეთაც, რათა მსოფლიოში შეუმდგარ, საშიშ სახელმწიფოდ წარმოვჩნდეთ. მახსოვს, უვიზო რეჟიმის საკითხზე მუშაობისას როგორ ორგანიზებულად მუშაობდნენ დიპლომატიური არხებით, მედიასაშუალებებით, რათა რუსეთის მოქალაქე ქართველი კრიმინალები, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს სჩადიოდნენ, საქართველოს მოქალაქეებად წარმოეჩინათ. თვეების განმავლობაში რუსული ფულით დაფინანსებული მედია ცდილობდა სტერეოტიპის შექმნას, თითქოს ქართველები კრიმინალები არიან და მათი ევროპაში შეშვება საშიშია.

ვერაგი მტრის პირისპირ ვართ, რომელიც ქართულ ფსიქოტიპს კარგად იცნობს. ჩვენ კი მძიმე შეცდომებს ვუშვებთ და ასეთ დროს კრემლი შორიდან გვაკვირდება, როდის დავიწყებთ ერთმანეთის დახოცვას, რომ წინასწარ გათვლილი გეგმით შემოვიდეს. არ ვიცი, არმიას შემოიყვანს, თუ იმ სექტორს გააქტიურებს, რუსეთში მხსნელს რომ ხედავენ. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ საყრდენი ჰყავს...

რუსეთმა იცის, რა სენტიმენტებით უნდა ითამაშოს ქართველებთან. პოზნერის და გავრილოვის ვოიაჟები იყო ნიშანი, როგორ ცდილობს ნიადაგის მოსინჯვას, შემოაგდებს დეზინფორმაციას, პროვოკაციას და ატყდება ამბავი. ის კი გულმოდგინედ აკვირდება ვითარებას და იცის, როდის სად დაგვარტყას. არ კონტროლდება ფინანსური ნაკადები, არ იკვლევენ რუსულ ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობას ტვინს ურეცხავენ. მსოფლიოში ცნობილია, რომ რუს ტურისტებში უამრავი სპეცსამსახურის თანამშრომელია და მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვით არიან დაკავებული...

წინა ხელისუფლებამ 2008 წლის ომიდან ერთ თვეში ოკუპანტ ქვეყანასთან ცალმხრივად უვიზო რეჟიმი შემოიღო. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სტრატეგიული ობიექტების დიდი ნაწილი მათ ჩაუგდო ხელში. ახლა, როცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მყიფეა, ევროკავშირის დახმარებაზე უარი ვთქვით, რადგან მისი მოთხოვნები დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას გულისხმობდა. მმართველი გუნდი და ოპოზიცია აკრიტიკებენ ევროპელ და არა მარტო ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და სხვა დროსაც მინახავს, თუ როგორ ხმალამოღებული იცავდნენ საქართველოს ინტერესებს, ლობირებდნენ პროექტებს, რომლებიც ახლა მუშაობს ქვეყანაში, ასევე, მაპ-ის მინიჭებას, აღმოსავლეთპარტნიორობის მიმართულებით ახალი პროგრამების დაწყებას და ა.შ. საქართველო არც ნავთობითა და გაზით მდიდარი აზერბაიჯანია და არც საუდის არაბეთი, რომლებიც ინვესტორს იზიდავენ. ჩვენ ღირებულებითი ერთობლიობა გვაქვს დასავლეთთან, დემოკრატიულ ფასეულობებს ვაღიარებთ, ვიცავთ და რეფორმების ტემპით დასავლეთის პარტნიორი შეგვიძლია გავხდეთ. ამიტომ დებს დასავლეთი ამხელა ფულს და პოლიტიკურ მხარდაჭერას გვიცხადებს, მაგრამ თუ დემოკრატიულ სტანდარტებზე უარს ვიტყვით, საკუთარ თავს დავაზარალებთ და რუსეთს ხელ-ფეხს გავუხსნით.