"დიდი შანსია, სწორედ C ჰეპატიტი გახდეს კოვიდის გართულების მიზეზი" - კვირის პალიტრა

"დიდი შანსია, სწორედ C ჰეპატიტი გახდეს კოვიდის გართულების მიზეზი"

ამერიკული კომპანია "გილიარდის" თანადგომით საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო უფასო პროგრამა გრძელდება, მის პარალელურად კი, C ჰეპატიტის პრევენციისთვის, პაციენტთა ორგანიზაციებიც განაგრძობენ კამპანიას სლოგანით - "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!" მის განხორციელებაში C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ჯგუფებს დაავადებათა კონტროლის ეროვნეული ცენტრის უჭერს მხარს.

რას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც კვლავ შეახსენებს საქართველოს მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, რაც, უპირველესად, C ჰეპატიტის სკრინინგს ითვალისწინებს, ხოლო ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში - მის მედიკამენტოზურ მკურნალობას - სრულ განკურნებამდე!

ვესაუბრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს მარინა თოფურიძეს.

- ქალბატონო მარინა, რატომ გახდა საჭირო ახლა, ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ, ამ საინფორმაციო და სკრინინგ-პროექტის განხორციელება, თანაც - საქართველოს მასშტაბით?

- თავად C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელმაც საშუალება მისცა ადამიანებს, ქვეყანაში, სადაც ჩ ვირუსით ძალიან ბევრი გვყავდა ინფიცირებული, უფასოდ ჩაეტარებინათ გამოკვლევები და ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, უახლესი მედიკამენტებით უფასოდ ემკურნალათ.

პროგრამა ბევრ საკითხს აერთიანებს - დაავადებათა კონტროლის სახელმწიფო ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთელმა სახელმწიფომ, გარდა ვირუსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისა, მრავალი კუთხით განავითარა მომსახურების სერვისები, თანაც, არა მარტო დედაქალაქში - ყველა მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა რეგიონებისთვისაც, ასევე, განავითარა ვირუსის გამოვლენის მიმართულება, გადაამზადა სამედიცინო სექტორი და ა.შ.

სტრატეგია, რომელიც ამ დაავადებასთან საბრძოლველად შემუშავდა, მოიცავდა ბევრ კომპონენტს, რომლის პირველი და აუცილებელი ნაწილი გახლდათ კომუნიკაცია და ადვოკატირება. ერთი ფაქტია - რაც გინდა ხელმისაწვდიმი იყოს მკურნალობა - შენთან ახლოს, რეგიონში და ა.შ. აუცილებელია, ადამიანებმა კარგად გაითავისონ, რა დაავადებასთან აქვთ საქმე, იცოდნენ მისი რეალური რისკები და მიიღონ მართებული გადაწყვეტილება - დროულად ჩაიტარონ გამოკვლევა, აქვთ თუ არა ეს ვირუსი და შემდეგ, თუკი გამოუვლინდათ დაავადება, ასევე, დროულად ჩაიტარონ მკურნალობა, რომელიც ინიექციას და მძიმე გვერდითი მოვლენებით ხანგრძლივ მკურნალობას კი არ ითვალისწინებს, არამედ - 3-თვიან მკურნალობას აბით და იშვიათად - უმნიშვნელო გვერდით ეფექტებს. ეს გვიჩვენა, დაადასტურა საქართველოში ელიმინაციის პროგრამით ნამკურნალები და გამოჯანმრთელებული უამრავი ადამიანის მაგალითმა. მარტივად რომ ავხსნა, ვთქვათ, თუკი შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობის შედეგად ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში მხოლოდ მცირდება, C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამა გვთავაზობს სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობას, რომელიც სრულიად ანადგურებს ვირუსს.

- მიუხედავად ხელმისაწვდომობისა, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი გაურბის სკრინინგსაც კი - ხელმისაწვდომ არჩევანს, შეიტყოს, აქვს თუ არა C ჰეპატიტი! საკუთარი ჯანმრთელობისადმი ადამიანების უყურადღებობას (ფინანსების უქონლობას ვერავინ დააბრალებს!) და უპასუხისმგებლობას, როდესაც შეიძლება, უნებლიეთ დაასნეულო სხვა, რადგან არ იცი, გაქვს თუ არა C ჰეპატიტი, რომელიც სისხლით გადადის (მსხვერპლი შეიძლება საკუთარი მშობელი, შვილი, მეუღლე, და-ძმა ან უცნობი ადამიანიც კი აღმოჩნდეს!), დაერთო საყოველთაო კოვიდპანდემია, რომელიც, დაწყებული უამრავი ადამიანის გარდაცვალებით, ყოველდღიურად უდიდეს დარტყმას გვაყენებს ყველა თვალსაზრისით. როგორც ვიცი, სწორედ პანდემიის გამოც, ბევრი მოერიდა სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტს. მინდა, ვისაუბროთ ხანმოკლე პროექტზე, რომელიც განკურნებულ პაციენტთა თემებმა დაიწყეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და რომელშიც თავადაც ხართ ჩართული. პროექტის წევრები, რომლებმაც ელიმინაციის პროგრამით დაამარცხეს C ჰეპატიტი, ახლა სხვებს ეხმარებიან - აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ და ურთიერთობენ მოსახლეობასთან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში.

- რატომ გადაწყდა, რომ სწორედ განკურნებულ პაციენტებს უნდა ეტვირთად ეს მისია და არა, ვთქვათ, ადამიანთა ჯგუფს, თუნდაც, სამედიცინო სექტორიდან?

- ძალიან კარგი კითხვაა. დავიწყებ კოვიდპანდემიით, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევაა. მან ყველა სფეროზე იქონია ზეგავლენა და, რა თქმა უნდა - ჯანდაცვაზეც. ჯანდაცვის კუთხით ბევრმა საკითხმა უკან დაიხია, იქნება ეს სხვა ვაქცინაცია, კიბოს სკრინინგი თუ - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ან სხვა რამ. პანდემიის გამო არსებული მნიშვნელოვანი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსახლეობა ისევ გადაერთო ჯანმრთელობის კუთხით სხვა წუხილებზე. ამან კვლავ ამოატივტივა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი საწუხარი - C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლა. მოსახლეობას უნდა შევახსენოთ, რომ, მიუხედავად კოვიდინფექციისა, C ვირუსი არსად წასულა და მასთან გამკლავება ადამიანს უკვე კოვიდის პარალელურად უწევს. C ჰეპატიტის დამარცხებით იგი კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და უფრო იოლადაც შეძლებს კოვიდთან შებრძოლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, მათ შორის - C ჰეპატიტიანებში, ძალიან ხშირი არის კოვიდის გართულებები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი კოვიდთან ბრძოლა C ვირუსის დამარცხებით დავიწყოთ და, რასაკვირველია, ჩავიტაროთ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა.

2015 წლიდან და მანამდეც, ვიდრე ელიმინაციის პროგრამა დაიწყებოდა, პაციენტთა თემები ძალიან აქტიურობდნენ, რადგან ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც მკურნალობას საჭიროებდნენ და ვინც მოითხოვდნენ ხელისუფლების ყურადღებას. პროგრამით პირველ ეტაპზე მოწოდებული შეზღუდული რაოდენობის მედიკამენტებით პირველად სწორედ მათ ჩაუტარდათ მკურნალობა - ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, ფაქტობრივად, პროგრამამ მათ სულზე მოუსწრო. ისინი იბრძოდნენ სიცოცხლისთვის და, საბედნიეროდ, გადარჩნენ. მათ შორის იყვნენ ადამიანები, მადლიერები და მოწოდებულნი იმისთვის, რომ სხვებსაც დახმარებოდნენ, სხვებისთვისაც მოეყოლათ თავისი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე სიარულის ამბავი და აეხსნათ, რა ვერაგი დაავადებაა C ჰეპატიტი, რა ჩუმი და გამანადგურებელი, ორგანიზმში შემოპარული და უსიმპტომოდ მიმდინარე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მეხივით დაგატყდება თავს და ძირს დაგცემს, და რა მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლა, თანაც უკვე - რა მარტივი, იმასთან შედარებით, რაც მათ გაიარეს! ისინი მაშინაც ავანგარდში იყვნენ და დღესაც ავანგარდში არიან - კოვიდპანდემიასთან ბრძოლის პარალელურად.

ეს ადამიანები, ბრძოლა გამოვლილები და განკურნებულები, ადამიანური კუთხით დაუდგნენ გვერდში მოსახლეობასა და ექიმებს, ჩაერთვნენ ჩ ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარდასაჭერად ელიმინაციის იმ პროგრამის, რომელსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ისინი, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, ყველასთვის გასაგები ენით, მთელი სიყვარულითა და სითბოთი უხსნიან ადამიანებს ყველაფერს C ჰეპატიტზე, მისი გადადებისა და განვითარების, აღმოჩენისა და მასთან ბრძოლის გზებზე, უკვე გავლილსა და შემდგომ გასავლელზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში მათი ჩართვა, არა მარტო ტელეეკრანებიდან ან პრესიდან, არამედ - უშუალო, სიტყვიერი კომუნიკაციით ადამიანებთან, დიდ თუ პატარა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც, შეიძლება საგანგებოდ არც მოუსმინონ ტელეგადაცემებში C ჰეპატიტზე საუბრებს, სამაგიეროდ - მათ პირისპირ მდგომებს, გამოცდილ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავლილ ადამიანებს თვალს გაუსწორებენ, ყურს დაუგდებენ და... იქნებ - დაუჯერებენ კიდეც! რეგიონებში შეხვედრებისას პაციენტთა თემების წარმომადგენლებს ახლავთ მობილური ამბულატორიაც და მოსახლეობას საშუალება აქვს, იქვე ჩაიტაროს სკრინინგი.

- კოვიდისა და ვირუსული ჰეპატიტის თანაარსებობაზეც მინდა, გავამახვილოთ ყურადღება - ფაქტობრივად, დღეს ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძვით კოვიდის და C ჰეპატიტის წინააღმდეგ. არადა, მათ შორის საინტერესო ურთიერთკავშირიც არის - თუკი კოვიდს შეუძლია ღვიძლის საგრძნობლად დაზიანება, მით უფრო - C ან სხვა ტიპის ჰეპატიტის მქონე უკვე დაზიანებული ღვიძლის მდგომარეობის მეტისმეტად გამწვავება, არსებობს ახალი დაკვირვებები, კვლევები და დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ C ჰეპატიტზე ნამკურნალებ ან მკურნალობის ფაზაში მყოფ პაციენტებს კოვიდი გაცილებით იოლად გადააქვთ. ეს ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის სკრინინგი და, მისი დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობა, სხვა მიმართულებითაც უმნიშვნელოვანესი ხდება. ხომ არ ვცდები?

- ნამდვილად არ ცდებით. უკვე ძალიან ბევრი მაგალითია და ამგვარი სტატისტიკაც არსებობს. ორივე ინფექციის შემთხვევაში ადამიანები ებრძვიან უხილავ მტერს, თანაც - ძალიან ვერაგს და ზარალდება ყველა - თითოეული ჩვენგანი და - სახელმწიფო.

- კოვიდის საწინააღმდეგო აცრა უქმნის თუ არა რაიმე საფრთხეს C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს? - სრულიად სამეცნიერო საზოგადოებაში უამრავი სახის კვლევა ჩატარდა და ტარდება ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობაზე და სხვადასხვა რისკჯგუფებში მის მოქმედებაზე. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაცია არათუ უსაფრთხოა ქრონიკული დაავადებების, მათ შორის - C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის, არამედ - პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და კოვიდისგან დაიცვან ღვიძლი, რადგან თუკი არ იციან და ეს უკანასკნელი დაზიანებულია, ვთქვათ, C ჰეპატიტით და არ არის ნამკურნალები, დიდი შანსია, სწორედ C ჰეპატიტი გახდეს კოვიდის გართულების მიზეზი. ფაქტობრივად, მარტო ჩვენ კი არა, უკვე უამრავ ადამიანს უხდება ბრძოლა ორ და მეტ ფრონტზეც. არადა, დღეისთვის ამ დაავადებებთან ბრძოლის საშუალება - აბებით C ჰეპატიტის წინააღმდეგ და ვაქცინაციით კოვიდის წინააღმდეგ, უკვე საქართველოს ყველა კუთხეში, სოფლებშიც კი, ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო, მთავარია, ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენო, რადგან... "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!" - პაციენტთა თემის პროექტის სლოგანად ტყუილად არ ავირჩიეთ ეს ფრაზა, მაგრამ საქმე ის არის, რომ, C ჰეპატიტის მსგავსად, არ იცდის კოვიდიც!

ირმა ხარშილაძე ჟურნალი "გზა"