"მეორე მსოფლიო ომის ექო: როგორ ამოყარა ვულკანმა ოკეანის ფსკერიდან იაპონური "გემი-მოჩვენებები" - კვირის პალიტრა

"მეორე მსოფლიო ომის ექო: როგორ ამოყარა ვულკანმა ოკეანის ფსკერიდან იაპონური "გემი-მოჩვენებები"

"ამას წინათ წყნარ ოკეანეში საინტერესო მოვლენა მოხდა: კუნძულ ივოძიმასთან ზღვის ფსკერიდან თითქმის ოცმა ხომალდმა-მოჩვენებამ "ამოყვინთა". ნუ შევაფასებთ ამ ფაქტს მისტიკურად - ყველაფრის მიზეზს კუნძულის ახლოს მდებარე წყალქვეშა ვულკანის - ფუკუტოკუ-ოკანობას სეისმური აქტიურობა წარმოადგენს, რომელმაც წყლის ზედაპირზე ის სამხედრო ხომალდები და სატრანსპორტო გემები ამოაცურა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მომხდარი გრანდიოზული ბრძოლების მომსწრენი და მონაწილენი არიან", - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით - "მეორე მსოფლიო ომის ექო: როგორ ამოყარა ვულკანმა ოკეანის ფსკერიდან იაპონური "გემი-მოჩვენებები".

"ივოძიმისთვის ბრძოლა აშშ-სა და იაპონიას შორის 36 დღეს გრძელდებოდა და წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ-ერთი, ყველაზე სისხლიანი ბატალიების სახელით არის ცნობილი. მასში 70 ათასი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მონაწილეობდა, რომლებსაც კუნძულზე არსებული ბუნებრივი გამოქვაბულებიდან და ხელოვნურად აგებული ბუნკერებიდან იაპონელი ჯარისკაცების გამოდევნა ბრძოლით მოუხდათ. ამერიკელებს 7 ათასი ჯარისკაცი დაეღუპათ (დაიჭრა 20 ათასი), იაპონელთა სამხედრო გარნიზონი კი - თითქმის, 20 ათასი ჯარისკაცი, მთლიანად განადგურდა (200 სამხედრო მოსამსახურის გარდა, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ).

რაც შეეხება "ხომალდ-მოჩვენებებს", ისინი ოკეანეში ბრძოლის დროს არ ჩაძირულან, უბრალოდ, ამერიკელებმა თავდაპირველად არ იცოდნენ, თუ რა ექნათ ომის დროს ხელში ჩაგდებული იაპონური გემებისათვის. მოგვიანებით მათ ისინი თანმიმდევრობით ჩაძირეს კუნძულის ირგვლივ, ტალღების ძალის შესუსტების მიზნით, რათა საზღვაო ქვეითებს, დესანტის სახით, კუნძულზე გადასვლისა და საბრძოლო ტექნიკის გადატანის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

მართალია, მეორე მსოფლიო ომი დიდი ხანია, დასრულდა, მაგრამ მოუსვენარი ვულკანი ბრძოლას განაგრძობდა, აგვისტოდან კი - "შეტევაზეც გადავიდა": ლავასთან ერთად, ოკეანის ფსკერიდან გემების დაჟანგული ჩონჩხებიც ამოჰყარა და პატარა, ნამგლისებრი კუნძულიც შექმნა. თუმცა, როგორც იაპონელი ვულკანოლოგი - სეცუი ნაკადა ამბობს, "პემზისა და ფერფლისაგან შექმნილი მსგავსი კუნძულები დიდხანს არ "ცოცხლობენ", ისინი ეროზიის შედეგად მალე ქრებიან".

ივოძიმაზე არის, აგრეთვე, მთა სურიბატი, რომელიც ვულკანის ყელს წარმოადგენს. მეცნიერები მას დედამიწის ყველაზე საშიში ვულკანების ათეულს მიაკუთვნებენ. კუნძულის სეისმურ აქტიურობას მეცნიერები დიდი ამოფრქვევის მომასწავებლად მიიჩნევენ.

"კუნძულის ირგვლივ ოკეანის წყლის ქიმიური შემადგენლობა მკვეთრად იცვლება, რაც ვულკანის აქტიურობას ადასტურებს", - განაცხადა სეცუი ნაკადამ ერთ-ერთ ბოლო ტელეინტერვიუში, - "ასე რომ, ივოძიმაზე ძლიერ ამოფრქვევას უნდა ველოდოთ".

ფსკერიდან "ამოყვინთული" და მზის სინათლეს მონატრებული "ხომალდი-მოჩვენებები", როგორც ჩანს, კუნძულზე დიდხანს დარჩებიან, მაგრამ - მნახველების გარეშე. ივოძიმა ამჟამად დაუსახლებელია, ეგზოტიკის მოყვარულ ტურისტებს იქ არ უშვებენ, მაგრამ, არა იმდენად სახიფათო ვულკანის, არამედ - დიდი რაოდენობის აუფეთქებელი ნაღმებისა და ბომბების გამო, რომლებიც იქ მეორე მსოფლიო ომის დროიდან დარჩა", - ნათქვამია პუბლიკაციაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ