"დასუსტებულ ევროპას არ შეუძლია სერიოზული ფასი გადაახდევინოს პუტინს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"დასუსტებულ ევროპას არ შეუძლია სერიოზული ფასი გადაახდევინოს პუტინს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"ევროპა დღეს არასტაბილურობის ეპოქაში შედის და, ცივი ომის დროიდან, მტრული ძალების წინაშე ყველაზე მოწყვლადად გამოიყურება. ევროკავშირის სისუსტეები ამჟამად სულ უფრო აშკარად ჩანს, რასაც გარეშე საფრთხეები და შიდა უთანხმოება განაპირობებს", - ნათქვამია ბრიტანული "გარდიანის" (THE Guardian) სტატიაში სათაურით -  "დასუსტებული ევროპა არასტაბლური ხდება, გლობალურ მტაცებელს სისხლის სუნი სცემს" (ავტორი - საიმონ ტისდოლი, პოლიტიკური მიმომხილველი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, მაგალითად, ფრანგი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გრძნობს ევროპის წინაშე მდგარ ყველა საფრთხეს, "მაგრამ მათ გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ვერ მოუხერხებიათ".

მიგრანტების პრობლემა, რომელსაც ბელარუსი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირზე ზეწოლისათვის იყენებს, ცხადია, აღმაშფოთებელია. ამის გამო, ევროპელი ლიდერები არასასიამოვნო დათმობაზე წავიდნენ - კერძოდ, ანგელა მერკელი იძულებული გახდა, ლუკაშენკოს დალაპარაკებოდა (თუმცა ეს დათმობა ბანდიტის მიმართ მხოლოდ დროებითია). გარდა ამისა, არასტაბილურობის განცდას ქმნის რუსი პრეზიდენტის აგრესიული დამოკიდებულება უკრაინის მიმართაც, რაც, სავარაუდოდ, ცუდი ამბების მომასწავებელია დონბასში და შავი ზღვის აკვატორიაში.

კარგს ვერ უწოდებ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობასაც, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მმართველობის მეთოდების წყალობით. როცა იგი გასულ წელს ევროკავშირის წევრებს - საბერძნეთსა და კვიპროსს ემუქრებოდა, მხოლოდ საფრანგეთმა გაგზავნა თავისი სამხედრო გემები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის "დასაშოშმინებლად", სხვები კი - გულხელდაკრეფილნი უყურებდნენ სიტუაციას.

რეჯეფ ერდოღანი, ასევე, ერევა უკრაინისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტებში, რომელიც 2020 წლის ომის შემდეგ, პერიოდულად, იფეთქებს ხოლმე (ინციდენტი გასულ კვირასაც მოხდა). თავის მხრივ, ბრიუსელი იძულებულია, ანკარის თვითნებობა მოითმინოს, რადგანაც თურქეთს ხელი მიგრანტების ტალღის გაშვების ღილაკზე უდევს", - წერს ავტორი.

თუ ევროპელები თვითონ არ შეუდგებიან თავიანთი დასავლური დემოკრატიული ფასეულობების დაცვას, მათ ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს. დღეისათვის დიდი ბრიტანეთისაგან დახმარების იმედიც აღარ არის, რომელიც ევროპის პერიფერიად არის გადაქცეული და ევროკავშირისათვის მოკავშირედ აღარ ითვლება.

"ევროპაში არასტაბილურობის ეპოქის დადგომა ბევრად არის განპირობებული იმ მოვლენებით, რომელიც ევროკავშირის მიღმა გაჩნდა. ცოტა თუ ვინმე ივარაუდებდა იმას, რის გაკეთებასაც დონალდ ტრამპი ცდილობდა და რასაც ფრანკლინ დელანო რუზველტი "დემოკრატიის არსენალს" უწოდებდა. ასევე, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა იმას, რომ ჩინეთი ასეთ დომინირებად და გლობალურ კონკურენტად იქცეოდა, ეკონომიკური თვალსაზრისით.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი ხედავს ევროპის სისუსტეს და მის წევრებს შორის გაჩენილ უთანხმოებას: "მტაცებელს სისხლის სუნი სცემს". რუსეთი წინასწარგანზრახულად ახდენს ზეწოლას ევროპის გაზით უზრუნველყოფის სფეროში. ფარული კიბერშეტევები ხომ რუსეთის ტრადიციად იქცა. მოსკოვი კოსმოსური თანამგზავრების წინააღმდეგ მიმართული ახალი რაკეტების გამოცდას ახორციელებს და დედამიწის ორბიტაზე "ხულიგნობს", ევროპას კი იმის თავი არ აქვს, რომ რუსეთს ამგვარი მოქმედება შეაწყვეტინოს. ევროპას არ შეუძლია სერიოზული ფასი გადაახდევინოს ვლადიმერ პუტინს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, რუსული დემოკრატიის განადგურებისთვის, უცხოეთის ქვეყნების არჩევნებში ჩარევისთვის, ალექსი ნავალნისა და სხვა ოპონენტების მკვლელობის მცდელობისათვის ევროპის მიწაზე", - წერს "გარდიანში" საიმონ ტისდოლი.

"ახლა, როცა საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობისათვის ემზადება, ისმება კითხვა - გააცნობიერებენ თუ არა ევროპის სხვა ლიდერები ამ კრიტიკულ მომენტს და დაუჭერენ თუ არა მხარს ემანუელ მაკრონს? ზვიგენების, გველების და სხვა საშინელი მონსტრების გარემოცვაში ევროპის დამოუკიდებლობისა და ფასეულობების დაცვა ამჟამად უდიდეს მნიშვნელობას იძენს", - ასკვნის პუბლიკაციის ავტორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ