"ოჯახი რომ შევქმენი, რაღაცებს ცოტა სხვანაირად შევხედე... წინ გავიხედე, ცხოვრების სტილი შევიცვალე და ჩვენს კუთხეში დავბრუნდი..." - კვირის პალიტრა

"ოჯახი რომ შევქმენი, რაღაცებს ცოტა სხვანაირად შევხედე... წინ გავიხედე, ცხოვრების სტილი შევიცვალე და ჩვენს კუთხეში დავბრუნდი..."

"ჩემი პროფესიითაც ვსაქმიანობ, ლაგოდეხში სტუდია დავაარსე და ბავშვებს ცეკვას ვასწავლი. მეუღლეც აქვე დასაქმდა. ადვილად მოვახერხეთ ამ გარემოსთან ადაპტაცია. მე აქ ვარ გაზრდილი და არ გამჭირვებია, მეუღლისთვის კი არ იყო ადვილი, რადგან უცხო გარემოში აღმოჩნდა..."

საეკლესიო გალობასა და ქართულ ხალხურ სიმღერას შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში სწავლობდა. ლოტბარ-შემსრულებელი კაკი ლობჟანიძე ორ სახელმწიფო ანსამბლში, "ერისიონსა" და "რუსთავში" ცეკვავდა, მარნეულში ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა. შემდეგ დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად თბილისის დატოვება გადაწყვიტა. ლაგოდეხში, ნაკრძალთან, ოჯახის კუთვნილ მიწის ფართობზე დასახლდა და მეურნეობაც წამოიწყო. მეურნეობის მთავარი მიმართულება კენკროვანი კულტურებია.

- კაკი, რატომ დაანებეთ თავი ცეკვას?

- ოჯახმა სოფლად გადასვლა გადავწყვიტეთ. მანამდე ერთ წელიწადს კი ვიარეთ თბილისიდან, მაგრამ ბავშვის დაბადების შესახებაც რომ შევიტყვეთ, ეს ამბავი დავაჩქარეთ. რაჭისუბანი ლაგოდეხს მიბმული პირველივე სოფელია. გვაქვს სახლი და სახნავ-სათესი, მაგრამ მე სახლი იქ ავაშენე, სადაც მოსავალი მომყავს. პატარა სოფელია, ორ ქუჩაზე 40 კომლი ცხოვრობს. ჩვენი მეურნეობა განაპირას არის, შეიძლება ითქვას, მესამე ქუჩას ჩავუყარე საფუძველი, ახალი მოსახლე ვარ.

- არის პერსპექტივა, სხვებიც დასახლდნენ?

- კი, ამ ადგილს ტურისტულადაც დიდი პერსპექტივა აქვს. მდიდარი მხარეა მრავალფეროვანი ბუნებით...

- რაჭისუბანში რაჭველები ცხოვრობენ?

- გადმოცემით, რაჭველი მზარეულები სამუშაოდ აზერბაიჯანის სოფლებს გამოუყვნენ. საქართველოში რომ შემოვიდნენ, ეს ადგილი მოეწონათ - მთის ძირას იყო, წყალუხვიც იყო, ბუნებაც რაჭას წააგავდა და შინ შეტყობინება გაგზავნეს, კარგ ადგილას დავსახლდით, საცხოვრებლად ვარგისიაო. ის დრო იყო, როცა გაჭირვების გამო სოფლები იცლებოდა და ხალხი საცხოვრებლად ბარში გადმოდიოდა. ჩვენც რაჭველები ვართ - წინაპრები ონის რაიონიდან არიან, იქ სოფელიც გვაქვს.

- ახალგაზრდა ოჯახის თბილისიდან სოფელში გადასვლა არ არის რთული?

- 13 წლის განმავლობაში თბილისში ვსწავლობდი და მერე სახელმწიფო ანსამბლებში ვცეკვავდი. ოჯახი რომ შევქმენი, რაღაცებს ცოტა სხვანაირად შევხედე. ცეკვით ოჯახს ვერ შეინახავ, წლებიც გემატება, შვილის დაბადების მოლოდინმაც იმოქმედა, სასურველია, ბავშვი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს. წინ გავიხედე, ცხოვრების სტილი შევიცვალე და ჩვენს კუთხეში დავბრუნდი.

გვქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც სხვადასხვა კულტურა მოჰყავდათ, სიმინდი, ხორბალი, ქერი. მიწას მეზობლები იყენებდნენ. მთლიანობაში 2,5 ჰექტარია, პირდაპირ კავკასიონის ძირასაა. ამ ფართობზე მრავალწლოვანი კულტურის მოშენება გვინდოდა. უფრო მევენახეობისკენ ვიხრებოდით, მაგრამ გვაფიქრებდა, რომ სარისკო იყო - 3-4 წელიწადს უნდა ელოდო, თან არცთუ დიდი ფართობია და არ ღირდა. შესაძლოა მოსავალი სეტყვამაც გაგინადგუროს.

როგორც გავარკვიეთ, სწრაფ შედეგს რაც მოგვცემდა, თანაც უდანაკარგოდ, კენკროვანი კულტურები იყო. სამ წელიწადში სრულ მოსავალს იძლევა. უფრო მეტი ჟოლო გვაქვს, ასევე მარწყვი და მაყვალი.

ჩავყარეთ კაკლის, თხილის, ქლიავის ხეები, ჩრდილი უყვარს კენკრას...

- ბოსტნეული არ მოგყავთ?

- კი, ამისთვის 1000 კვადრატი მაქვს გამოყოფილი. ოჯახისთვის ლობიო, კარტოფილი და სხვადასხვა რამ მოგვყავს. მინდოდა ჯანსაღი პროდუქტი მომეწია და როცა ცხოვრება, ბუნება გაძლევს ამხელა საჩუქარს, ეს უნდა გააკეთო. ყოველდღე ვუყურებთ, როგორ იზრდება ჩვენი დარგულ-მოვლილი პროდუქტი. ჟოლოს ნარგავები უკვე სამი წლისაა. ახლა სარეველასთან ბრძოლაში ვართ ჩართული. პირველი ხუთი წელი სჭირდება, რომ ბაღიდან ამოძირკვო.

- მუშახელს თუ იხმართ?

- ჩემი ოჯახი აუდის ყველაფერს. მართალია, იდეა ჩემი იყო, მაგრამ ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი მაინც მამაჩემია. ჟოლოს 10 000 ძირით დავიწყეთ და დღეს 50 000 ძირი იქნება. ამ კულტურას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რომ რამე არ "ეწყინოს". წლეულს მესამე წელი იყო და კარგი მოსავალი ავიღეთ. უკვე კლიენტების სია მაქვს ჩამოწერილი, ვინც ვერ დავაკმაყოფილეთ. გასაყიდად თბილისშიც გავიტანეთ და აქაურ ბაზარზეც. დამხმარე ძალას მხოლოდ საკრეფად ვიხმართ, წლეულს სამი ოჯახი გვყავდა დასაქმებული. ჟოლო სხვა კულტურებთან შედარებით დაფასებულია, ძვირი პროდუქტია. კარგია, რომ მისი ფასი გაწეულ შრომას ესადაგება. რომც დაისეტყვოს, ორი კვირა სჭირდება, რომ ახალი ნაყოფი გამოიღოს.

- ნაკრძალთან უამრავი მტაცებელი და გარეული ცხოველი ბინადრობს: მელა, ტურა, მგელი, დათვი, ტახი... არ არის საშიში?

- ჩემს ტერიტორიას ღობე ყოფს ნაკრძალისგან. ჩემი კარიდან რომ გამოვდივარ, ტყეში შევდივარ. ბევრჯერ შემშინებია, რადგან რამდენჯერმე დამაღამდა ტყეში. სარწყავი წყალი მოდის ტყიდან, რომელსაც ორი სოფელი იყენებს. როცა ნარგავებს წყალი მეტად სჭირდება, ტყეში წასვლა მიწევს წყლის გადმოსაგდებად. ჟოლო ყოველდღე თუ არ მოირწყა, ნაყოფზე ცუდად აისახება. მოკლედ, ტყეში დამაღამდა და ტურების წრეში ამოვყავი თავი... ტყეში როცა ამდენი ცხოველი ბინადრობს, დღეც საშიშია. ეს მისტიკურიც არის, სასიამოვნოც, დილას ჩიტების ჭიკჭიკი, გალობა გაღვიძებს. ასეთ ხმას ქალაქში ვერ გაიგონებ. აქ საოცარი სიმშვიდეა, საარსებო საშუალებას კი ჩემი მეურნეობა მაძლევს. მოკლედ, ჩემს თავს ტყის კაცად წარმოვიდგენ ხოლმე. აქაურობა ფიქრის საშუალებასაც მეტად მაძლევს.

- მოკლედ, ტურები გინახავთ...

- კი, მგელის კი მხოლოდ ნაკვალევი. ტურები სოფელშიც დადიან, ოღონდ ჯგუფურად არ იციან შემოსვლა. ერთად, ცხადია, საშიში არიან.

- ასეთ ადგილას ცხოვრება რას აძლევს თქვენს ახალგაზრდა ოჯახს?

- უპირველესად გამოცდილებას ბევრ საკითხში და არა მარტო მიწაზე მუშაობაში. ჩემი პროფესიითაც ვსაქმიანობ, ლაგოდეხში სტუდია დავაარსე და ბავშვებს ცეკვას ვასწავლი. მეუღლეც აქვე დასაქმდა. ადვილად მოვახერხეთ ამ გარემოსთან ადაპტაცია. მე აქ ვარ გაზრდილი და არ გამჭირვებია, მეუღლისთვის კი არ იყო ადვილი, რადგან უცხო გარემოში აღმოჩნდა. ჩემთან ერთად მოუხდა ახალი მეგობრების შეძენა. მადლობა ჩემს მეუღლეს, მარიამ უზნაძეს. ბავშვი წლისა და 6 თვის არის. ალექსანდრე ყველაზე ბედნიერია, ზუსტად იცის, სად უნდა მივიდეს, რომ მისთვის სასურველი ტკბილეული დახვდეს. თავისი მომავალი სახლ-კარი უყვარს და მიხარია. ჩვენს ტერიტორიას რომ მივუახლოვდებით, ცნობს... მიხარია, რომ ჩემი ხელით მოწეულს და დაკრეფილს ვაჭმევ. მინდა უყვარდეს სოფელი, ბაღი, ბუნება, გარემო... ამ ყველაფერს როგორი მოვლა და შრომა სჭირდება, თანდათან ისწავლის.

- რას ურჩევთ დამწყებ მეურნეებს?

- მნიშვნელოვანია დაიწყონ. თუ არ დაიწყე, შედეგებზე ლაპარაკი გამორიცხულია. თუ 100%-ით არა ხარ ჩართული იმ საქმეში, რასაც აკეთებ, არაფერი გამოვა. მწვანილი რომ მწვანილია, იმასაც თავისებური მოვლა სჭირდება. დარგო ხე და არ მოუარო, ეგრე არ არის. ამ ყველაფერს აზარტში შეჰყავხარ და უნდა აჰყვე. პანდემიის წყალობით ხალხმა სოფლისკენ გაიხედა. სოფლის მეურნეობის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას საკუთარი ბაზარი ჰქონდეს.