"მეცხვარეებს შირაქის საძოვრების ნაწილი მებაღეობამ წაგვართვა" - კვირის პალიტრა

"მეცხვარეებს შირაქის საძოვრების ნაწილი მებაღეობამ წაგვართვა"

"ქართველი მეცხვარეების შემოსავალი ცხვარზე გაწეული ხარჯის გამო არცთუ სოლიდურია. რასაც ვერ ვიტყოდით, მაგალითად, ჩვენებურ აზერბაიჯანელ მეცხვარეებზე, რომლებსაც გაცილებით მაღალი შემოსავალი აქვთ. მიზეზი მათი ცხოვრების წესია, საძოვრებზე ცოლ-შვილით მიდიან და არა დაქირავებული ხალხით"

ჩვენი ქვეყნისთვის მეცხვარეობა იმდენად უძველესი სამეურნეო დარგია, რომ საქმეში ჩაუხედავ კაცს აქ სირთულეები, ალბათ, ვერც წარმოუდგენია. არადა, სირთულეები არის და მერე როგორი! მიუხედავად ამისა, მეცხვარეობა ვითარდება და პროდუქცია უცხოეთის ბაზარზეც გადის. ჩვენში ყველაზე მეტი ცხვარი კახეთშია, საიდანაც ზაფხულობით ჯავახეთის ალპურ საძოვრებზე მიჰყავთ, ზაფხულში კი შირაქისა და ელდარის მდელოებზე. ამ საძოვრების ნაწილი ქართულმა მეცხვარეობამ სულ ახლახან, ბოლო წლებში დაკარგა, რაც, ცხადია, მის განვითარებას შეაფერხებს. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ჯავახეთის საძოვრებიდან ცხვრის ნაგვიანები ფარებიც მიეშურებიან ელდარისა და შირაქის საძოვრებისკენ, სადაც იანვარში დოლი დაიწყება. საგარეჯოელი მეცხვარე გიორგი კევლიშვილი მათ შორის არის, ვინც კახეთში ჯავახეთიდან გვიან შემოდგომით დაბრუნდა. ამის მიზეზად შირაქის საძოვრების ნაწილობრივ შემცირებას ასახელებს.

- საძოვრების დაკარგვამ ქართულ მეცხვარეობას იმხელა ზარალი მიაყენა, რომ საერთოდ ქართული ცხვრის გადაშენებაზე იყო საუბარი. მაგრამ მეცხვარემ როგორღაც მიაღწია, რომ ქართული ცხვარი უცხოეთში გავიდა. მეცხვარეებს ხელისუფლებაც ჰპირდებოდა ხელშეწყობას, მაგალითად, ფარების გადასარეკი ტრასების მოწყობას, შეიცვალა რამე?

- საძოვრებისკენ მიმავალი ტრასების მდებარეობა ხალხმა კარგად იცის და მე რომ ვთქვა, მათ პარალელურად ცხვრის გადასარეკი ტრასები გაკეთდა-მეთქი, ვინ დამიჯერებს? ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ტრასის მიმდებარე ბილიკები უფრო დავიწროვდა, რის გამოც ცხვრის გადარეკვა უფრო გაგვიჭირდა. ერთი ეგ არის, ტრასებზე რამდენიმე ადგილას ცხვრის სააბაზანო ცენტრები მოეწყო. ამ ადგილას მისულ ცხვარს დეზინფექცია უკეთდება დაავადებების თავიდან ასაცილებლად. გაზაფხულზე აცრებიც კეთდება - ეს საქმეც მოწესრიგებულია.

პრობლემა სხვა რამაა - მუშახელი. დღეს, როდესაც საქართველოდან ხალხი უცხოეთში მიდის სამუშაოდ, იმავე თანხისთვის სამუშაოდ ჩვენ მწყემსებს ვერ ვშოულობთ. მიზეზი ძნელი პირობებია...

თვეობით მთაში, ცხვართან ყოფნა, მათ გვერდით დარსა და ავდარში ნაბდით ძილი... ამ ძნელ პირობებს ადამიანმა რომ გაუძლოს, ან ბავშვობა ჩემსავით მეცხვარეობაში უნდა ჰქონდეს გატარებული, ან ბევრად მეტი ხელფასი მიიღოს, რასაც ცხვრის მეპატრონე მწყემსს ვერ აძლევს. მართალია, ცხვრის ფასმა აიწია და უცხოეთშიც გაჰყავთ, სამაგიეროდ, ცხვრის შენახვის ხარჯია დიდი. როდესაც მეცხვარეს რამდენიმე მწყემსი, მასთან ერთად მზარეული სჭირდება საძოვარზე, ხარჯი იმდენს შეადგენს, რომ მწყემსის ხელფასს უფრო მეტად ვეღარ ზრდის. წლეულს მწყემსის ხელფასი 1.000 ლარია თვეში და ცხვარიც ეძლევა, მაგრამ დღედაღამ გზასა და მთაში ყოფნისთვის ეს არ არის საკმარისი.

- ანუ მეცხვარის შემოსავალი დაბალია? - მისი მძიმე შრომის შესაფერისი ნამდვილად არ არის, მით უფრო ბოლო წლებში, როდესაც ჩვენი ცხვრის უცხოეთში გაყვანა შემცირდა. 2013 წლიდან ექსპორტის მოცულობამ კატასტროფულად დაიკლო, თუმცა წლეულს შედარებით უკეთესი ვითარება იყო.

- ორიოდე წლის წინ მეცხვარეები ამბობდნენ, ჩვენი ცხვარი უცხოეთში აღარ მიჰყავთ, ტყუილად ვშრომობთ, თუ ასე გაგრძელდა, ქართული ცხვარი გადაშენდებაო. ახლა რა სიტუაციაა? - დღეს ჩვენი ცხვარი ირანში, არაბეთში, აზერბაიჯანში, ქუვეითსა და ყატარშიც კი გადის. ამით იქნებ ჩვენი ბედის ჩარხიც შემობრუნდეს. ხალხი მოდის და ცხვარს ადგილზევე ყიდულობს. დაკლული ცხვარი ირანში გააქვთ. ამ ქვეყანაში პირუტყვის დაავადების ეშინიათ და ცოცხალ პირუტყვს არ იღებენ. ხარისხიან ქართულ ბატკანში უცხოელები 300 ლარს იხდიან, რის შემდეგაც გემით ან თვითმფრინავით მიჰყავთ. ამხელა ფასის ფონზე ცხვრის მოვლა-პატრონობას ძალიან დიდი ხარჯი რომ არ სჭირდებოდეს, მეცხვარე ყველაზე მდიდარი კაცი უნდა იყოს საქართველოში. თუმცა ასე არ არის, რასაც ცხვრის მატყლისა და ტყავის ტყუილად გადაყრაც უშლის ხელს.

გულდასაწყვეტია, ქართველ მეცნიერებს მატყლის წარმოებისთვის ისეთი წმინდამატყლიანი ცხვარი ჰყავდათ გამოყვანილი, რომ მისგან ნაწარმოები პროდუქცია საუცხოოო იქნებოდა. ახლა მატყლის გაუფასურების გამო არ ვიცით, ეს ჯიში კიდევ არსებობს თუ არა. ასე რომ, ქართველი მეცხვარეების შემოსავალი ცხვარზე გაწეული ხარჯის გამო არცთუ სოლიდურია. რასაც ვერ ვიტყოდით, ჩვენებურ აზერბაიჯანელ მეცხვარეებზე, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ. მიზეზი მათი ცხოვრების წესია, საძოვრებზე ცოლ-შვილით მიდიან და არა დაქირავებული ხალხით. ოჯახები ეხმარებიან შრომაში და შემოსავალიც ოჯახშივე რჩება. ამიტომაც აიშენეს იორმუღანლოში მშვენიერი სახლები ცხვრის შემოსავლით, ჩვენს სოფელში კი, გიორგიწმინდაში, სამი ახალი სახლი ძლივს გაჩნდა.

- მაინცდამაინც სახარბიელო რეალობა ვერ არის, იმედია, გამოსწორდება... ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებიდან კახელი მეცხვარეები მეტად გვიან ბრუნდებით საგაზაფხულო საძოვრებზე, ელდარსა და შირაქში. რატომ? - ასე გვიანობამდე ცივ ჯავახეთში ბალახისთვის ვრჩებით. Mმიუხედავად იმისა, რომ ახლა ჯავახეთში ყინავს, იქ ცხვარს ბევრად მეტი ბალახი აქვს, ვიდრე შირაქსა და ელდარში.

მიზეზი მარტივია - შირაქის საძოვრების ნაწილი მებაღეობამ წაგვართვა. ამჟამად აქ ნუშის ბაღებია გაშენებული და ცხვარი ვეღარ ძოვს. ნუშს რა სჯობია, კარგია, მაგრამ მებაღეობით მეცხვარეობის დარგი სუსტდება. ბატკანი თუ კარგად ნაძოვარი არ არის და გამხდარია, არავინ იყიდის.

- დოლი როდის გაქვთ? - იანვარში. კახელი მეცხვარეები დოლს ელდარის საძოვრებზე ვიბარებთ და სწორედ ამ დროს გვავიწყდება მეცხვარეობის ყველა პრობლემა. დედასა და ბატკანზე უკეთესი სანახავი მეცხვარისთვის არაფერია. სხვათა შორის, ჩვენებური მეცხვარეები ყველს არ ვაკეთებთ, ცხვრის რძით მხოლოდ და მხოლოდ ბატკანს ვკვებავთ, რათა ჯანმრთელი იყოს.