"ბელარუსში ქართულ-უკრაინული სცენარის გამეორება კრემლისთვის კოლოსალური შეცდომა იქნება" - კვირის პალიტრა

"ბელარუსში ქართულ-უკრაინული სცენარის გამეორება კრემლისთვის კოლოსალური შეცდომა იქნება"

გასულ კვირას ლუკაშენკოს მორიგი მანევრის მოწმე გავხდით - "ბატკამ" ათასობით არალეგალური მიგრანტი ბელარუსის გავლით პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებთან ჯოგივით მიდენა, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ. მიგრანტების ნაკადი, რომელიც ბრიუსელმა ევროკავშირზე ლუკაშენკოს ჰიბრიდულ თავდასხმად და განგსტერულ ტაქტიკად მონათლა, ევროკავშირში არსებულ შიდადაძაბულობას უფრო ამძაფრებს, რასაც როგორც ლუკაშენკო, ასევე მისი მთავარი პარტნიორი ევროკავშირთან ყაჩაღური მანევრების საკითხში ვლადიმირ პუტინი საკუთარ გამარჯვებად მიიწერენ - საგარეო აყალმაყალის ფონზე დასავლეთს ნაკლები დრო რჩება თავად ბელარუსში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რეაგირებისთვის.

როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი, რას აპირებენ ბელარუსები, თუ პუტინი გადაწყვეტს ბელარუსთან ერთიანი სახელმწიფოს პროექტის ბოლომდე მიყვანას, ამ საკითხებზე GISP-ი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერსა და ბელარუსის ყოფილ კულტურის მინისტრ პაველ ლატუშკას ესაუბრა.

- ლუკაშენკო ამ ადამიანებს ევროკავშირის წინააღმდეგ ომის ინსტრუმენტად იყენებს. როგორც დიპლომატს მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზღვრების დაცვა, როგორც პოლიტიკოსი, ვერ ვხვდები, რატომ არ იყენებს ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს - კანონის უზენაესობას, უპირველეს ყოვლისა. თუ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან და ყველა ხედავს, რომ ეს არის სპეცოპერაცია, რომელსაც ლუკაშენკო და მისი დამქაშები დირიჟორობენ, რატომ არ აღძრავენ საქმეს ლუკაშენკოს წინააღმდეგ, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ამ მიგრანტების სიკვდილთან? ამას გარდა, დასავლეთის ხელშია ეკონომიკური ბერკეტიც - სანქციები, რომლის შედეგად ლუკაშენკოს თითოეული არალეგალური მიგრანტი ძვირად დაუჯდება. ის დღეს პირიქით, მიგრანტებით აკეთებს ფულს, ამიტომ აიძულეთ გადაიხადოს, რათა დაფიქრდეს, უღირს ეს ავანტიურა თუ არა.

- მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დანებებას არ აპირებს, არც ლუკაშენკო გეგმავს ნებაყოფლობით გადმოგცეთ მმართველობის სადავეები - ფაქტია, სიტუაცია ჩიხში შევიდა.

- რუსული გამოკითხვებიც კი აჩვენებს, რომ ბელარუსები არ ენდობიან ლუკაშენკოს და მათ უმრავლესობას არ სურს მან პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნოს, თავად ლუკაშენკო კი ბელარუსებს უყურებს როგორც უმადურ მოღალატეებსა და მტრებს. როგორც ყველა სხვა დიქტატორს, მასაც სჭირდება მტრის ხატი, რომლის წინააღმდეგაც გაილაშქრებს. მისი პირველი მტერი თავად ბელარუსია, მეორე მტერი - დასავლეთი და მესამე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არასდროს აღიარებს, თავად რუსეთია.

ლუკაშენკომ შეცვალა კონსტიტუცია ისე, რომ სოცქსელში მისი რეჟიმის წინააღმდეგ დაწერილი სიტყვაც კი დანაშაულის ტოლფასია, რამაც შეიძლება ციხეში ამოგაყოფინოთ თავი. შიში იქცა მის მთავარ იარაღად ხალხის გასაჩუმებლად, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ - სიტუაცია ნელა, მაგრამ უახლოვდება დუღილის წერტილს. მისი ჭკუით, ჩრდილოეთ კორეის განახლებულ ვერსიას აშენებს, მაგრამ ეს შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - ჩვენ ვცხოვრობთ ევროპაში; მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ეპოქაში; მესამე - ბელარუსები ინტელექტუალური ერია და უკვე ცხადყვეს, რომ სურთ თავისუფლება.

- ბელარუსებმა შარშან სცადეს თავისუფლებისთვის ბრძოლა სახალხო პროტესტის გზით და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა...

- ჩვენ გვჭირდება სტრატეგია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრონტზე. მასში რამდენიმე ელემენტია:

უნდა მივაღწიოთ ლუკაშენკოს პრეზიდენტად არაღიარებას. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ არ ცნობენ არჩევნებს ლეგიტიმურად, მაგრამ საჭიროა მათ მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ არ აღიარებენ მას პრეზიდენტად და მის მთავრობას ლეგიტიმურად. ევროპარლამენტმა ახლახან გააკეთა ეს, მაგრამ აუცილებელია იგივე მოხდეს ეროვნული მთავრობების დონეზეც.

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პასუხისგება დანაშაულებისთვის, მათ შორისაა საერთაშორისო რეისით მფრენი თვითმფრინავის გატაცება, ასევე არალეგალური "მიგრანტების ომი" მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დანაშაულებზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

მესამე ელემენტია სანქციები და ისინი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც დროული და მძიმეა.

შიდა ფრონტზე ჩვენ უნდა მოვემზადოთ ქვეყნის მასშტაბით კარგად ორგანიზებული გაფიცვებისთვის. ეს უნდა იყოს ყველა დემოკრატიული ძალის ერთიანი ფრონტი...

- დავუშვათ, მიაღწიეთ ზოგიერთ მიზანს - ბევრი შიშობს, რომ გაზრდილი საერთაშორისო იზოლაცია, უპირველესად კრემლს გაუადვილებს საქმეს, რათა აიძულოს ლუკაშენკო დაეთანხმოს რუსეთის პირობებს. - პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ბელარუსში არსებული რეჟიმის დამხობის ერთადერთი შემოქმედი თავად ბელარუსი ხალხი უნდა იყოს. არსებობს სხვა სცენარიც, რომელიც ჩვენ გვირჩევნია არ მოხდეს, მაგრამ რეალურია - სცენარი, რომელიც თქვენ აღწერეთ. ამ სცენარის განვითარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ერთის მიხედვით, პუტინი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, რომ დადგა ლუკაშენკოს გადაყენებისა და კრემლის ინტერესების ერთგული ახალი მმართველის დრო, ხოლო მეორე გულისხმობს ლუკაშენკოს დატოვებას და სრულად კონტროლირებად მარიონეტად გადაქცევას. მოდი, ასევე განვიხილოთ სცენარი, რომლის მიხედვითაც პუტინი რუსეთის სამხედრო ძალებს უბრძანებს ბელარუსში შეჭრას - თუმცა არა მგონია, ეს რეალისტური იყოს. არ მჯერა, რომ პუტინი უბრძანებს რუს ჯარისკაცებს ბელარუსებს ესროლონ, რადგან ეს იქნებოდა პუტინის პრეზიდენტობის დასასრულის დასაწყისი - შეუძლებელია რუსს აუხსნა, რატომ ესვრიან ბელარუსებს... არ ვფიქრობ, რომ ეს სცენარი კრემლის ინტერესებში შედის იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც - გააკონტროლონ, ვინ იქნება ლუკაშენკოს მემკვიდრე. ამ ეტაპზე რუსეთი არ არის მზად ბელარუსთან ერთიანი სახელმწიფოს პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ ის ეცდება ამისკენ ნაბიჯის გადადგმას... ბელარუსთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს რუსეთის ნაწილი გახდეს, ამას რუსული გამოკითხვებიც კი ადასტურებს. ეს ნიშნავს, რომ ბელარუსი მხოლოდ რუკაზე იარსებებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დროშა ექნება. რუსეთს არ სურს ბელარუსმა თავად აირჩიოს მომავალი - ის მიჰყვება გასული საუკუნის ძალაუფლების დოქტრინებს, სადაც თქვენ უნდა გააკეთოთ იდეოლოგიური არჩევანი და აუცილებლად უნდა გყავდეთ მტერი.

- ლუკაშენკოსა და პუტინს შორის გაზის ფასებზე მიღწეულ შეთანხმებაზეც მინდა გკითხოთ. დანარჩენ 28 "ინტეგრაციულ პროგრამასთან ერთად", რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეს იმ ერთიანი სახელმწიფოსკენ, რომლისკენაც მოსკოვი ისწრაფვის? - ამ დოკუმენტების უმეტესობა საიდუმლოა და არავინ იცის, რაზე შეთანხმდნენ ისინი. რისი მოწმენიც ვართ, არის ის, რომ მმართველობის უზურპირების შემდეგ ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო ბელარუსის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ბედის გადაწყვეტა. საკავშირო სახელმწიფოს იდეა ბელარუსების უმეტესობას აღიზიანებს, ეს ბელარუსმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს. თუ ლუკაშენკო და კრემლი გადაწყვეტენ ამ გზით წასვლას, მაშინ ბელარუსის ახალ მთავრობას მოუწევს გააუქმოს ამ გზით მიღწეული შეთანხმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ რეალურ საფრთხედ ბელარუსის სუვერენიტეტისთვის. თუ კრემლს სურს გაიმეოროს საქართველოსა და უკრაინის სცენარები ბელარუსში, ეს იქნება კიდევ ერთი კოლოსალური შეცდომა რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის - ძალის გამოყენებით ერის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამორჩილება. ბელარუსებისა და რუსების მტრებად გადაქცევა შესაძლოა აკმაყოფილებდეს ვინმეს ამბიციებს მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ეს ვერ იქნება ეფექტური გრძელვადიანი სტრატეგია...

ლუკაშენკოს არ მოსწონს რუსეთის ხელმძღვანელობა, ეზიზღება მედვედევი და არც პუტინი უყვარს. დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ლავროვი ლუკაშენკოს სრულ იდიოტად მიიჩნევს, მაგრამ ის დიპლომატია და კრემლის საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს. ლუკაშენკოს არ შეიძლება ენდო - ცხადზე ცხადია, რომ ის პუტინთან მეგობრობანას მხოლოდ საკუთარი ტყავის გადასარჩენად თამაშობს. როდემდე აიტანს ამას პუტინი, დრო გვიჩვენებს.

ვაჟა თავბერიძე