როგორ გავზარდოთ სააბაზანოს ღრუბელი ხეზე - კვირის პალიტრა

როგორ გავზარდოთ სააბაზანოს ღრუბელი ხეზე

"ლუფის მოყვანა დასავლეთ საქართველოს რაიონებშიც შესაძლებელია"

ლუფა სითბოს მოყვარული მცენარეა, რის გამოც დედამიწის ყველაზე ნათელ, მზიან ადგილებში ხარობს - ძირითადად, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ჩვენს რეგიონში ის კავკასიასა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე იზრდება. ლუფის მწიფე ნაყოფისგან ამზადებენ საბანაო ღრუბელს, რომლითაც ყველა სხვა მცენარისგან გამოირჩევა. გვესაუბრება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე.

- ლუფა სპეციალისტებისთვის ძალზე საინტერესო მცენარეა. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ის კიტრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი იყო, მაგრამ მე-18 საუკუნიდან მეცნიერებმა გოგრისებრთა ოჯახს მიაკუთვნეს და ცალკე გვარად გამოყვეს. საერთოდ, ლუფა სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში იზრდება. დედამიწაზე მისი 20-მდე სახეობა ხარობს, თუმცა მათგან მეტ-ნაკლებად ცნობილია 8 სახეობა. მათგან უფრო კულტივირებული და გამოყენებულია ცილინდრული, ანუ ეგვიპტური ლუფა, და წახნაგოვანი ლუფა, რომელიც მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ: ინდოეთში, ინდოჩინეთში, აშშ-ში, ეგვიპტეში, ტროპიკულ ამერიკაში, იაპონიაში, მცირე აზიისა და შუა აზიის ზოგიერთ რეგიონში. კავკასიაში ის მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებშია გვხვდება.

- ცნობილია, რომ ლუფა ლამაზი მცენარეა.

- ის მართლაც ლამაზი, ეგზოტიკური მცენარეა და საკმაოდ მაღალი იზრდება - 3-დან 6 მეტრამდე. ეს გახლავთ ხვიარა, ლიანისებრი მცენარე, რომლის ფოთლები დანაკვთულია, ხოლო ყვავილები კაშკაშა ყვითელია. მცენარეს რუსულად "მაჩალკა" ჰქვია, ანუ ღრუბელი - ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ლუფის ნაყოფისგან ამზადებენ აბაზანის ღრუბელს, რომელსაც ფართოდ იყენებენ სუბტროპიკული და ტროპიკული ქვეყნების მცხოვრებნი.

- საქართველოში სად ხარობს ლუფა? - ამ მცენარეს მხოლოდ თბილი, მზიანი და ქარისგან დაცული ადგილები მოსწონს, ასეთი კლიმატი კი აფხაზეთსა და შავი ზღვის სანაპიროზეა. ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში ლუფა არ გვხვდება. ის სხვადასხვა ქვეყანაში დასავლეთ ინდოეთიდან გავრცელდა, თუმცა უკვე მე-7 საუკუნეში ჩინეთშიც პოპულარული იყო. აზიის ქვეყნებში მას საკვებადაც იყენებენ - უფრო მცენარის მოუმწიფებელ ნაყოფს, რომელიც წვნიანი და ქორფაა. ამიტომ ლუფას იყენებენ სუპების, სალათებისა და გარნირების დასამზადებლად. მართალია, კვებითი ღირებულება მაინცდამაინც მაღალი არ არის, მაგრამ დიდი რაოდენობით კაროტინს, ჩ ვიტამინს, რკინასა და ცილებს შეიცავს. ლუფის ნაყოფს უმეტესად იყენებენ აბაზანის ღრუბლების დასამზადებლად. მისი ღრუბელი განსაკუთრებით კარგია ალერგიული და დიათეზიანი ბავშვებისთვის, რადგან კანს არ აღიზიანებს. მისი ბოჭკოები მეტად ელასტიკურია და კანი დაცულია მავნე ზემოქმედებისგან. სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.

ლუფის ნაყოფი ბუნებრივი მასაჟორია. პირველად ასეთი ღრუბლის გამოყენება პორტუგალიელმა მეზღვაურებმა დაიწყეს - სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ ლუფის ნაყოფი აბაზანის ღრუბლის დასამზადებლად საუკეთესოა.

- კიდევ რისთვის იყენებენ ლუფის ნაყოფს? - ბოჭკოები იმდენად მჭიდრო და მტკიცეა, რომ ხელით ნაქსოვს ჰგავს. ამიტომ ხშირად იყენებენ წყლის ფილტრად, აგრეთვე ხალიჩების, მატრასების, საზაფხულო ქუდების დასამზადებლად. საბჭოთა პერიოდში ლუფა აშშ-დან შემოჰქონდათ დიდი რაოდენობით, მეორე მსოფლიო ომამდე კი სსრკ-ში ლუფას დიზელისა და ორთქლისძრავიან მანქანებში იყენებდნენ ფილტრად. ლუფის ნაყოფს კიდევ ერთი ღირსება აქვს: მას ვერაფერს აკლებს ცხელი და ცივი წყლის ზემოქმედება.

- როგორი კლიმატი მოსწონს ლუფას?

- უფრო ნესტიანი, რადგან წყლის მოყვარული მცენარეა. ეს ვეგეტაციის პერიოდზეც აისახება. მცენარეს ფართო ფოთლები აქვს, დიდი რაოდენობით მწვანე მასა უვითარდება, ფესვები კი ზედაპირული აქვს, ამიტომ ბევრ წყალს საჭიროებს. თუ ოჯახურ პირობებში მოვიყვანთ ლუფას, წყალი ბლომად უნდა მოვიმარაგოთ, რადგან მის ნერგებს წყლის დიდი მოთხოვნილება აქვს.

- ესე იგი, ლუფის გახარება შინაურ პირობებშიც შესაძლებელია? - როგორ არა: ახლა ხომ საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი ყველგან მომატებულია...

ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებს თუ შევუქმნით, დასავლეთ საქართველოს რაიონებში ლუფის მოყვანა შესაძლებელია,

ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ უყვარს ნოყიერი, ფხვიერი ნიადაგი, რომელსაც კარგი გამტარობა აქვს. ლუფა იოლად ხარობს, მაგრამ ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი აქვს, ამიტომ სასურველია, კიტრის ჩითილების მსგავსად, კონტეინერებში ჩავრგოთ. საამისოდ ყველაზე კარგი პერიოდი აპრილის დასაწყისია. ლუფა მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე აღმოცენდება, ამიტომ ჩითილები 40ო-ზე უნდა ვამყოფოთ, რათა აღმონაცენი სწრაფად განვითარდეს. მაღალი ტემპერატურის წყალობით, 5-6 დღის შემდეგ აღმონაცენი ჩნდება და როცა ქოთნიდან 5-7 პატარა ფოთოლი ამოიწვერება, ღია გრუნტში ან სათბურში გადააქვთ. ნერგებს შორის დაშორება 1-1,5 მეტრი უნდა იყოს, ორმოებს კი 40 სმ დიამეტრი უნდა ჰქონდეს. ცხადია, ნიადაგი კარგად განოყიერებული უნდა იყოს, რათა ნერგები სრულყოფილად განვითარდეს. ვინაიდან ლუფას გრძელი ნაყოფი აქვს და დაკიდებულია, ნიადაგს არ უნდა ეხებოდეს: მიწასთან შეხებისას სოკოვანი დაავადებები გაუჩნდება და ფორმასაც დაკარგავს - დაიგრიხება და ცილინდრული აღარ იქნება.

- რომელი სასუქი უნდა გამოიყენოს ფერმერმა, თუ ამ მცენარის მოშენება სურს? - როგორც სხვა მცენარეულ კულტურებს, ორგანული და მინერალური სასუქების მიშველება და განოყიერება სჭირდება. ნოყიერი ნიადაგი თავიდან ჩითილებს ესაჭიროება, მერე კი, ვეგეტაციისა და ზრდის პერიოდში, სასუქი ორჯერ მაინც უნდა მივაშველოთ. პირველი-ორი თვის განმავლობაში მორწყვა კვირაში ერთხელ მაინც სჭირდება, ხოლო შემდეგ - ივნის-ივლისიდან სექტემბრის დასაწყისამდე, კვირაში ორჯერ მაინც უნდა მოირწყას, სექტემბრის შუა რიცხვებიდან მორწყვას ანელებენ, რომ ნაყოფმა მომწიფება მოასწროს.

- ოჯახურ პირობებში ღრუბლების დამზადებაც შეიძლება? - ამისთვის სხვადასხვა სიმწიფის ნაყოფს იყენებენ. თუ უმწიფარს მოვკრეფთ, ღრუბელი უფრო ფაფუკი და ნაზი გამოვა, ხოლო თუ ჩალისფერ ან ყავისფერ, მწიფე ნაყოფს მოვკრეფთ, ღრუბელი უფრო უხეში დამზადდება. ნაყოფს 2-3 კვირას აშრობენ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. მერე კარგად ალბობენ, 4-5 დღის შემდეგ კანს აცლიან, გაფცქვნიან და საპნიანი წყლით რეცხავენ. მერე მზეზე დაკიდებენ, გააშრობენ და სასურველ ზომებად დაჭრიან. სათანადო პირობებში ლუფის მოშენება და მისი ნაყოფისგან აბაზანის ღრუბლის დამზადება თავისუფლად შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე