"ოპოზიცია ტრადიციულ თამაშს თამაშობს, რომ ხელისუფლებას რქებით დააჯახოს დასავლეთი" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ტრადიციულ თამაშს თამაშობს, რომ ხელისუფლებას რქებით დააჯახოს დასავლეთი"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანით ვითარება განიმუხტა. თუმცა შიშობს, რომ ოპოზიციის ქმედებები არ შეიცვლება, რამაც შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები შეუქმნას.

- სიმართლე გითხრათ, ვითარების განსამუხტავად, მეგონა, უცხოელების ჩართვა გახდებოდა საჭირო. განსაკუთრებულ დაძაბულობას იწვევდა მოშიმშილე ხოშტარიას ამოღამებული თვალები და რადგან ეს მოგვარდა, ახლა აქციები ახალი მოთხოვნებით, როგორიც არის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება თუ მისი გათავისუფლება, უკვე აღარ არის ისეთი საშიში სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. ასეთი პროტესტებისთვის არაერთხელ გაგვიძლია, ქვეყანა ამით არ ინგრევა.

- ოპოზიციის მოთხოვნები რამდენად ადეკვატურია? - ამ შემთხვევაში დგება საკითხი, რომ პატიმარს, რომელმაც 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, უნდა მისცეს თუ არა სახელმწიფომ მოქალაქეობა მაშინ, როცა თავის დროზე ორმაგი მოქალაქეობა არ მოუთხოვია. და საერთოდ, თავად ითხოვს ორმაგ მოქალაქეობას? ამასთან, რა ვუყოთ ადამიანთა იმაზე უფრო დიდ რაოდენობას, რომელიც მოითხოვს, რომ მთელი სისრულით მოხდეს ყველა დანაშაულის შეფასება და "ნაცმოძრაობის" დამნაშავე პარტიად გამოცხადება, ვიდრე ქუჩაში არიან გამოსული და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას აყენებენ?!

ოპოზიციის ქმედებები დიდი ხანია, აღარ არის ლოგიკური. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თავს ავლენს მხოლოდ საპროტესტო აქციებში, ხალხის დიდი ნაწილი როგორ უნდა ენდოს? ამ ხნის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივაც არ შეუტანიათ. ეს ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩენს კითხვას, შეძლებენ თუ არა ქვეყნის გონივრულად მართვას. 2012 წელს ხალხმა მათ უარი აგრესიულობის გამო უთხრა, ისინი კი კვლავ აგრესიულები არიან. შეიძლება იმ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლა გქონდეს მიზნად, რომელმაც აგრესიულობის გამო გითხრა უარი?

- რატომ არ ცვლიან მეთოდებს? ფაქტია, რომ აქციები არ ამართლებს... - სხვათა შორის, ეს მეც ვკითხე ერთხელ "ნაცმოძრაობის" წევრს და მიპასუხა, არ შეუძლიათ სხვანაირად მოქცევაო. ეს არის პრობლემა... სააკაშვილი ამდენი წელია ამბობდა, რომ ჩამოვიდოდა და მაინცდამაინც ახლა ჩამოვიდა, თან ორი საზღვრის დარღვევით. როგორ გინდა ამაში ლოგიკა დაინახო? ან უნდა ვთქვათ, ემოციებს აჰყვაო, რაც არასერიოზულია, ან სხვა მოტივი უნდა ვიგულისხმოთ...

- ოპოზიცია ხშირად ლაპარაკობს "ოცნების" მიერ დასავლური კურსის შეცვლაზე... - "ოცნებას" პოლემიკა არ გამოსდის ისე ეფექტურად, თორემ თავის დროზე დასავლეთის ქვეყნებს და საელჩოებს თავად "ნაცმოძრაობამ" შეუტია და თუ მათ ლოგიკას მივყვებით, რომ კრიტიკა არის კურსიდან გადახვევა, მაშინ "ნაცმოძრაობასაც" გადაუხვევია ევროპული კურსიდან. მაგრამ მაშინ "ნაციონალებმა" ეს არ შეიმჩნიეს და გააგრძელეს პოლიტიკური ცხოვრება. ამდენად, არც "ოცნებამ" უნდა შეიმჩნიოს და გააგრძელოს ურთიერთობა. თავის დროზე, "ნაცმოძრაობამ" ომი რუსეთის სასარგებლოდ დაასრულა და მერე ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცა. "ოცნებას" ამასთან მიახლოებულიც კი არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ წინ მიდის დასავლეთთან ურთიერთობის საქმიანი ნაწილი, ხელშეკრულებებით, ვიზიტებით და ა.შ.

- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან წლები გავიდა. მას შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა არსებითი რეფორმა ჩავარდა. თუნდაც სასამართლო სისტემა ავიღოთ, ამაზე დასავლეთმა ბოლო დროს არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა. რეფორმების არგატარება არ ნიშნავს დასავლურ ფასეულობებზე უარის თქმას? - ის, რომ საგანგაშო სასამართლო გვაქვს, ამას მხოლოდ დასავლეთი არ ამბობს. შეგახსენებთ, ეკა ბესელიას ჯგუფის პროტესტიც ამაზე იყო. ძნელად ასახსნელია, რა ლოგიკით ეჭიდება "ოცნება" მოსამართლეების ამ ჯგუფს. თუ ეს ჯგუფი გაუშვეს, სასამართლო აღარ იქნება მართვადი? თუ მოინდომეს, მართონ სასამართლო, ამის შესაძლებლობა ყოველთვის აქვთ. ამიტომ არის გაუგებარი, რატომ იცავენ ასე თავდადებით ამ ჯგუფს და ამის გამო თავს რატომ ილანძღავენ?

- რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამან ქვეყანას დასავლური კურსის თვალსაზრისით? - სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთს ქვეყნის 20% დაუთმო, სამხედრო ბაზების ხელახლა გაკეთების საშუალება მისცა და ამის ტოლფასი არის სასამართლო სისტემა? ოპოზიციის ის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ამ ნაბიჯებს არ აკრიტიკებს და სასამართლოს გამო მიაჩნია, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა, შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ?

- იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც დღეს კავკასიაშია შექმნილი, ოპოზიციის მიერ ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებაზე აპელირება რამდენად სახიფათოა? - ოპოზიციის მიზანი ის არის, რომ დასავლეთი კრიტიკული გახდეს. ოპოზიცია ტრადიციულ თამაშს თამაშობს, რომ ხელისუფლებას რქებით დააჯახოს დასავლეთი. მაგრამ დასავლეთი საქართველოსთან მაინც აგრძელებს სიღრმისეულ ურთიერთობას. ამასთან, ოპოზიციას მხარს აღარაფერში უჭერს და უფრო ფრთხილი გახდა იმის გამო, რომ ხედავს, ოპოზიცია დესტაბილიზაციის მცდელობით ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს თავადაც პირდაპირ თქვეს, როცა ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებას ცდილობდა. რაც მთავარია, რუსეთის უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში გაძლიერების შემდეგ, დასავლეთისთვის ერთადერთ დასაყრდენად საქართველო რჩება. ამ ფონზე კი ოპოზიცია აქ დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის, რაც რუსეთის ინტერესებშია, ამიტომ საფრთხე არის სწორედ ოპოზიციის ქმედებებში და არა ხელისუფლების განცხადებებში.

რუსა მაჩაიძე