"პროფესიონალმა ექიმებმა "ოცნება" იმდენად მოაქციეს ჩიხში, სხვა გზა არ დაუტოვეს"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ არასწორი იქნება, თუკი ოპოზიცია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას აქციების შედეგად და საკუთარ დამსახურებად გამოაცხადებს. ეს ისევ ოპოზიციის მიმართ განწყობებზე აისახება ნეგატიურად.
- ის, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, უკვე კარგია დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ვერ ვიტყვი, რომ ამით კრიზისი დასრულდება, შესაძლოა აქციები ისევ გაგრძელეს, მაგრამ მთავარია, დაძაბულობის პიკიდან ქვემოთ წამოვიდეთ. აქ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მაინც ექიმთა გადაწყვეტილებები. თავიდან ხელისუფლება კი შეეცადა სახალხო დამცველის მიერ შედგენილი ექიმთა ჯგუფი პოლიტიკურად ანგაჟირებულად მოენათლა და არ გამოვრიცხავ, რომ იქ მართლაც იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, მაგრამ საბოლოოდ პროფესიონალიზმმა აჯობა მიკერძოებულობას და ხელისუფლება იძულებული გახდა, სააკაშვილი გადაეყვანა კლინიკაში ისე, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მხოლოდ სააკაშვილის უსაფრთხოებას არ ვგულისხმობ - მნიშვნელოვანია, პროვოცირების საშუალება არ მიეცეს არც ერთ მხარეს.
- თუკი აქციები გაგრძელდება, ახალი პიკის საფრთხე აღარ არსებობს? - აქციები შესაძლოა ახალი წლის დღეებში შეწყდეს, მაგრამ მერე განახლდება. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ფეთქებად სიტუაციას არ ველი. ძალიან კარგი იქნება, თუ პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავა, მაგრამ არც აქციებია პრობლემა. სახიფათოა ფეთქებადი სიტუაცია, როდესაც ვინმეს პროვოცირებით შესაძლებელი ხდება სამოქალაქო დაპირისპირება.
- ოპოზიციის მიზანი ის ხომ არ იყო, რაზეც ბოლოს დავიდა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ... რამდენად შეეგუება ოპოზიცია ამ ვითარებას? - იქნება მუდმივი დაძაბულობა: ან ხელისუფლება დაუშვებს რაიმე შეცდომას, ან ოპოზიცია მოიფიქრებს რამეს და ა.შ. მაგრამ მთავარია სიტუაცია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს. ცხადია, აქციები არჩევნებამდე გაგრძელდება. ოპოზიციას სხვა გამოსავალიც არა აქვს... საკითხავი ის არის, არჩევნები როდის იქნება - 2024-ში თუ მანამდე. შესაძლოა ეს დაპირისპირება გარკვეულწილად ორივეს აწყობს, ამ დროს კი საჭირბოროტო თემები განზე რჩება. ვის სცალია ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე სალაპარაკოდ, როდესაც, მაგალითად, დღეს-ხვალ შესაძლოა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს? ქვეყანა მესამე რეალობაში ცხოვრობს, ოღონდ ეს არც ერთ მხარეს არ აინტერესებს.
- სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში შეიძლება ოპოზიციის გამარჯვებად ჩაითვალოს? - თუ ოპოზიცია გამოაცხადებს, ჩვენ ეს ქუჩის პროტესტით შევძელითო, შეცდომა იქნება და ვფიქრობ, საზოგადოებაში უფრო ნეგატიურ განწყობებს გააჩენს. ქუჩის პროტესტით კი არა, ექიმების ჩარევით შეძლეს. პროფესიონალებმა "ოცნება" იმდენად მოაქციეს ჩიხში, სხვა გზა არ დაუტოვეს. ამიტომაც წავიდა დათმობაზე. ოპოზიციისთვის ეს ფაქტი ორმაგად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. სწორედ ასეთი თემები უნდა მოძებნონ და ასეთი მეთოდებით იმუშაონ, მაგრამ ამას აქციაზე "გაუმარჯოს" ძახილი, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მსოფლიო ფეხეზე დადგებაო, არ შველის.
- ოპოზიცია აპელირებს ხელისუფლების მიერ დასავლური კურსის შეცვლაზე. ამის თქმის საფუძველი რეალურად არსებობს? - გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, საქართველოში პროდასავლური ხელისუფლება არც არასოდეს ყოფილა. დეკლარაციის დონეზე ყველა ამბობდა, ევროპისკენ მივდივართო, სინამდვილეში კი ეს არასოდეს მომხდარა. ამ წრეში ყველა ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი.
თავის მხრივ, ხელისუფლება ყოველთვის ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ არის მოღალატე. ახლაც რა აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება პრორუსულია? ივანიშვილი, მეტი არაფერი, რადგან მილიარდები რუსეთში იშოვა. მაგრამ ბენდუქიძემაც ხომ რუსეთში იშოვა? სამწუხაროდ, ეს ვართ - თუ რუსეთს ვაგინებთ, პროდასავლურები ვართ, თუ ჩუმად ვართ, პრორუსები.
- ევროპარლამენტარების შესახებ კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებით რომ ვიმსჯელოთ, ეს არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიციის პრეტენზია საფუძვლიანია? - არა, რა თქმა უნდა. ეს განცხადება გაკეთდა იმის გამო, რომ მათ ხელისუფლებისთვის მისაღები განცხადებები არ გაუკეთებიათ. პრორუსობა აქ არაფერ შუაშია. თუ ისეთი ვინმე ჩამოვა, რომ ხელისუფლებისთვის მისაღებ ან ნეიტრალურ განცხადებას გააკეთებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილთანაც შეუშვებენ და არც კობახიძე გააკეთებს ასეთ შეფასებებს. რა შუაშია აქ კურსის ცვლილება და პრორუსობა?..
ერთმანეთის გაშავება მიდის და ეს ყველაფერი ამის შედეგია. ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლება გააშავოს, რომ ივანიშვილი რუსეთის საქმეს აკეთებს, ხელისუფლება ოპოზიციას მოღალატეებს ეძახის და ეს არის სწორედ წრეზე ტრიალი. უბედურება ის არის, რომ დიალოგი არავის უნდა, ჩვენს რეალობას ვქმნით და გვინდა მოსახლეობაც ამ რეალობით დავტვირთოთ. ამიტომ მგონია, რომ როგორც "ოცნებამ", ასევე "ნაცმოძრაობამ" ამოწურა პოლიტიკური რესურსი და ამიტომ არის საჭირო, საზოგადოებამ კრიტიკულად შეხედოს ორივეს. ჩვენი საზოგადოება თუ ამას მოახერხებს, მაშინ მივალთ მშვიდი და სტაბილური სახელმწიფოს შექმნამდე.
რუსა მაჩაიძე