რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ე.წ. პიჯაკების საქმეზე - კვირის პალიტრა

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ე.წ. პიჯაკების საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ერთ-ერთი ბრალდების საქმე ბრალდებულის გარეშე განიხილეს, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები პროცესზე მის დასწრებას მოითხოვდნენ. სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 13 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, კერძოდ, 8.837.461 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხის ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯი.

"მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის საიდუმლო ფორმით გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც დაწვრილებით არის ნათქვამი, რაში დახარჯეს თანხა.

პროკურატურის განცხადებით, განკარგულებებით, რომელთაც ადევს გრიფი "საიდუმლო", სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე - მათი სტუმრების, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება.

ადმინისტრაციამ და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 20 მილიონი ლარი ისედაც გაიღო, მაგრამ როგორც უწყებაში ამბობენ, ეს მიხეილ სააკაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სამი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 9 მილიონი ლარი დაიხარჯა მისი პირადი და ახლობლების კომფორტისთვის. მუხლი, რომლის მიხედვით სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, გულისხმობს მითვისებასა და გაფლანგვას და 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ესპანელი მზარეული

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯებით ირკვევა, პრეზიდენტ სააკაშვილს ესპანეთიდან ჩამოყვანილი ჰყავდა მზარეული სერხიო კალდერონ ლატასა. ის 2010-2011 წლებში საქართველოში ცხოვრობდა და პრეზიდენტ სააკაშვილს ემსახურებოდა. მზარეულს მომსახურებისთვის ყოველთვიურად 7.500 დოლარს უხდიდნენ. ამის გარდა, მისთვის დაქირავებული ჰყავდათ თარჯიმანი, რომლის ყოველთვიური გასამრჯელო 3.410 ლარი იყო. მზარეულს ასევე უხდიდნენ სასტუმროს ხარჯს - ის სასტუმრო "კოპალაში" ცხოვრობდა. შემდეგ დაქირავებულ ბინაში გადაიყვანეს, ზუბალაშვილების ქუჩის #7-ში და ბინის ქირას, კომუნალურ ხარჯს, კვებას უნაზღაურებდნენ. მეტიც - სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იხდიდნენ მისი და მისი ქართველი თარჯიმნის საზღვარგარეთ მივლინების ხარჯსაც. ერთ-ერთი ასეთი ხარჯი სახელმწიფოს 5.694 ლარი დაუჯდა. დაფინანსდა ესპანეთში თარჯიმან სალომე რამიშვილის მივლინების ხარჯიც. ყოველთვიურ ხარჯებზე სპეციალური პატაკი იწერებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ თემურ ჯანაშიას სახელზე. სწორედ ის ადებდა რეზოლუციას ბიუჯეტიდან ამ თანხების ჩამოწერას. ჩვენ ხელში აღმოჩნდა არაერთი ასეთი პატაკი, რომლებსაც აქვს გრიფი "საიდუმლო".

"მოგახსენებთ, რომ გაუთვალისწინებელი ფარული ხარჯების ასანაზღაურებლად ჩემზე რიცხული თანხიდან დღეისთვის გახარჯულია 5.694 ლარი. რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტები სიის მიხედვით პატაკს თან ერთვის. გთხოვთ თქვენს განკარგულებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოსადმი გახარჯული თანხის ჩამოწერის თაობაზე".

პატაკს ხელს აწერს პრეზიდენტის ოჯახის დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე თამარ სიხარულიძე (?!). პატაკს თან ერთვის გადახდის ქვითრები.

როგორც ჩანს, ოჯახის დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე თამარ სიხარულიძის ანგარიშზე იყო გარკვეული თანხა, რომელსაც ის საჭიროებისამებრ განკარგავდა და შემდეგ თანხის ჩამოწერას თემურ ჯანაშიას სთხოვდა. სიხარულიძე ჯანაშიას გაწეული ხარჯის შესახებ პატაკს ყოველთვე აბარებდა. ყველა ასეთ პატაკს გადახდილი ქვითრების ნუსხა Aან ასეთი შინაარსის დოკუმენტი ახლავს: "ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერებმა, მოქალაქე თამარ სიხარულიძემ, საქართველოში სტუმრად მყოფმა ესპანელმა სერხიო კალდერონ ლატასამ შევადგინეთ წინამდებარე აქტი იმაზე, რომ თამარ სიხარულიძემ თარჯიმან სალომე რამიშვილის თანდასწრებით სერხიო ლატასას გადასცა ოქტომბრის თვის მომსახურების ღირებულება 7.500 დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში, 13.176 ლარი, რაზეც ხელს ვაწერთ".

ესპანელი მზარეულისთვის 2010-2011 წლებში სულ 191.643 ლარი გადაიხადეს.

ირანელი სტილისტი

როგორც მასალებით ირკვევა, სააკაშვილს სტილისტი ირანიდან ჩამოჰყავდა. 1979 წლის 27 ივლისს დაბადებული ალი კამალი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიების მტკიცებით, ალი კამალი სააკაშვილის პირადი სტილისტი იყო და წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა საქართველოში. ის, ძირითადად, რჩებოდა სასტუმრო "კოპალაში". დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე ის რამდენიმე დღე რჩებოდა საქართველოში. მის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი - სასტუმრო, ბილეთები და სხვა მომსახურება - 125.070 ლარია.

სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2011 წლის 24 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა ბელორუსი ახალგაზრდა ქალი კრისტინა ვუსავა. ორ დღეში, კერძოდ, 27 აპრილს, თბილისს ეწვივნენ მისი და და დედაც - ქსენია და ნატალია ვუსავები. გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ დები ქსენია და კრისტინა ვუსავები არიან სტრიპტიზის მოცეკვავეები, მოდელები, ესკორტგოგონები. მათ სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში ბიუჯეტიდან 15.873 ლარი გადაიხადეს. დოკუმენტებით ჩანს, რომ ისინი სასტუმრო "რედისონში" ცხოვრობდნენ. ეტყობა, ყველა საკითხის მოგვარება და ხარჯის დაფარვა პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების დაცვის უფროს ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ ჭურღულაშვილს ჰქონდა დავალებული. ჭურღულაშვილმა თემურ ჯანაშიას უპატაკა, რომ მასზე რიცხული თანხიდან გაუთვალისწინებელი 6.668 ლარი იყო დახარჯული და მისი ჩამოწერა ითხოვა. იქვე მითითებული იყო, რომ ამ თანხიდან 384 ლარი გადაიხადა ორ წყვილ ბოტასში, რომლებიც პრეზიდენტის დავალებით შეიძინა.

"ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ლაფაჩიშვილმა და ჭურღულაშვილმა შევადგინეთ წინამდებარე აქტი მასზედ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შეძენილი ორი წყვილი ბოტასი (თითოეულის ღირებულება 192 ლარი) ნამდვილად გადაეცა პრეზიდენტს სტუმრის, ქრისტინა ვუსავას დასასაჩუქრებლად, რაზეც ხელს ვაწერთ".

ერთ-ერთი სტუმრის - 1971 წელს მოსკოვში დაბადებული ქსენია სოკოლოვას ჩამოსვლაც სახელმწიფოს სოლიდური თანხა დაუჯდა. ის პრეზიდენტს ეწვია, რამდენიმე დღე სასტუმრო "რედისონში" მის ცხოვრებაში კი 10.000 ლარი გადაიხადეს და არც ის წასულა პრეზიდენტისგან საჩუქრის გარეშე. პატაკის მიხედვით, სააკაშვილმა მისთვის ოქროს სამკაულის შეძენის ბრძანება გასცა. მისმა ქვეშევრდომებმა ზარაფხანაში 2.765 ლარად ღირებული ჯაჭვი და 69 ლარად ღირებული პატარა ლომი იყიდეს და პრეზიდენტს მიუტანეს სტუმრისთვის გადასაცემად. ქალბატონ სოკოლოვას სტუმრობა საქართველოს ბიუჯეტს 30.764 ლარი დაუჯდა.

უცხოეთში ვოიაჟები

ბრალდების მტკიცებით, 2009 წლიდან 2013 წლამდე სააკაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის ძვირად ღირებულ კლინიკებში, კერძოდ, ნიუ-იორკის, მიუნხენის კანისა და ლაზერული ქირურგიის ცენტრში, მილანის დერმატოლოგიისა და პლასტიკური მიკროქირურგიის კლინიკაში, ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში, ვაშინგტონის სამედიცინო ცენტრში, ლონდონის ლაზერულ და სტომატოლოგიურ კლინიკები ჩაიტარა კოსმეტიკური ეპილაციის, ნაოჭების საწინააღმდეგო ინიექციის, ბოტოქსის, მეზოთერაპიის, სახის გაახალგაზრდავების მრავალფეროვანი პროცედურები, ასევე სპაპროცედურები, ლაზერული გამოკვლევები, ლაზერული მკურნალობა, დერმატოლოგიური გამოკვლევები, დერმატოლოგიური მომსახურება, გასახდომი პროცედურები და სხვა, რაც ბიუჯეტს 721.000 ლარზე მეტი დაუჯდა. სოლიდური თანხა იხარჯებოდა სხვა ცნობილი ადამიანების გასახდომ პროცედურებსა და საზღვარგარეთ გართობებშიც. მაგალითად, გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და გასახდომი პროცედურებისთვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26.388 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88.919 ლარი; სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503.383 ლარი; სააკაშვილისა და უგულავასთვის ავსტრიაში "პორშეს", "მერსედესისა" და "აუდის" მარკის ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58.876 ლარი; იტალიაში, ვერონაში, სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45.214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის - 33.204 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში, იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25.237 ლარი; სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში შვიდი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49.499 ლარი, ხელით ნაკეთი ორი პიჯაკის შესაძენად - 7.994.84 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი მაჯის საათის შესაძენად გადახდილია 53.283 ლარი და ა.შ. ალანა გაგლოევას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სასტუმროს მომსახურებაში გადახდილია 6.401 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის, ნინა ქობალიას, სამგზავრო ბილეთების შესაძენად გადახდილია 38.247 ლარი.